ბლოგები / ლგბტქი / სტატიები

17 მაისი საქართველოში – ბრძოლა ჩაგვრისა და ძალმომრეობის წინააღმდეგ

1990 წლის 17 მაისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ფსიქიკური დაავადებების სიიდან ამოიღო. 17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველოში 17 მაისის აღნიშვნა განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს, რადგან ადგილობრივი გეი, ბისექსუალი, ლესბოსელი, ტრანსგენდერი, ქვიარ და ინტერსექსი ადამიანები თავიანთი იდენტობის გამო ყოველდღიურად ჩაგვრისა და ძალმომრეობის უამრავ შემთხვევას აწყდებიან.

საქართველოში ლგბტქი აქტივისტებმა 17 მაისის საჯაროდ აღნიშვნა პირველად 2012 წელს სცადეს, მაგრამ მსვლელობა, რომელიც ფილარმონიიდან თავისუფლების მეტრომდე უნდა ჩატარებულიყო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა და სხვა ექსტრემისტებმა რუსთაველის გამზირზე, მეცნიერებათა აკადემიის შენობასთან, ჩაშალეს. ფიზიკურ კონფრონტაციას დაზიანებების გარეშე არ ჩაუვლია. ზოგიერთი აქტივისტი სასულიერო პირების მიერ წაქეზებული ექსტრემისტის მძიმე ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა. დასახელებულ ქეისზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ, საქმეში “იდენტობა“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”, ხელისუფლება ადამიანის უფლებების დამრღვევად ცნო.

2013 წლის 17 მაისი წინასწარ რამდენიმე თვით ადრე დაანონსდა, რათა ხელისუფლებას მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მაქსიმალურად მეტი დრო ჰქონოდა. უსაფრთხოების თაობაზე მოლაპარაკებების წარმოებისას, ხელისუფლების მხრიდან უსაფრთხოების სრული გარანტიის პირობა 17 მაისის დილიდანვე დაირღვა: წინა დღით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მოწოდების შედეგად, რუსთაველის გამზირის მთელი პერიმეტრი რელიგიურმა ექსტრემისტებმა იგდეს ხელთ. დაკავებული აღმოჩნდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი 20-წუთიანი მდუმარე აქცია-ფლეშმობი უნდა გამართულიყო. დანიშნული აქციის დაწყებიდან ცოტა ხნით ადრე, ხელისუფლებამ აქტივისტებს აქციის ალტერნატიულ ადგილას ჩატარება შესთავაზა, რაზეც მათგან თანხმობა მიიღო. თუმცა, აქციის მონაწილეთათვის არც ალტერნატიული ადგილი – პუშკინის სკვერი აღმოჩნდა უსაფრთხო – მეტრო თავისუფლებასთან პოლიციის მიერ აღმართული ბუტაფორიული კორდონი ადვილად გაირღვა და სასულიერო პირების მიერ მართული მრავალი ათასი ადამიანი ლგბტქი აქტივისტების ფიზიკურად გასანადგურებლად დაიძრა. თავისუფლების მოედანზე ხელისუფლებას აქციის მონაწილეების საევაკუაციოდ ყვითელი ავტობუსები ჰყავდა მობილიზებული. იქ მყოფმა აქტივისტებმა ავტობუსების საშუალებით სასწაულებრივად გაასწრეს მათ ფიზიკურად გასანადგურებლად მომართული კონტრაქციის მონაწილეებს, თუმცა ნაკლებად გაუმართლათ ვაჩნაძის ქუჩაზე მყოფ აქტივისტებს. მათ გამძვინვარებული ადამიანების აგრესია იმ დღეს საკუთარ თავზე იწვნიეს: ის მიკროავტობუსი, რომელშიც ისინი ისხდნენ, კონტრაქციის მონაწილეებმა მთლიანად ჩალეწეს და გაანადგურეს. მიკროაბტობუსში მყოფმა ადამიანებმა სხეულის დაზიანებები და მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი მიიღეს.

მას შემდეგ, 2013 წლის 17 მაისი ქვეყანაში ეკლესიის სახელით განხორციელებული ძალადობისა და ხელისუფლების უუნარობის სიმბოლო გახდა.

გასული წლის სავალალო გამოცდილების გათვალიწინებით, 2014 წლის 17 მაისს ლგბტქი აქტივისტებმა საჯარო აქციის გამართვისგან თავი შეიკავეს, რადგან არ არსებობდა არც ერთი წინაპირობა იმისა, რომ წინა წლის კოშმარი კვლავ არ განმეორებულიყო. მდგომარეობას მით უფრო უკონტროლოს ხდიდა ის ფაქტორი, რომ პატრიარქმა 17 მაისი „ოჯახის სიწმინდის დღედ“ გამოაცხადა და ამ დღეს მთელ რუსთაველის გამზირზე სადღესასწაულო-რელიგიური მსვლელობები და აქციები აკურთხა.

2015 წლის 17 მაისს, ხელისუფლებამ ლგბტქი აქტივისტებს აქციის ჩასატარებლად გარიგება შესთავაზა: რუსთაველის გამზირის ნაცვლად, ისინი ვაკეში, მრგვალი ბაღის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. მართალია, ბოლო 4 წლის მანძილზე ეს იყო პირველი 17 მაისი, სადაც ლგბტქი აქტივისტებმა ბოლოს და ბოლოს მშვიდობიანი აქციის ჩატარება შეძლეს, მაგრამ მას უარყოფითი მხარეები ჰქონდა: აქციის მონაწილეებმა იქ მოსახვედრად წინასწარი ონლაინ რეგისტრაცია და მკაცრი ვერიფიკაცია გაიარეს, რის გამოც აქციაზე მოსვლა ლგბტქი ადამიანების უმრავლესობამ ვერ შეძლო, რუსთაველის გამზირი 17 მაისს კი კვლავ ექსტრემისტების სათარეშო ასპარეზად იყო ქცეული. აქციის ჩატარების დრო და ადგილი წინასწარ საჯაროდ დაანონსებული არ ყოფილა – ორგანიზატორებმა იგი მედიას და მონაწილეებს რამდენიმე საათით ადრე შეატყობინეს. დასახელებული აქცია 2012 წლის 17 მაისის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ეძღვნებოდა, მისი მონაწილეები შავ სამოსში იყვნენ გამოწყობილნი და ცისარტყელას დროშის აღმართვაც შეზღუდული იყო. აქციის დასრულებისთანავე, აქტივისტები შეთანხმდნენ, რომ რუსთაველის გამზირზე, როგორც ქვეყნის უმთავრეს არტერიაზე, საკუთარი ხმის გაჟღერებას ადამიანის უფლებების დამცველთა მხრიდან პრინციპული მნიშვნელობა ენიჭებოდა.

შარშანდელ, 2016 წელს თან არჩევნების ციებ-ცხელება ახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ლგბტქი აქტივისტები არაერთხელ შეხვდნენ იმჟამინდელ შსს მოადგილეს არჩილ თალაკვაძეს, ამ უკანასკნელმა 17 მაისის აღნიშვნის უსაფრთხოების გარანტირების საკითხი ღიად დატოვა. ამ ფაქტორის და იმის გათვალისწინებით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის ჰომოფობიურ განწყობაზე მოთამაშე პოლიტიკოსებს სპეკულაციების მიზეზი არ მისცემოდათ, ლგბტქი აქტივისტებმა ვერც ამ 17 მაისს მოახერხეს აქციის გამართვა, თუმცა, აქტივისტების რამდენიმეკაციანმა ჯგუფმა 17 მაისის ღამით, პარტიზანულად, ქალაქის მნიშვნელოვანი ადგილები, მათ შორის საპატრიარქო, ამ დღის აღსანიშნავი სტენსილებით ააჭრელა.

წელსაც ახლოვდება 17 მაისი, და ამ თარიღთან დაკავშირებული გამოხატვის თავისუფლების პრობლემები კვლავ გადაუჭრელია. ლგბტქი საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და აქტივისტები მას ონლაინ კამპანიებით ეგებებიან.

კამპანია “ეს ქუჩა დაკავებულია!” წელსაც განახლდა და მას მთავარი მესიჯი გააჩნია: იგი პასუხია ლგბტქი ადამიანების ჩაგვრაზე, რაც მათი საჯარო სივრცეებიდან გამოდევნის ყველაზე მტკივნეულ პროცესს შეეხება. „საზოგადოებრივი სივრცე ყველას თანაბრად ეკუთვნის და არ შეიძლება, ქუჩაში გამოსვლის და თავისუფლად გადაადგილების ფუნდამენტური უფლება რომელიმე ჯგუფის პრივილეგია იყოს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ფეისბუქ გვერდი „ძალადობის წინააღმდეგ/Against Violence“ აქვეყნებს. კამპანიის ფორმატით, მასში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია, – გადაიღოს ფოტო ნებისმიერ საჯარო სივრცეში და გამოსაქვეყნებლად ფეისბუქ გვერდის ადმინისტრაციას გაუგზავნოს. ფოტოების გასავრცელებლად შესაძლებელია შემდეგი ჰეშთეგების გამოყენებაც: #ესქუჩადაკავებულია #ნუდადგებისიძულვილისმხარეს #არასიძულვილს #17მაისი.

შორენა გაბუნია