საფარის თბილისის ოფისს მიმართა ქალმა, რომლის ყოფილმა ქმარმა პირველ მარტს მათი საერთო მცირეწლოვანი შვილი მოიტაცა და ქალს და მის ოჯახს ბავშვის ნახვის უფლებას არ აძლევდა. ამ შემთხვევამდე არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კაცს შვილის წაყვანა პარასკევს და მისი დედის საცხოვრებელ სახლში დაბრუნება კვირა დღეს შეეძლო.
დედამ მიმართა პოლიციასა და მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს, თუმცა ეფექტური ნაბიჯები არ გადადგმულა და პირველი მარტიდან 29 მაისის ჩათვლით ქალი ვერ ახერხებდა შვილთან კომუნიკაციას. მთელი ამ დროის განმავლობაში, მამა ბავშვს დედის წინააღმდეგ განაწყობდა, არ ატარებდა მას ბაღში, საფრთხეს უქმნიდა მის ჯანმრთელობას, ძალადობდა მასზე ფსიქოლოგიურად. ამასთანავე დედის მხრიდან ბავშვთან კომუნიკაციის დამყარების ყველა მცდელობა სრულდებოდა მამის მიერ ქალის შეურაცხყოფით, რაც ბავშვის თანდასწრებით ხდებოდა.
საფართან დაკავშირების შემდეგ, საქმეში ჩაერთო საფარის იურისტი ცირა ჯგერენაია, რომელმაც ხელახლა მიმართა პოლიციასა და მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს და მოთხოვა მათ ეფექტური მოქმედება. ამასთანავე მან მიმართა სასამართლოს დამცავი ორდერისთვის, რომ მამას შვილთან მიახლოვება და კომუნიკაცია აკრძალვოდა.
სასამართლო პროცესის დროს ქმარი შეურაცხყოფას აყენებდა ცოლს, მის ოჯახსა და იურისტს. სასამართლომ გამოსცა დამცავი ორდერი, მამას აუკრძალა ბავშვთან მიახლოება და კომუნიკაცია, თუმცა კაცი არ დაემორჩილა სასამართლოს გადაწყვეტილებას და შვილის სასამართლო დარბაზიდან გატაცება სცადა. საფარის იურისტის – ცირა ჯგერენაიას აქტიური ჩართულობით, შესაძლებელი გახდა კაცის დაკავება. ბავშვი დაბრუნდა დედასთან და ამჟამად გადის ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. დედასა და შვილს შორის ურთიერთობა აღდგა. მამის წინააღმდეგ მის მიერ ჩადენილ სისხლისა და სამოქალაქო სამართლის დანაშაულებზე სასამართლო პროცესი გრძელდება.