"საფარის" აქტივობები

ხვალ „საფარში“ პრესკონფერენცია გაიმართება

ხვალ, 10 ივლისს, 12:00-ზე, კავშირი “საფარის” ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია ელენე ბლაგოდარნაიას საქმესთან დაკავშირებით.

ამა წლის 31 მაისს, მოქმედმა პოლიციელმა დაჭრა საკუთარი პარტნიორი ქალი და მოკლა ქალის ყოფილი მეუღლე. პრესკონფერენციაზე ისაუბრებს თავად მსხვერპლი – ელენე ბლაგოდარნაია, მისი ადვოკატი ელისო რუხაძე და ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბაია პატარაია. ინციდენტი სრულად ასახულია პატრულის სამხრე კამერაზე და ჩვენთვის ცნობილი გახდა დანაშაულის სხვა დეტალების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ელენე ბლაგოდარნაიამ ჯერ კიდევ 2017 წელს განაცხადა გენ-ისნპექციასა და პოლიციაში, რომ იყო ოჯახში ძალადობისა და მუქარის მსხვერპლი პოლიციის თანამშრომლის ა. ჯინჭველაშვილის მხრიდან. მაშინ, პოლიციის თანამშრომლის წინააღმდეგ გამოძიება არ დაწყებულა და მას მხოლოდ შემაკავებელი ორდერი ამოუწერეს.

31 მაისს, ჯინჭველაშვილმა ელენეს ბინაში შეაღწია საპატრულო  პოლიციის დახმარებით. პატრულ-ინსპექტორებმა ლ. ვარდოსანიძემ და კ. ხვედელიძემ სამსახურებრივი  გულგრილობა გამოიჩინეს და შეიარაღებული მოძალადე არ მოარიდეს მსხვერპლს. მათ არ  მიიღეს  არანაირი  ზომები  მსხვერპლის დაცვის მიზნით. შედეგად, მოძალადე პოლიციელმა  დაჭრა ელენე  ბლაგოდარნაია, ხოლო  5-6  წამის  შემდეგ, ელენეს ყოფილ მეუღლეს მამუკა გაგნიძეს  მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები.

თვეზე მეტია, მთავარი პროკურორის სახელზე „საფარს“ ელენა ბრაგოდარნაიას სახელით შეტანილი აქვს საჩივარი, სადაც ვითხოვთ ინციდენტის დროს ადგილზე მყოფი პატრულის თანამშრომლების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას. გამოძიება დღემდე არ დაწყებულა. “საფარი” აპირებს სარჩელის შეტანას შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ.