ქალზე ძალადობა

„Britain First“ – ბრიტანეთი სასტიკად მოკლულ დეპუტატს გლოვობს

გუშინ, ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის ლეიბორისტი დეპუტატი, 41 წლის ჯოუ კოქსი (Jo Cox) დასავლეთ იორკშირის სოფელ ბერსტალში მასზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა.

პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი ქუჩაზე მოხდა, იმ შენობასთან ახლოს, სადაც კოქსი ყოველდღიურად ხვდებოდა საკუთარ ამომრჩეველს.

ინციდენტის შედეგად ასევე 77 წლის კაცი დაზარალდა. ექიმები აცხადებენ, რომ მისი ჭრილობები სიცოცხლისთვის საშიში არაა.

ბერსტალში დაკავებულია თავდამსხმელი – 52 წლის კაცი, ტომას მაირი (Thomas Mair).

ჯოუ კოქსი უკანასკნელი 25 წლის მანძილზე დიდი ბრიტანეთის პარლამენტის პირველი მოკლული მოქმედი დეპუტატია. 1990 წელს ჩრდილოეთ ირლანდიის ტერორისტული დაჯგუფებების ერთ-ერთ თავდასხმას კონსერვატული პარტიის წარმომადგენელი იან გოუ (Ian Gow) ემსხვერპლა.

დასავლეთ იორკშირის პოლიციის ხელმძღვანელობის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება, იკითხება უამრავი მოწმე.

ამ მომენტისთვის გამოძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მკვლელობის მოტივის დადგენაა.

დეპუტატის მკვლელობის გამო, ქვეყანაში შეჩერებულია ევროკავშირის წევრობის საპროტესტო თუ სააგიტაციო ყველა კამპანია, რომელიც ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებული რეფერენდუმის წინ მიმდინარებდა. თავად კოქსი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენისთვის იბრძოდა.

ადგილობრივი კაფეს მფლობელი, კლარკ როტველი (Clarke Rothwell), მომხდარის უშუალო მოწმეა. იგი აცხადებს, რომ თავდასხმის დროს მან ხმამაღალი გრუხუნის ხმა გაისმა, რომელიც რაღაცით ბუშტის გახეთქვას მიაგავდა. „როცა გავიხედე, დავინახე დაახლოებით 50 წლის კაცი ბეისბოლის კეპსა და კურტაკში. მას ხელში ძველმოდური პისტოლეტი ეჭირა, ყოველ შემთხვევაში, მე ასე აღვიქვი“, – ამბობს იგი.

“მკვლელმა ქალს ერთხელ ესროლა, შემდეგ კიდევ ერთხელ, შემდეგ დაიხარა და ტყვია სახეში დაახალა, – გვიამბობს ინციდენტის თვითმხილველი, – ვიღაცამ მისთვის ხელის შეშლა სცადა, მაგრამ თავდამსხმელმა სავარაუდოდ სანადირო დანა ამოიღო და რამდენჯერმე ჩასცა მსხვერპლს. ადამიანები პანიკაში ჩავარდნენ და დაიფანტნენ“.

ინციდენტის კიდევ ერთი თვითმხილველი, ჰიშამ ბენ აბდალა (Hicham Ben Abdallah), იხსენებს, რომ თავდამსხმელმა მსხვერპლი შემთხვევის ადგილზე დატოვა, რათა ეს უკანასკნელი სისხლისგან დაცლილიყო. ჰიშამ აბდალა ინციდენტის ადგილის მახლობლად, კაფეში დაახლოებით პირველ საათზე იმყოფებოდა, როდესაც ხმაური გაიგონა და ქუჩაში გავიდა.

„იქ დამხვდნენ ერთი უშიშარი ახალგაზრდა და მოწიფული კაცი ბეისბოლის თეთრ ქუდში, რომლის დამშვიდებასაც ამაოდ ცდილობდა ახალგაზრდა. უცებ ქუდიანმა ჩანთიდან იარაღი ამოიღო. მცირე სიტყვიერი შეხლა-შემოხლის შემდეგ, კაცმა უკან დაიხია და სწორედ აქ ჩაერთო დეპუტატი“, – გვიამბობს აბდალა. მისი თქმით, იარაღი თვითნაკეთს გავდა, და მის დანახვაზე ახალგაზრდას არ შეშინებია. „იარაღიანმა კაცმა უკან დაიხია, გაისროლა, შემდეგ კიდევ გაისროლა. ამ მომენტში იგი დაბლა, მიწისკენ იყურებოდა. მან გასროლის შედეგად ძირს დავარდნილ მსხვერპლს რამდენიმე წიხლიც მიაყოლა“.

თვითმხილველების ნაამბობის მიხედვით, მკვლელი სკანდირებდა ფრაზას: „Britain First“ (“ბრიტანეთი უპირველეს ყოვლისა”).

ჯოუ კოქსი ბრიტანეთის პარლამენტში 2015 წელს აირჩიეს. კემბრიჯის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, იგი საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ში მუშაობდა. მისი მეუღლის, ბრენდან კოქსის (Brendan Cox) თქმით, „ჯოუს ამქვეყნად ყველაზე მეტად ორი რამ სურდა: ის, რომ ყველა ბავშვს სიყვარული არ მოკლებოდა, და ის, რომ ყველა ადამიანი გაერთიანებულიყო სიძულვილის წინააღმდეგ. მას მტკიცედ სწამდა, რომ სიძულვილს არ გააჩნდა სარწმუნოება, რასა და რელიგია“.