ბლოგები / პოლიტიკაshe

ხომ შეუძლიათ ქალებს პოლიტიკური მონაწილეობა?

ესმა გუმბერიძის ბლოგი

ზუსტად ერთი საუკუნის წინ, აშშ–სა და ევროპაში ქალები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გააფთრებით იბრძოდნენ თუნდაც აქტიური საარჩევნო უფლების (ანუ ხმის მიცემის უფლების) მოსაპოვებლად, მაშინ როცა 1918–21 წლების დამოუკიდებელ საქართველოში, ქალებს ჰქონდათ არა მხოლოდ აქტიური, არამედ პასიური საარჩევნო უფლებაც, ანუ შეეძლოთ კენჭისყრაში ასარჩევ კანდიდატებადაც მონაწილეობა. ამას ადასტურებს საქართველოს იმდროინდელ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის 5 წევრი ქალის არსებობაც. დღეს, ქალთა მონაწილეობას პოლიტიკურ ცხოვრებაში მამაკაცებთან თანასწორ საფუძვლებზე სამართლებრივად უზრუნველყოფს როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ისე საქართველოს მიერ რატიფიცირებული გაეროს ქალთა უფლებების კონვენცია, გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონი, საარჩევნო კოდექსი და სხვა სამართლებრივი აქტები, მაგრამ ამის მიუხედავად, პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად ჩართულ და მაღალ თანამდებობებზე მყოფ ქალთა რაოდენობა რატომღაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მამაკაცებისას.

ნეტავ რატომ?

ხშირად ამბობენ, რომ ქალებს პოლიტიკა უბრალოდ არ აინტერესებთ და რომ ქალებს პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა არც უნდა დავაძალოთ, თავს არ უნდა მოვახვიოთ, რადგან თვითონ არ უნდათ და თუ მოინდომებენ, არავინ უკრძალავთ. ვითომ ასე მარტივადაა საქმე?

ჩვენს ქვეყანაში გოგონები ისე იზრდებოდნენ და დღემდეც ისე ვიზრდებით, ისე გადის ჩვენი ბავშვობა და ახალგაზრდობა, რომ თითქმის ვერ ვხედავთ დამოუკიდებელ და წარმატებულ პოლიტიკოს ქალებს ჩვენს გარშემო. შესაბამისად, მისაბაძი, მამოტივირებელი და შთამაგონებელი მაგალითი გვყავს ძალიან ცოტა. იმ პოლიტიკოს ქალებზეც, რომლებსაც ვხედავთ და ვიცნობთ, ბავშვობიდანვე გვესმის, რომ მათი წარმატება მათი დამსახურება არ არის; რომ გავლენიანმა მამაკაცებმა „მფარველობა“ გაუწიეს და წინ წაწიეს; რომ თავად ისინი არაფერს წარმოადგენენ და ჩვენც რომ გვყავდეს ასეთი პატრონი, სხვა ამბავი იქნებოდა. მერე უფროსები, როგორც ქალები, ისე მამაკაცებიც, დააყოლებენ ხოლმე, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და ქალები, „სუფთა არსებები“, ამ „სიბინძურით“ რატომ უნდა ისვრებოდნენ, მამაკაცები კი… მამაკაცები მაინც „ბინძურები“ არიან და ბინძური პოლიტიკაც მათი საქმეა. სიბინძურის არგუმენტიც გენდერულ საკითხებში ზოგადად ხომ იმისთვის არსებობს, ქალებს საზოგადოების მიერ მათთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ძალიან რომ არ ეწყინოთ. ქალის „სისუფთავე/სიწმინდე“ თითქოს ერთგვარი კომპენსაციაა, გამართლებაა, რადგან შეზღუდვებიც სწორედ ამ „სიწმინდის“ გამო უწესდებათ: ქალი ამ ყველაფერზე მაღლა დგას; მას ეს მიწიერი რაღაცები არც ეკადრება და არც ეხება. თან, ვითომდა რაღაც უპირატესობაც არის ქალის ეს სისუფთავე მამაკაცებზე და ასე შემდეგ. ხშირად ისიც გვესმის, რომ, მათემატიკის, ფიზიკის, პროგრამირებისა და სხვა ტექნიკური მეცნიერებებისა არ იყოს, ქალების ტვინი არც პოლიტიკურ საქმიანობაზეა მორგებული, ქალები იმდენად ნიჭიერებიც ვერ ვყოფილვართ თურმე პოლიტიკაში.

მსგავსი გონებრივი დამუშავების შემდეგ, რომელსაც გოგონა გადის როგორც სახლში, ისე – სკოლაში, სანათესაოში, სამეზობლოში, სამეგობროსა თუ სხვა საზოგადოებრივ ურთიერთობებში, მას თუ მაინც მოუნდება პოლიტიკური საქმიანობა, მის შესაჩერებლად უფრო ინდივიდუალურად მასზე ორიენტირებული და პირდაპირი საზოგადოებრივი მექანიზმებიც ამოქმედდება. მაგალითად, ჩემს ერთ ნაცნობ გოგონას მამა პირდაპირ ეუბნებოდა, რომ პოლიტიკის ნაცვლად ჟურნალისტიკა აერჩია, რადგან პოლიტიკური კარიერის შემთხვევაში, მას ოჯახის შექმნა გაუჭირდებოდა, პირადი ცხოვრება ვერ ექნებოდა და, შესაბამისად, ვერც ბედნიერი გახდებოდა დატვირთვის, დროის ნაკლებობის, პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების, ხასიათის „გაფუჭებისა“ და სხვა მიზეზების გამო. ხასიათის „გაფუჭებაში“, როგორც წესი, გულისხმობენ, რომ ქალი უფრო თავდაჯერებული და დამოუკიდებლად მოაზროვნე ხდება, რაც მას გაურთულებს, იყოს მეუღლის მორჩილი და დამჯერი. არადა, ჟურნალისტმაც შეიძლება, სარისკო და დატვირთული საქმიანობის სფერო აირჩიოს და მასაც შეიძლება, არ ჰქონდეს პირადი ცხოვრებისთვის ბევრი დრო. ჟურნალისტმაც შეიძლება, აირჩიოს ცხელ წერტილში, კონფლიქტურ ან სტიქიის ზონაში მუშაობა და ეს პოლიტიკაზე უფრო სარისკო და „ხასიათის შემცვლელიც“ შეიძლება, იყოს, მაგრამ როცა გოგონებს ჟურნალისტიკაში ურჩევენ წასვლას პოლიტიკის მაგივრად, ამაზე არ ფიქრობენ, რა თქმა უნდა. მაგრამ ვგრძნობ, რომ ბლოგის თემას ვუხვევ. თუკი გოგონა ამ ყველაფრის მიუხედავად ჩაერთვება პოლიტიკურ საქმიანობაში, მას ორმაგი შრომა მოუწევს, რადგან მისი ამომრჩეველი საზოგადოება ქალისგან მოითხოვს, რომ მან პოლიტიკურ საქმიანობასთან ერთად ოჯახსაც მიხედოს/მოემსახუროს, შვილებიც აღზარდოს, მათ მოუაროს, დრო და ენერგია დაუთმოს, რაც მამაკაცებს არ მოეთხოვებათ. სამუშაო დღის შემდეგ, ქალი სახლში უნდა დაბრუნდეს, მამაკაცები კი ამ დროს რესტორნებსა და სხვა არაფორმალურ და გასართობ გარემოში გადაინაცვლებენ ხოლმე, სადაც ასევე განიხილავენ პოლიტიკურ საკითხებს. სწორედ ასეთი არაფორმალური შეხვედრების დროს მიიღება გადაწყვეტილებათა უმრავლესობა, ქალები კი ამ დროს ოჯახს უტრიალებენ, შესაბამისად გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც ვერ მონაწილეობენ, ვერ ახდენენ მასზე გავლენას.

ქალებს ამომრჩევლის გულის მოგებაც უფრო უჭირთ მამაკაცებთან შედარებით. იმ სტანდარტულ მოთხოვნებთან ერთად, რომლებსაც საზოგადოება პოლიტიკოს მამაკაცებს უყენებს, ქალ კანდიდატებს უწევთ გენდერულ როლებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილებაც. ქალისგან უფრო აქტიურად მოითხოვენ, რომ იყოს დაოჯახებული, ჰყავდეს შვილები, არ იყოს განქორწინებული, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ნდობას არ უცხადებენ. ქალ კანდიდატსა თუ უკვე თანამდებობის პირს ასევე აკრიტიკებენ ისეთი გარეგნული თვისებების გამო, მამაკაცის შემთხვევაში ყურადღება საერთოდ რომ არ ექცევა. ქალი ან ზედმეტად მსუქანია, ან – ძალიან დაბალი და სუსტი; სახეზე მუწუკები რატომ აქვს; როგორი უფერულია; თავს არ უვლის, მაკიაჟს არ იკეთებს ან, პირიქით, ზედმეტად აქტიურად იკეთებს; მეორედ რატომაა დაქორწინებული და ა.შ. მამაჩემმა, თინა ხიდაშელი პარლამენტის წევრად რომ აირჩიეს თავის დროზე, პირველ რიგში მისი იდეოლოგიურ–პოლიტიკური პროგრამის შეფასება კი არ დაიწყო, არამედ გააკრიტიკა სიგარეტის მოწევის გამო (მავნე ჩვევა, რომელიც ნორმად აღიქმება და აბსოლუტურად მისაღებია მამაკაცი პოლიტიკოსების შემთხვევაში, ისევე როგორც განქორწინება ან მეორე ქორწინება არ წარმოადგენს მამაკაცისთვის ბარიერს პოლიტიკურ საქმიანობაში). აქვე კიდევ ერთხელ ოდნავ გადავუხვევ თემას და მოვყვები, რომ ერთხელ საუბრისას, მამამ ერთ–ერთ ოჯახზე თქვა, რომ ის ერთადერთი შვილი ჰყავდათ (ბიჭს გულისხმობდა). ცოტა ხანში კი საუბრიდან გამოიკვეთა, რომ იმ ბიჭს დაც ჰყავდა, ანუ ოჯახში მეორე შვილიც იყო. კი მაგრამ, გოგოც ხომ შვილიაო, რომ შევახსენეთ, ჰო, გოგოც ჰყავთო – კი დაგვიდასტურა, მაგრამ უი, ორი შვილი ჰყავთ ხო, ანუ და ერთი ბიჭი, ამის თქმა მინდოდაო, – მაინც არ გამოასწორა. და ყოველივე ეს იმის მიუხედავად, რომ მე, გოგონა, მისი ერთადერთი შვილი ვარ.

და ბოლოს, ხშირად, პირველ რიგში თვითონ ქალები ეწინააღმდეგებიან ქალთა გააქტიურებას პოლიტიკაში უფრო მეტად, ვიდრე – მამაკაცები. ერთ–ერთი გამოკითხვის თანახმად, უფრო მეტმა ქალმა უარყოფითად შეაფასა პარლამენტში ქალთა კვოტირებისა და ზოგადად კანდიდატი ქალისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა, ვიდრე – მამაკაცმა. კი მაგრამ, პირველ რიგში თვითონ ქალებმა არ უნდა გაუწიონ ერთმანეთს სოლიდარობა?

აქ ორი ფაქტორი იკვეთება. ამომრჩეველი ქალების შემთხვევაში ეს შეიძლება, იყოს ერთგვარი შური, აღშფოთება იმით, რომ ვიღაც შენი მსგავსი აკეთებს იმას, რაც შენ არასდროს გიცდია, არასდროს გაგიბედავს, რაზეც არასდროს გქონია ამბიცია. ადამიანისთვის ხომ ყოველთვის უფრო მარტივი და მისაღებია, იფიქროს, რომ ის რაღაცას ვერ აღწევს მისგან დამოუკიდებელი, დიდი, გლობალური, მიზეზების გამო და არა – პირადი უნარების ნაკლებობის გამო, და რომ ყველა მის მსგავსს ერთნაირად უჭირს, ერთნაირად არ შეუძლია. როცა იცი, რომ შენი გენდერის გამო ვერ ერთვები პოლიტიკაში, ერთგვარად მშვიდდები. გგონია, რომ შეიძლება, იმ მამაკაცებზე უფრო ყოჩაღიც ხარ, უბრალოდ ამის წარმოჩენის საშუალება არ გაქვს, ისევე როგორც არც ერთ სხვა ქალს და არც გინდა, რადგან ქალისთვის ყველაზე დიდი და ერთადერთი ბედნიერება და თვითრეალიზების საშუალებაა, ჰყავდეს 37 შვილი. აი როცა კი ხედავ, რომ სხვა ქალები წარმატებით ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას, შენ კი – არა, ეს ნიშნავს, რომ ზოგადად ქალებს შეუძლიათ ამის კეთება, უბრალოდ შენ არ აკეთებ, ინიციატივის ნაკლებობისა თუ სხვა პიროვნული მიზეზების გამო. ამის გაცნობიერება კი ძალიან უსიამოვნოა. პოლიტიკაში უკვე მოღვაწე ქალები კი შეიძლება ეწინააღმდეგებოდნენ ქალთა გასააქტიურებლად პოზიტიური ღონისძიებების გატარებას (მაგ. კვოტირებას) კარიერული ეგოიზმის გამო, იმის შიშით, რომ წამახალისებელი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარების შედეგად მრავალი ქალი დაინტერესდება პოლიტიკური საქმიანობით; პოლიტიკოსი და თანამდებობის პირი ქალები აღარ იქნებიან ისეთი იშვიათობა, გამონაკლისი, რომლებსაც ყველა ამჩნევს და იცნობს თუნდაც მხოლოდ მათი გენდერის გამო, შესაბამისად, შეიქმნება კონკურენცია ქალ პოლიტიკოსთა შორის, რომელშიც მათ მოუწევთ ჩართვა და თავიანთი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება, რაც ზედმეტ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. ამისთვის ენერგიის დახარჯვა კი, პოლიტიკაში უკვე მოწყობილ ქალებს ხშირ შემთხვევაში აღარ სურთ.

ყოველივე ეს კი გვიჩვენებს, რომ საკანონმდებლო აკრძალვების არარსებობა თავისთავად არ ნიშნავს და არ გულისხმობს, რომ ქალს მამაკაცთან თანასწორად შეუძლია ნებისმიერ დროსა და ადგილას პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა და მხოლოდ საკანონმდებლო აკრძალვების გაუქმება ქალთა გაძლიერებისთვის საკმარისი არ არის.