ადრეული ქორწინება

გამოფენა “ძალადობა ქორწინების სახელით”

“ქალთა მოძრაობის” ინიციატივით, იუსტიციის სახლში ფოტოგამოფენა “ძალადობა  ქორწინების სახელით” გაიხსნა. გამოფენა ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ისეთ მანკიერ ტენდენციას ეძღვნება, როგორიც არასრულწლოვანი გოგონების ქორწინებაა. ნიშანდობლივია, რომ “ქალთა მოძრაობას” ფოტოგამოფენისთვის იუსტიციის სახლის საჯარო სივრცე იუსტიციის მინისტრმა შესთავაზა.

გამოფენა თეა წულუკიანმა “ქალთა მოძრაობის” წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

“მარტი ქალთა და გოგონების თვეა და სწორედ ამ პერიოდს დავამთხვიეთ  ეს პატარა და ბევრის მთქმელი გამოფენა, რომელიც ქალთა  უფლებების  დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებმა შემოგვთავაზეს და რომელსაც პირველად თბილისის იუსტიციის სახლი უმასპინძლებს. შემდეგი ალბათ, უკვე ქუთაისი იქნება. ეს გამოფენა ეძღვნება ჩვენს გოგონებს და ყველას, ვინც მოუწოდებს იმისკენ, რომ 12, 13, 14, 15 წლის ბავშვებს გათხოვება არ აიძულონ, რადგან გოგონას აქვს განვითარების უფლება და რაც ასევე მთავარია, არჩევანის უფლება, რომ უკვე ზრდასრულ ასაკში, მას შემდეგ, რაც  განათლებას მიიღებს,  გადაწყვეტს,  ვისთან შექმნას ოჯახი”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

“ადრეული ქორწინების შესახებ ამ ფოტოგამოფენას ქალთა მოძრაობა  და იუსტიციის სახლები ერთად აკეთებენ.  ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ ეს გამოფენა მთელი საქართველოს მასშტაბით იმოგზაურებს და ყველა იუსტიციის სახლს მოივლის. ამ გამოფენის  მიზანია ცნობიერების გაზრდა იმის შესახებ,  თუ როგორი სერიოზული პრობლემაა ადრეული ქორწინება და როგორ გავრცელებულია ის საქართველოში”, – განაცხადა  გამოფენის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბაია პატარაიამ.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ქართველ ფოტოხელოვანთა (ფიქრია გოგინაშვილის, დარო სულაკაურის, ნათელა გრიგალაშვილის და სხვათა) მიერ სხვადასხვა ჟანრში შექმნილი ნამუშევრები, რომლებსაც ერთი თემატიკა – არასრულწლოვან გოგონათა იძულებით ქორწინება – აერთიანებთ. ფოტოებს ამაღელვებელი მინაწერებიც ერთვის, სადაც არასრულწლოვანების ასაკში დაქორწინებული ქალები  ნაადრევი გათხოვების უარყოფით მხარეებზე საუბრობენ.

გამოფენა მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში მთელი წლის მანძილზე იმოგზაურებს. ზოგიერთ რეგიონში გამოფენის გახსნას თავად იუსტიციის მინისტრი დაესწრება.