"საფარის" აქტივობები

ხვალ საფარი პრესკონფერენციას გამართავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მარიკა წივწივაძის საქმესთან დაკავშირებით

ხვალ, პარასკევს, 9 ივლისს, 13.00-ზე, ორგანიზაცია საფარი პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც საუბარი იქნება მარიკა წივწივაძის გახმაურებულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე.

2021 წლის 8 ივლისს,  საქმეზე “თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ”, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლებისა და დისკრიმინაციის ამკრძალავი მუხლების დარღვევა (მე-2 და მე-14 მუხლები).

მარიკა წივწივაძეზე ყოფილი მეუღლე გამუდმებით ძალადობდა, რასთან დაკავშირებითაც პოლიციას სულ მცირე 11-ჯერ მიმართეს მარიკამ და მისმა დედამ. თუმცა, სამართალდამცავმა ორგანოებმა არანაირი ზომები არ მიიღეს მის დასაცავად, რაც საბოლოოდ სავალალოდ – მარიკას მკვლელობით – დასრულდა. უფრო მეტიც: სახელმწიფომ არც პოლიციელების უმოქმედობის გამოძიება უზრუნველყო.

სახელმწიფოს ეს ორმაგი კრახი, სასამართლოს თანახმად, გამომდინარეობდა სახელმწიფოს მიერ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის პრობლემის არასაკმარისად აღიარებიდან.

პრესკონფერენციაზე ევროპული სასამართლოს მოცემულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრებენ საფარის იურისტი ნათია გამხიტაშვილი და ბაია პატარაია.