ბავშვზე ძალადობა

Amnesty International ნინოწმინდის პანსიონთან დავშირებულ მოვლენებზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

Amnesty International შეშფოთებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება არ ასრულებს თავის ვალდებულებებს ნინოწმინდის პანსიონში განთავსებული ბავშვების დაცვის მხრივ.

საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს სწრაფი და ეფექტური გამოძიება მართლმადიდებლურ სკოლა-პანსიონში არსებულ დარღვევებზე – ვკითხულობთ Amnesty International-ს საგანგებო განცხადებაში ნინოწმინდის პანსიონის მოვლენებთან დაკავშირებით.

“ბავშვთა მიმართ სასტიკ მოპყრობაში, მათ შორის სქესობრივ ძალადობაში დადანაშაულების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ნინოწმინდის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მართულ პანსიონში მცხოვრები ყველა ბავშვის უსაფრთხოება. ყველა ბრალდება დეტალურად უნდა იქნას გამოძიებული ბავშვთა ინტერესების დამცველ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად. გამოძიების პროცესში, ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს სავარაუდო დამნაშავეების სავარაუდო მსხვერლთაგან დაუყოვნებლივი ჩამოშორება.

საქართველოს აღებული აქვს საერთაშორისო ვადებულება, ყველა ქმედითი ზომა მიიღოს ბავშვთა დასაცავად სქესობრივი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, სასტიკი მოპყრობისგან და ექსპლუატაციისგან, მათ შორის – იმ ბავშვების, რომლებიც ალტერნატიული ზრუნვის ქვეშ იმყოფებიან. ამ მომენტისთვის, პანსიონში 20-ზე მეტი ბავშვი რჩება სავარაუდო მოძალადეების წინაშე, მათი მეურვეობის ქვეშ, მაშინ, როდესაც რამდენიმე გამოძიება მიმდინარეობს ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობისა და სქესობრივი ძალადობის მუხლებით.

პანსიონის სულ ცოტა ორმა ყოფილმა ბინადარმა განაცხადა, რომ მათ ემუქრებოდნენ და ეკლესიის კუთვნილი სასწავლო დაწესებულებიდან ასახლებდნენ.

გარდა ამისა, ამ საკითხზე მომუშავე უფლებადამცველები, მათ შორის ქვეყნის სახალხო დამცველი, ცილისწამების, მუქარებისა და დევნის ობიექტებად იქცნენ ეკლესიის მიმდევარი სხვადასხვა მართლმადიდებელი ჯგუფების მხრიდან.

Amnesty International საქართველოს მთავრობას მოუწოდებს:

• უზრუნველყოს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება სასტიკი მოპყრობის ყველა საქმეზე და ეჭვმიტანილნი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის პასუხისგებაში მისცეს;

• უზრუნველყოს დაცვა და დახმარება ყველა სავარაუდო მსხვერპლი და დანაშაულის მოწმე ბავშვებისთვის;

• ბავშვთა უფლებების კონვენციის შესაბამისად, უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები. გასათვალისწინებელია პირველ რიგში ბავშვებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება. უზრუნველყოს თითოეული ბავშვის უფლებების დაცვა, პირადი ცხოვრებისა და საოჯახო გარემოცვის ხელშეუხებლობა, აგრეთვე მათი უფლება განათლებაზე, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით – გამოძიების პროცესში;

• უზრუნველყოს მოწმეთა დაცვა (მათ შორის – ბავშვების) და გარანტია იმისა, რომ მოწმეთა მიმართ ყველა მუქარა და დევნა ეფექტიანად იქნება გამოძიებული;

• მიღებულ იქნას გაეროს კომიტეტის დროებითი ზომები და უზრუნველყოფილ იქნას სახალხო დამცველის თანამშრომელთა წვდომა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე;

• გამოძიებულ იქნას და ეფექტიანი რეაგირება მოჰყვეს შეტყობინებებს საქართელოს სახალხო დამცველისა და ადგილობრივი უფლებადამცველების დევნასთან დაკავშირებით; უზრუნველყოფილ იქნას უსაფრთხო და კეთილსაიმედო სივრცე, რომელშიც შესაძლებელი იქნება ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობა, დასჯის, რეპრესიებისა და დაშინების გარეშე.

განცხადების სრული ტექსტის ხილვა შეგიძლიათ აქ.