მანჰეტენის ნაფიცმსაჯულთა სასამართლომ, ჰარვი ვაინშტაინი მირიამ ჰეილის (Miriam Haley) მიმართ 2006 წელს სექსუალური ხასიათის ძალადობრივ ქმედებებში დამნაშავედ ცნო. გარდა ამისა, მას მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურება [Third Degree Rape] და პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობა [First Degree Criminal Sexual act] დაუმტკიცდა.
პროდიუსერს 5-პუნქტიანი ბრალდება ჰქონდა წაყენებული, მათ შორის – პირველი და მესამე ხარისხის გაუპატიურება. ყველაზე მძიმე ბრალდება – მტაცებლური სექსუალური ძალადობა (Predatory sexual assault) მას არ დაუმტკიცდა, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა. სექსუალური ხასიათის კრიმინალური ქმედებების გამო, მოსამართლეს შეუძლია, ბრალდებულს 5-დან 25 წლამდე პატიმრობა მიუსაჯოს.
ამერიკულ სასამართლო სისტემაში პირველი ხარისხის გაუპატიურებად მიიჩნევა იძულებითი სექსუალური კონტაქტი, დამამძიმებელი გარემოებებით: მოტაცებით, ყაჩაღობით ძარცვით, სასიკვდილო იარაღით მუქარით ან მსხვერპლისთვის სერიოზული ტრავმების მიყენებით.
მეორე ხარისხის გაუპატიურებად კვალიფიცირდება სექსის იძულება, მხოლოდ ზემოთ აღწერილი გარემოებების გარეშე. მაგალითად, თუ პოტენციური მსხვერპლი ქმედუუნაროა ან დანაშაულის მომენტში უმწეო მდგომარეობაში იმყოფება, აგრეთვე მაშინ, როცა ბრალდებულს მასთან მიმართებაში ძალაუფლებრივი უპირატესობა გააჩნია.
მესამე ხარისხის გაუპატიურებად მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც განსახილველი სიტუაცია პირველ ორ გარემოებაში არ ჯდება, მაგრამ დამტკიცებულია მკვეთრად გამოხატული უარი სექსუალურ აქტზე. ამ შემთხვევაში, დანაშაულის დამტკიცებისას, ხუთ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
ნაფიცმა მსაჯულებმა გუშინდელ განხილვაზე დაადგინეს, რომ ვაინშტაინმა მირიამ ჰეილის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებები ჩაიდინა. მირიამი იმხანად პროდიუსერის თანაშემწედ მუშაობდა ერთ-ერთ შოუზე. მომჩივანმა განაცხადა, რომ 2006 წელს, ვაინშტაინმა თავის ბინაში მას ორალური სექსი აიძულა.
მანჰეტენის პროკურატურის წარმომადგენელმა მეგან ჰასტმა განაცხადა: „ადამიანი, რომელიც აქ ზის, არამხოლოდ ჰოლივუდის ტიტანია, არამედ – მოძალადეც“.
ვაინშტაინის დაცვა ამტკიცებდა, რომ ქალებს, რომლებიც ახლა მას ძალადობაში სდებენ ბრალს, თავიანთი ნებით ჰქონდათ სექსი პროდიუსერთან, რადგან კარიერასა და პერსპექტივებს ელოდნენ მისგან.
ვაინშტაინს კიდევ სასამართლო ელის ლოს-ანჯელესში, სადაც მას 2013 წელს, ორი დღის განმავლობაში, ორი ქალის მიმართ სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს.
ნიუ-იორკში სასამართლო მოსმენების პირველ დღეს, კალიფორნიელმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ ვაინშტაინთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე საქმე განიხილება. ყოფილი პროდიუსერი, შესაძლოა, ექსტრადირებულ იქნას ან თავისი ნებით ჩაიყვანონ ლოს-ანჯელესში.
გამორიცხული არაა, ვაინშტაინთან დაკავშირებით ახალი სისხლის სამართლის საქმეები გაჩნდეს, მის წინააღმდეგ შეტანილია სამოქალაქო სარჩელებიც.
2019 წლის დეკემბერში, პროდიუსერის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ წინასწარი შეთანხმება იქნა მიღწეული ზოგიერთ ქალთან, რომელიც მას ბრალს სდებდა; საბოლოო ჯამში, 30-მდე მსახიობი და ყოფილი თანამშრომელი 25$ მილიონამდე მიიღებს.
შეთანხმების საფუძველზე, რომელიც დამატებით სასამართლომ უნდა მოიწონოს, ვაინშტაინი დანაშაულს არ აღიარებს. ზოგიერთი მოსარჩელე და ადვოკატი კი ამას წარმოუდგენლად მიიჩნევს.