"საფარის" საქმეები

ხვალ საფარი პრესკონფერენციას გამართავს – პროკურატურა არასრულწლოვანთა დაზარალებულად ცნობას შეგნებულად აჭიანურებს

ხვალ, 4 მარტს, ხუთშაბათს, 13.00-ზე, საფარი (აკაკი გახოკიძის ქ. 11ა) გამართავს პრესკონფერენციას, პროკურატურის მიერ არასრულწლოვანთა დაზარალებულად ცნობის შეგნებულად გაჭიანურების საკითხზე.

კავშირი „საფარი“ იცავს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ნ. და ნ. ს.-ების ინტერესებს. 2016 წლიდან, ბავშვებზე ძალადობდა მამა ნ. ს., თუმცა მან, დანაშაულის თავიდან არიდების მიზნით, ცრუ დასმენით, ბავშვებზე ძალადობაზე მათ დედას უჩივლა, რომელიც ამ ცრუ  ბრალდებებით დღემდე სასჯელს იხდის.

მას შემდეგ, რაც არასრულწლოვნები ნეიტრალურ სივრცეში, მინდობით  აღმზრდელთან გადაიყვანეს, მათ სიმართლე აღიარეს და განაცხადეს, რომ დედისთვის სასტიკი დანაშაულის დაბრალებას მათ მამა აიძულებდა.

ასევე, არსებობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ ბავშვები არ განიცდიდნენ ფსიქიკურ ტანჯვას დედისგან, ხოლო მამისგან იყვნენ ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ.

2020 წელს არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ მამის, ნ. ს-ის მიერ განხორციელებულ სისტემატიურ ძალადობაზე, მამის აღიარების საფუძველზე, თბილისის საქალაქო  სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა; ორგანიზაცია „საფარის“ არაერთი  მიმართვის  მიუხედავად, პროკურატურის მიერ საქმე სასამართლოში წაღებულ იქნა მხოლოდ სისხლის სამართლის 11  126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ოჯახური ძალადობა).

„საფარმა“ მიმართა  შუამდგომლობით, დაზარალებული ბავშვებისა და საქმეში  შეკრებილი არაერთი მტკიცებულების საფუძველზე, გამოძიება ეწარმოებინათ და საქმე სასამართლოში  წარმართულიყო როგორც ძალადობის, ასევე – სისხლის სამართლის კოდექსის 372  მუხლის 2 ნაწილით (ჩვენების მიცემის იძულება).

საფარის თხოვნა არ  დაკმაყოფილდა, საქმე პროკურატურამ მხოლოდ გამოყო და გაურკვეველი დროით თაროზე  შემოდო;

არასრულწლოვან ნ. და ნ. ს.-ებს გამოძიებასა და სასამართლოში არაერთხელ დასჭირდათ ჩვენების მიცემა. ამიტომ, ორივე მუხლით საქმის ერთად წარმართვა უპირველესად ემსახურებოდა ბავშვების საუკეთესო ინტერესებს და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებას.

2020 წლიდან დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ საფარის მიერ ათეულობით საჩივარი იქნა წარდგენილი როგორც ზემდგომ პროკურორთან, ასევე მთავარ პროკურატურაში, საქმეზე არანაირი  წინსვლა და საგამოძიებო მქომედებები არ  მიმდინარეობს; საქმის ზედამხედველი პროკურორის თორნიკე ტყაბლაძის მიმართ შუამდგომლობის მიუხედავად, მათი მხრიდან არ  იქნა მიღებული დადგენილება არასრუწლოვანი ბავშვების დაზარალებულად ცნობის შესახებ.

საფარი დაუყოვნებლივ ითხოვს, პროკურატურამ დაზარალებულად ცნოს ნ. და ნ. ს.-ები, ასევე გამოიტანოს დადგენილება ბრალდების შესახებ მამის – ნ. ს.-ის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით.

ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი ბავშვების საქმეს სახალხო დამცველი შეისწავლის.