ამა წლის 1 აგვისტოს, საფრანგეთის პარლამენტმა მოიწონა კანონი €90-დან €750-მდე ჯარიმის შემოღებაზე ქუჩაში სექსუალური შევიწროებისთვის, მათ შორის სიტყვიერი რეპლიკებისთვის. ასევე, ახალ კანონში დაზუსტებულია ბავშვის გაუპატიურებასთან დაკავშირებული საკითხები.
ასეთი მკაცრი ზომების დაჩქარებით მიღება პარიზში მომხდარ ინციდენტს მოჰყვა, როდესაც გამვლელმა გოგონამ ქუჩაში ბილწი რეპლიკების მომძახებელს უხეშად უპასუხა. ამის შემდეგ, მოძალადე გოგონას მიეჭრა და სახეში ჩაარტყა.
ახალდამტკიცებული კანონი კრძალავს სექსუალური და სექსისტური ხასიათის კომენტარებსა და ქცევას, რომელიც ამცირებს, შეურაცხყოფს და მტრულ გარემოს უქმნის მსვერპლს.
გენდერული თანასწორობის საკითხების მინისტრის მარლენ შიაპას თქმით, “აუცილებელია მკაფიო სოციალური აკრძალვის დაწესება და კონფლიქტის ესკალაციის სათავეშივე მოთშობა”.
შიაპამ ხაზი გაუსვა, რომ კანონი ვრცელდება სიტყვიერ შევიწროებაზეც.
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის მიერ დამტკიცებულ კანონში, კლასიფიცირებულია ბავშვის გაუპატიურების დეტალებიც. მაგალითად, ზრდასრული ასაკის მქონე ადამიანსა და 15 წლამდე ასაკის პირს შორის სექსუალური ურთიერთობა გაუპატიურებად კლასიფიცირდა, რომელიც “მოწყვლადობის ბოროტად გამოყენებით” შეფასდა, რადგან, ამ შემთვევაში, მსხვერპლს თანხმობის შესაძლებლობა არ გააჩნია. მოსამართლემ უნდა დაადგინოს, შეუძლია თუ არა ბავშვს სექსუალური თანხმობა.
არსებული კანონის გადახედვა ახლახან განხილულ საქმეებს მოჰყვა, რომლებმაც საზოგადოებრივი აღშფოთება გამოიწვია. ორივე შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ კაცები, რომლებსაც სექსი ჰქონდათ 11 წლის გოგონებთან, ვერ დაისჯებოდნენ გაუპატიურების მუხლით, რადგან საქმეში ვერ მტკიცდებოდა, რომ იძულებას ჰქონდა ადგილი.
კანონპროექტი ასევე ახანგრძლივებს სარჩელის ხანდაზმულობის ვადას სექსუალური დანაშაულებისას, რაც დამნაშავის დევნას 20-ის ნაცვლად 30 წლის მანძილზე გულისხმობს, მას შემდეგ, რაც სავარაუდო მსხვერპლს 18 წელი შეუსრულდება.
დასახელებული ცვლილებები კანონში ემანუელ მაკრონის მთავრობის მუშაობის შედეგია, ნაცვლად სექტემბრისა მისი აგვისტოში მიღება კი ზემოთხსენებულმა ინციდენტებმა დააჩქარა.