ქალზე ძალადობა

თურქმენეთში ქალებისთვის ახალი დრეს-კოდი დაწესდება

თურქმენეთის ხელისუფლებას ქვეყანაში მცხოვრები ქალების გარეგნობასთან დაკავშირებით ახალი მოთხოვნები აქვს, რომელიც ამჯერად სამოსსა და მაკიაჟს ეხება.

ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსვლა, პირველ რიგში, სახელწიფო ორგანიზაციების თანამშრომლებისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის არის სავალდებულო.

ამიერიდან, ქალის სამოსი უნდა იყოს გრძელი, ფარავდეს მთელს სხეულს და ეხებოდეს იატაკს. ერთადერთი, რისი გამოჩენაც დაშვებულია, – ფეხსაცმლის წვერი და ხელის თითებია.

გამოცემა Альтернативные Новости Туркменистана, ქალის სამოსში კიდევ ერთ აკრძალვაზე საუბრობს: იგი არ უნდა იყოს ტანზე მომდგარი.

„ნამდვილად ძველ დროში დავბრუნდით. 20 წლის ვარ და ისე უნდა ვიარო, როგორც ბებიაჩემი დადის? ალბათ სულ მალე ფარანჯის ტარებასაც მოგვთხოვენ!“, – ამბობს თურქმენი გოგონა.

და ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არაა: აპრილის დასაწყისში, თურქმენეთში ქალის საცურაო კოსტიუმებისა და შორტების შეტანა შეზღუდეს. გარდა ამისა, სახელმწიფო ორგანიზაციებში მომუშავე ქალებს ფრჩხილების შეღებვა და წამწამების დაგრძელება აუკრძალეს. საბაჟოზე უცერემონიოდ აკავებენ თმის საღებავისა და ხელოვნური ფრჩხილების პარტიებს.

აღსანიშნავია, რომ თურქმენეთის მთავრობამ დიდი ხანია, ქალებისთვის სპეციალური შეზღუდვები შემოიღო. 2013 წლიდან, სტუდენტ გოგონებს სადღესასწაულო ღონისძიებებზე წითელი კაბის ჩაცმა ევალებათ, ხოლო გათხოვილ და განქორწინებულ ქალებს – თმა უნდა ჰქონდეთ შეკრული. ამ წლის დასაწყისში, ქვეყანაში ქალებს საჭესთან ჯდომაც აეკრძალათ.

წყარო: azathabar.com