თანასწორობის პოლიტიკა

ჯასტინ ტრიუდო დავოსის ფორუმზე გენდერული და სოციალური თანასწორობის მხარდამჭერი გზავნილებით წარსდგა

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ, დონალდ ტრამპის დაგეგმილ გამოსვლას რამდენიმე დღით დაასწრო და  გენდერული და სოციალური თანასწორობის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

2018 წლის 1 იანვრიდან, კანადა G7-ის თავმჯომარეა – შვიდი სამრეწველო ქვეყნის გაერთიანების, რომელშიც, აშშ-ის და კანადის გარდა, შედიან გერმანია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია. ტრიუდოს თქმით, ყველა იმ საქმეში, რომელსაც წელს G7 განახორციელებს, გენდერული თანასწორობა პრიორიტეტი იქნება.

ტრიუდომ გენდერულად დაბალანსებული მინისტრთა კაბინეტი შექმნა. გარდა ამისა, იგი აქტიურად უჭერს მხარს როგორც სოციალურ ქსელებში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიებს, ასევე – აშშ-ის ქალაქებში ქალთა უფლებების მხარდამჭერ მანიფესტაციებს, სადაც ტრამპის აქტიური კრიტიკა ჟღერს.

„დრო იცვლება და სექსუალური შევიწროება, მაგალითად, ბიზნესსა და მთავრობაში უკვე სისტემურ პრობლემად იდენტიფიცირდება, და ეს მიუღებელია“, – განაცხადა კანადის პრემიერმა.

გარდა ამისა, მან მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, არ დაივიწყონ „ადამიანები, რომლებიც არ იმყოფებიან და არც არასოდეს ჩამოვლენ დავოსში“. „ამ დარბაზში მყოფი ადამიანები უაღრესად დიდი პრივილეგიებით სარგებლობენ. ჩვენ საზოგადოების წინაშე ვალდებულნი ვართ, მათ კეთილდღეობაზე ვიზრუნოთ. საკუთარ თავებს უნდა ვკითხოთ: გვსურს თუ არა, ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც მდიდრები თავიანთ ანკლავებში იკეტებიან, როცა სხვები გადარჩენისთვის იბრძვიან, თუ ისეთი სამყაროს შექმნა გვინდა, რომელიც სამართლიანობის ცნებას ემყარება“, – განაცხადა მან.

ტრიუდოს გამოსვლის ეს ნაწილი ტრამპთან პოლემიკას მოიცავდა, რომელმაც 2017 წელს აშშ-ის ისტორიაში უმსხვილეს საგადასახადო რეფორმას მოაწერა ხელი. რეფორმამ კორპორაციებს გადასახადები შეუმცირა.

ბევრი გამომსვლელის მსგავსად, კანადის პრემიერმაც ხაზი გაუსვა დასავლეთის საზოგადოებებში დამკვიდრებულ არასტაბილურობის ტენდენციას. „ჩვენ წინაშე არსებული არეულობები შფოთვითა და შიშითაა გამოწვეული, თუ რას მოასწავებს სწრაფად ცვალებადი სამყარო დასაქმებული ადამიანებისთვის და მათი ოჯახებისთვის“, – დასძინა მან.