"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება

საფარის მეშვეობით, ბენზინის გადასხმით დამწვარი გოგონას საქმეში გენდერის ნიშნით დამამძიმებელი მუხლი გამოიკვეთა

საფარის საქმეებს შორის უკვე მრავლადაა ისეთი საქმეები, სადაც ადვოკატების მიმართვის საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 53 პრიმა მუხლი გამოიკვეთა. ეს არის სასჯელის დამამაძიმებელი სპეციალური მუხლი, მათ შორის – გენდერის და სქესის ნიშნით.

ერთ-ერთი ასეთია სევა შამოიანის საქმე, სადაც, ადვოკატის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ წარდგენილი ბრალდება დაამძიმა. კერძოდ, მოძალადეს ბრალად წაეყენა განზრახ მკვლელობის მცდელობა, – გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით.

ზემოთხსენებული დანაშაული ამა წლის 29 ივნისს მოხდა. 24 წლის კაცმა ყოფილ პარტნიორს, საფარის ბენეფიციარ სევა შამოიანს, ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. 24 წლის სევას სხეულის 37 % აქვს დამწვარი. ამჟამად, გოგონა რეაბილიტაციის კურსს გადის.

სევა შამოიანი: “მოძალადესთან ურთიერთობაში, თავდაპირველად სიტყვიერი კონფლიქტი იყო, შემდეგ უკვე ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდა და უკვე ამის გამო დავშორდი. დაშორებიდან სადღაც 1-2 თვეში გამოჩნდა და ისევ ჩვეულებრივი ურთიერთობის აღდგენა სცადა. რატომღაც ეგონა, რომ მეც ჩვეულებრივად განვაგრძობდი მასთან ურთიერთობას. შეხვედრა უნდოდა. მე ვუთხარი, ზღვაზე მივდივარ-მეთქი. შემდეგ მუქარები წამოვიდა. პირველ რიგში, სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ (ფიზიკურ ძალადობაზე აღარ ვლაპარაკობ უკვე), დავშორდებოდი ამ ადამიანს… ახლანდელი გადმოსახედიდან, უფრო ადრე უნდა დავშორებოდი… მოძალადე რომ იყო, კარგად ვიცოდი. ეს რომ შევამჩნიე, ამიტომაც დავშორდი. თუმცა, ასეთი სისასტიკე თუ მოხდებოდა, ამდენს თუ შეძლებდა, ამაზე ფიქრიც არ მინდოდა… მისი აგრესიის მაქსიმუმი ის მეგონა, რომ ხელს აწევდა…

რაც შეეხება ჩემზე თავდასხმას, – ეს ყველაფერი იყო ძალიან კარგად დაგეგმილი. იცოდა, რას აკეთებდა, იცოდა, რისთვის მოდიოდა. არანაირი აფექტი აქ არ ყოფილა. ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ. ახლა დედა არის ჩემ გვერდით, მეგობრები, ოჯახის წევრები… რეაბილიტაცაზე ჯერ ფიქრიც არ დაგვიწყია, – ჯერ საავადმყოფოს ვალი მაქვს გასასტუმრებელი – 16 000-მდე… 30 სექტემბრამდე მაქვს დრო… იმედია, საზოგადოება დამეხმარება…”.