"საფარის" საქმეები / სიახლეები / ქალზე ძალადობა

9-თვიანი დამცავი ორდერი – სასამართლომ კაცს ყოფილ ცოლთან კომუნიკაცია აუკრძალა

sapari

დღეს, 3 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ კაცს 9-თვიანი დამცავი ორდერი გამოუწერა და ყოფილ ცოლთან ნებისმიერი ტიპის კომუნიკაცია აუკრძალა.

„აეკრძალა ნებისმიერ სახის კონტაქტი. მათ შორის, მის საცხოვრებელ ადგილას მიახლოება. მიახლოება ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც ეს ქალი იქნება. კომუნიკაცია როგორც სატელეფონო, ისე ინტერნეტ-საშუალებეით და მესამე პირების შუამავლობითაც კი“, – განმარტავს „საფარის“ იურისტი ნინო ანდრიაშვილი.

ქალმა დახმარების თხოვნით დაახლოებით 10 დღის წინ მოგვმართა. მისი თქმით ყოფილი ქმარი, რომელსაც სისტემატური შეურაცხყოფებისა და ზეწოლის, მათ შორის, ფიზიკური ძალადობის გამო გაშორდა, უთვალთვალებდა. ის გვიყვებოდა, რომ ყოფილმა ქმარმა ყოველთვის იცოდა სად იყო, ვისთან ერთად, რას აკეთებდა და მუდმივად მის კონტროლს ცდილობდა. ქალს მოლოდინი ჰქონდა, რომ კაცი რამეს დაუშავებდა.

ქალი მოგვიყვა, რომ ჯერ კიდევ თანაცხოვრების პერიოდში – მაშინ, როცა 4 თვის ორსული იყო – ქმარმა მისი დახრჩობა სცადა. განქორწინების შემდეგ კაცი მუდმივად აყენებდა შეურაცყოფას, ურეკავდა ქალის ოჯახის წევრებს, ნათესავებს და ახლობლებს და ყოფილ ცოლს უშვერი სიტყვებით ლანძღავდა.

მის დასაცავად ჩვენ სასამართლოს მივმართეთ და შესაბამისი ორდერსი გამოცემა მოვითხოვეთ. იურისტი ნინო ანდრიაშვილის განმარტავს, რომ დამკვიდრებული პრაქტიკით, დამცავი ორდერი 3 ან 6 თვის გამოიცემა ხოლმე. თუმცა, ამ შემთვევაში მოსამართლემ სრულად გაიზიარა ჩვენი მოთხოვნა და კაცს ორდერი კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ვადით – 9 თვით – გამოუწერეს.

„მოსამართლემ დაინახა, რომ მსხვერპლს ნამდვილად ეშინოდა ყოფილი ქმრის“, – ამბობს იურისტი.

აღსანიშნავია, რომ დამცავი ორდერამდე კაცის მიმართ შემაკავებელი ორდერიც იყო გამოცემული. ამ პერიოდში ის ყოფილ ცოლს მესამე პირების საშუალებით უკავშირდებოდა და ემუქრებოდა.