ბლოგები / ლგბტქი

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის ჯიბრით გამოცხადებული ოჯახის სიწმინდის დღე

ნინო ყვირილიანი

17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომლის მიზანს ძალადობის დაგმობა წარმოადგენს, თუმცა ვფიქრობ, რომ ჰომოფობია უფრო გაუცნობიერებელ შიშთან არის დაკავშირებული, რის გამოც არ შეუძლია ადამიანს განსხვავებულის მიღება, ხოლო ძალადობა, ფსიქოლოგიური იქნება თუ ფიზიკური, ეს უკვე ჰომოფობიას ცდება – ეს არის გაცხადებილი ბოროტება.

თვითანალიზი, თვითშემეცნება ვისშიც არ დაწყებულა, კარგავს სიმშვიდეს და პირდაპირი თუ ირიბი აგრესიითა და ირონიით უსწორდება სხვებს. ამ დროს, საკუთარი შინაგანი კონფლიქტების და კომპლექსების გარეთ პროეცირებას ახდენს. ბავშვებს უნერგავენ იდეოლოგიებს, სტერეოტიპებს, იდენტობებს რელიგიური, ეროვნული თუ სექსუალური ნიშნით და ნებსით თუ უნებლიეთ, უბიძგებენ, გადაუარონ სხვას და ასე აყალიბებენ აგრესორებად.

ბავშვი, რომელიც ამის მსხვერპლია, ხშირად თვითონ ხდება მოძალადე. ეს არის ჯაჭვური ფაშიზმი, რომელიც ხშირად შენიღბულია ვაჟკაცობით. მთელი ეს იდეალები ყოველთვის კეთილშობილურად არის შეფუთული გარედან (მაგალითად, ქრისტიანობის სახელით) და ამ დროს გაუცნობიერებელ ამბიციებში არიან. ავიწყდებათ, რომ ქრისტე არის მათთან, ვინც უმრავლესობის მიერ იჩაგრება და ამას სასულიერო პირების 95 პროცენტიც ვერ იაზრებს.

დააკვირდით ვიწრო ცნობიერების ადამიანების შეძახილებს – ,,დაგელოცოს მარჯვენა,, – ასე ლოცავენ ადამიანს, ვინც სცემს, ჩაგრავს ჰომოსექსუალს – ეს არის პირდაპირ ძალადობის წახალისება და ცხადია, ასეთი კატეგორია თვითონაც მოძალადეა. ცალსახად არაჯანსაღი ფსიქიკის გამოვლინებაა და იმით ნუ დაიმშვიდებს აგრესორი თავს, რომ ის ერთია ავად, ვისაც ებრძვით. რეალურად, ირაციონალურ, ობსესიურ შიშებს ჰგავს ეს.

ძირითადად, ლატენტური ჰომოსექსუალი და განპირობებული გონების მსხვერპლია, ვინც ყველაზე მეტს ხმაურობს და ხმალამოღებული იბრძვის განახვავებული ორიენტაციის ადამიანებთან. იმდენად არის გაბრუებული ადამიანი, ვერც კი გრძნობს, რომ შინაგანად ქაოსშია.

სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პრევენციული რეაგირება. მისი სამართლებრივი უმოქმედობა ახალისებს ადამიანთა შორის უთანასწორობას და მსხვერპლი დაუცველი რჩება დისკრიმინაციის პირისპირ. ერთ დიდ ტყუილში ცხოვრობს ადამიანი, როცა გაუცნობიერებელი ჯიბრით 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღედ აცხადებს. ოჯახები, სადაც ბავშვებს გინებას ასმენინებენ განსხვავებული ადამიანების მიმართ, სადაც ბავშვებს ასწავლიან, რომ არ იმეგობრონ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებთან, ოჯახები, სადაც ბავშვის უფლებები დარღვეულია და ქალებს ქმრები ზემოდან დაჰყურებენ უპირატესობის კომპლექსით შეპყრობილები… ოჯახები, სადაც შინაგანად გაუბედურებულნი და მოჯადოებულ წრეში გახლართულები ტანჯავენ ერთმანეთს, გაუცნობიერებელი წყვილები ერთმანეთში ინვესტიციებს დებენ და ურთიერთობაში ყველაფერი გარეგან საყრდენებზეა დაშენებული… – ადამიანთა ნაწილი ამ ოჯახების ,,სიწმინდის,, დღეს აღნიშნავს დღეს.

როდესაც ინდივიდუალურად ვმუშაობ ადამიანთან და ჩემს წინ მჯდომ პაციენტს ვხედავ დეპრესიამდე, აუტოაგრესიამდე, ჩაკეტილობამდე მისულს, თუ როგორ განიცდის, რომ ვერ ავლენს რეალურ პიროვნებას, ეშინია ოჯახისგან გარიყვის, ეშინია აუზზე საცურაოდ წასვლის, არ იღებენ სამსახურში, მოუწოდებენ თავის მოკვლისკენ და ა. შ, კიდევ უფრო მიმაღლდება პასუხისმგებლობის განცდა, დავიცვა ისინი. ეს არის გმირობის ტოლფასი, როცა ჩაგრულთა მხარეს დგახარ და ამის გამო შეურაცხყოფას იტან. ადამიანთა დაყოფა, დახარისხება – ტერიტორიაშემოფარგლული და ჩაკეტილი ცნობიერების გამოვლინებაა. გახსნილი ცნობიერების ადამიანი მიმღებელია სხვა ადამიანის მიმართ, განურჩევლად ყოველგვარი იდენტობისა სქესობრივი, რელიგიური თუ ეროვნული ნიშნით. ნიღბებში და პოზებში დაკარგული ადამიანი უნდა გაშიშვლდეს საკუთარ თავთან და დაინახოს, ვინ არის ამის მიღმა სინამდვილეში. რეალობის მიღება მტკივნეულია, მაგრამ აუცილებელი ფსიქოლოგიური დაბადებისთვის.