გუშინ, 9 ოქტომბერს, თითქმის 2-წლიანი სამართლებრივი ბრძოლის შედეგად, პროკურატურამ დააკმაყოფილა “საფარის“ მოთხოვნა, ნანა გოგალაძის და მისი არასრულწლოვანი შვილების დაზარალებულად ცნობის თაობაზე.
„საფარი“ ნანა გოგალაძის ინტერესებს 2018 წლის 6 თებერვლიდან იცავს.
მოძალადე კ. შ-მ, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, ნანა გოგალაძეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, გაუსწორდა მას ფიზიკურად, შემდეგ კი ხელები წაუჭირა და ახრჩობდა.
ნანა გოგალაძის შვილმა, მცირეწლოვანმა გიორგი აფციაურმა საშველად მოუხმო მეზობელს და ამით, დედა სიკვდილს გადაარჩინა. მოძალადისგან მსხვერპლი მეზობელმა დაიხსნა, რის შემდეგაც, 2018 წლის 1 იანვარს, დილის 3 საათზე, მსხვერპლმა 112-ში დარეკა და ოჯახური კონფლიქტის გამო დახმარება ითხოვა. დარეკვის დროს, მას მოძალადე დაადგა თავზე, რის გამოც, შეშინებულმა ნანამ ტელეფონი გათიშა.
კ. შ. უარესად გაღიზიანდა იმის გამო, რომ მსხვერპლმა 112-ში დარეკვა სცადა; შურისძიების მიზნით, იგი კვლავ მიუახლოვდა ნანას, კვლავ სწვდა ყელში და ძლიერად დააჭირა მუხლი ყელზე. დახრჩობისგან თავის დაღწევის მიზნით, ნანა გოგალაძემ მოძალადეს ხელი კრა, რა დროსაც ეს უკანასკნელი ინერციით მისგან ზურგით შებრუნდა და წაბარბაცდა. ნანა გოგალაძემ მარცხენა ხელით (ვინაიდან არის ცაცია) აიღო იქვე დადებული სამზარეულოს დანა და ზურგის არეში ჩაარტყა კ. შ-ს.
ამის შემდეგ, მოძალადე კ. შ. არ ელოდება პოლიციას, ტოვებს შემთხვევის ადგილს და მიდის გაურკვეველი მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე 45 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა, რამაც, თავისი გავლენა იქონია მოვლენების განვითარებაზე.
გამოძიებამ იმ ძალადობრივი ქმედებების არანაირი შეფასება და ანალიზი არ გააკეთა, რომელიც დაჭრის ფაქტს უძღოდა წინ. მან არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ნანა გოგალაძე ამ ინციდენტისას თავად იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და პოლიციის დახმარებას ითხოვდა.
2018 წლის 26 თებერვალს, საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, თუმცა, ორგანიზაცია „საფარის“ ჩართვამდე, გამოძიებას არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია.
2018 წლის 14 სექტემბერს, ნანა გოგალაძეს კ. შ-მ მცირეწლოვანი შვილების თვალწინ კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ღამის საათებში, იგი მცირეწლოვან შვილებთან ერთად გარეთ გამოაგდო. მოძალადემ მსხვერპლს მისი კუთვნილი ტელეფონი წაართვა, ხოლო ბავშვებს ახალი სასწავლო წლისათვის ნაყიდი ტანისამოსი და ფეხსაცმელი დაუჭრა. ნანა გოგალაძემ საპატრულო პოლიცია მეზობლის კუთვნილი ტელეფონის მეშვეობით გამოიძახა.
მომხდარი ინციდენტი განსაკუთრებით სტრესული იყო ნანა გოგალაძის არასრულწლოვანი შვილებისთვის. მისი კუთვნილი ტანსაცმლის დაზიანების გამო, ნანას ერთ-ერთი შვილი გიორგი აფციაური ცუდად გახდა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა.
შემთხვევის ადგილას მოსულმა საპატრულო პოლიციამ მხოლოდ შემაკავებელი ორდერი გამოიყენა, რაც მოძალადის შესაკავებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ის დაემუქრა მსხვერპლს, რომ თუ პოლიციას შეატყობინებდა მის მიერ განხორციელებული ძალადობის თაობაზე, აუცილებლად მოკლავდა, შვილებს კი „გაუმწარებდა“, და თუ ამას თავად ვერ შეძლებდა, მესამე პირების მეშვეობით განახორციელებდა მსხვერპლზე ანგარიშსწორებას.
„საფარმა“ რამდენიმეჯერ მიმართა მთავარ პროკურორს, რათა ნანა გოგალაძე და მისი არასრულწლოვანი შვილი დაზარალებულად ეცნოთ; ასევე, არაერთი შუამდგომლობა დააყენა მსხვერპლის, ნანა გოგალაძის, დაცვის მიზნით.
„საფარი“ მოცემულ საქმეზე ნანა გოგალაძის დაცვას ბრალდებულის სტატუსით განაგრძობს.