თანასწორობის პოლიტიკა / ლგბტქი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ტრანსგენდერობა ფსიქიკური აშლილობების ჩამონათვალიდან ამოიღო

ამა წლის 18 ივნისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ჟენევაში დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) სულ ბოლო, მე-11 ვარიანტი, ICD-11 გამოუშვა.

ICD დაავადებათა სტატისტიკური კოდირებაა, რომელიც 55.000 უნიკალურ კოდს შეიცავს. ეს კოდები აღიარებულია მსოფლიო სამედიცინო პროფესიონალების მიერ და ასევე ფართოდ გამოიყენება დაზღვევის, მონაცემთა ბაზების სისტემებში, ჯანდაცვის ეროვნული და საერთაშორისო სახელმძღვანელოებში და სხვ.

დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის ახალ რედაქციაში, ტრანსგენდერობა ფსიქიკური დაავადებების სიიდან ამოღებულია.

დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მეათე გამოცემაში, ბლოკი, რომელშიც სქესობრივი იდენტობის აშლილობაა აღწერილი (მაგალითად, „ტრანსსექსუალიზმი“ და „ტრანსვესტიზმი“), ფსიქიკურ და ქცევით აშლილობებს ეძღვნება. ახალი კლასიფიკაციის თანახმად, ეს საკითხები ახლა უკვე ადამიანის სექსუალურ ჯანმრთელობას უკავშირდება.

დაავადებათა მოქმედი კლასიფიკაციის მიხედვით, გენდერული დისფორია (გენდერული იდენტობის აშლილობა) – მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანს არ შეუძლია საკუთარი გენდერული სტატუსის მიღება და ამავდროულად ფსიქიკურ ზეწოლას განიცდის, რადგან საკუთარი პერსონის მისეული აღქმა და ქცევა არ ემთხვევა იმას, რასაც მისგან საზოგადოებაში ელიან. დამატებით სტრესს იწვევს ის დისკრიმინაცია, რასაც ტრანსგენდერი ადამიანები საზოგადოებაში აწყდებიან.

„კიდევ ერთი ახალი თავი სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ ამიერიდან გააერთიანებს იმ აშლილობებს, რომელიც ადრე სხვაგვარად იყო კლასიფიცირებული ან აღწერილი. მაგალითად, გენდერული შეუსაბამობა (დისფორია) ადრე ფსიქიკურ აშლილობად იყო კლასიფიცირებული“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

ასევე, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის ახალ გამოცემაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტებმა კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება ფსიქიკურ აშლილობად გამოაცხადეს. მისი დიაგნოზი მაშინ ისმება, თუ ადამიანი წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე რეალურ ცხოვრებას ვირტუალურ რეალობას ამჯობინებს და მას მსხვერპლად პირად, ოჯახურ და სოციალურ ცხოვრებას სწირავს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციას 1948 წლიდან პერიოდულად ცვლის. ამჟამად მოქმედებს მეათე გამოცემა. 2019 წლის მაისში დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მეთერთმეტე გამოცემას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე წარადგენენ, ახალი რედაქცია ძალაში 2022 წლის 1 იანვრიდან შევა.