ამა წლის თებერვალში, საფარს იურიდიული დახმარებისთვის ლესბოსელმა წყვილმა მიმართა. ერთ-ერთმა მათგანმა, ქ. ე.-მ, თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად, საცხოვრებელი ბინა იპოთეკით აიღო ა. ხ-სგან – ყოფილი მაღალჩინოსნისგან.
ბინის მეპატრონე ცდილობდა, ქ. ე.-სთან ფლირტი გაება და სასიყვარულო კავშირი დაემყარებინა, თუმცა, მისი ეს მცდელობა ქ. ე.-მ არასასურველ კონტაქტად მიიღო.
მას შემდეგ, რაც ქ. ე.-ს გვერდით ა. ხ-მ შენიშნა მისი ქალი პარტნიორი ნ. უ., იგი აგრესიული გახდა, დაურეკა ქ. ე.-ს და დაუყოვნებლივ მოსთხოვა ბინის დაცლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ფიზიკური განადგურებით დაემუქრა. მუქარას წინ უძღვოდა გენდერული ნიშნით ძალადობა, მოძალადის მხრიდან წამოსული მუქარა კი ეხებოდა ორივე ქალს და განპირობებული იყო მათი სექსუალური ორიენტაციით.
წყვილმა მიმართა სამართალდამცავებს, მაგრამ მათ არ გაატარეს არანაირი დამცავი მექანიზმი ა. ხ-ს მხრიდან წამოსული ძალადობის აღსაკვეთად. შეშინებული წყვილი რამდენიმე მეგობარს აფარებდა თავს. პოლიციამ მხოლოდ ფინანსური დაინტერესება დააფიქსირა საქმის პრობლემად, მაშინ, როცა წყვილი მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერას ითხოვდა.
საქმეში საფარის ჩართვის შემდეგ, ორივე გოგონას დაცვის მიზნით, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ერთ-ერთ განყოფილებაში, გენდერული ძალადობის ფაქტზე, შემაკავებელი ორდერები ამოიწერა. ასევე, დაიწყო გამოძიება მუქარის ფაქტზე. გარდა ამისა, საფარის მიერ გაწეული იურიდიული დახმარების ფარგლებში, ბენეფიციარებს დაუბრუნდათ ბინის იპოთეკაში გადახდილი თანხა, რომლის დაბრუნებაც მოძალადეს განზრახული არ ჰქონდა.