თანასწორობის პოლიტიკა

ჰოლივუდში ბლოკბასტერების ქალ რეჟისორებს ეძებენ

LONDON, ENGLAND - MAY 25: Thea Sharrock and Emilia Clarke attend the European film premiere "Me Before You" at The Curzon Mayfair on May 25, 2016 in London, England. (Photo by Fred Duval/FilmMagic)

კინოკომპანია 20th Century Fox-მა და ამერიკის კინოხელოვნების ინსტიტუტმა (AFI) გადაწყვიტეს, მსხვილბიუჯეტიანი ფილმების გადასაღებად ქალი რეჟისორები მოიზიდონ.

ჰოლივუდის ცნობილი სტუდია ყველა მსურველს მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღების შესაძლებლობას მისცემს მისი ცნობილი ბლოკბასტერების: the X-Men-ის, „კერკეტი კაკლის“, „უცხოს“ მსგავსად.

Fox-ის ხელმძღვანელობის თქმით, ამგვარი ნაბიჯი ნიჭიერი რეჟისორი ქალების გამოვლენას შეუწყობს ხელს. სტატისტიკის თანახმად, ბოლო რვა წლის მანძილზე გახმაურებული საკასო კინოს რეჟისორებს შორის ქალის მონაწილეობის პროცენტი მხოლოდ 4,1-ს შეადგენდა.

საქმე იმაშია, რომ ქალ რეჟისორებს, კაცებთან შედარებით, მაღალბიუჯეტიან ფილმზე მუშაობის შანსი არცთუ ისე დიდი აქვთ. ახალი კვლევის თანახმად, ჰოლივუდში 2010-2015 წლებში წალი რეჟისორის მიერ დადგმული ფილმის საშუალო ბიუჯეტი დაახლოებით 12,6 მილიონი დოლარია, მაშინ, როდესაც კაცი რეჟისორის გადაღებული ფილმების საშუალო ბიუჯეტი 34,1 მილიონს შეადგენს.

2016 წლის მაჩვენებლით, წლის 50 ყველაზე მომგებიანი ფილმის სიაში ქალი რეჟისორის დადგმული მხოლოდ 4 სურათი შევიდა: „კუნგ ფუ პანდა 3“, სადაც ერთ-ერთი რეჟისორი ჯენიფერ იუა (Jennifer Yuh), პატრისია რიგენის (Patricia Riggen) „სასწაული ზეციდან“, თეა შეროკის (Thea Sharrock) „შენთან შეხვედრამდე“ და ჯოდი ფოსტერის (Jodie Foster) „ფინანსური მონსტრი“.

კინომწარმოებელთა მიერ შემუშავებული სქემის თანახმად, ამერიკის კინოაკადემიის საუკეთესო კურსდამთავრებულებს 20th Century Fox-ის მიერ გადაღებული ცნობილი ბლოკბასტერების მოტივებზე მცირე ფილმების საკუთარი ვერსიების შემოთავაზება შეუძლიათ.

 „ქალი რეჟისორების უკმარისობა არანაირად არ უკავშირდება საქმის ერთგულების ან ტალანტის უკმარისობას. ნაწილობრივ, ეს არის წვდომისა და ფინანსების საკითხი. ჩვენ მოხარულნი ვართ, ეს შესაძლებლობა მივანიჭოთ ნიჭიერ ქალ რეჟისორებს, რომელთათვისაც ეს მომავალში კარგი გამოცდილების მომტანი იქნება“, – ამბობს 20th Century Fox-ის აღმასრულებელი დირექტორი სტეისი შნაიდერი (Stacey Snider).