საფარს დაუკავშირდა ქალი, რომელზეც, 14 წლის წინ, როდესაც ის არასრულწლოვანი იყო, მამა სექსუალურად ძალადობდა. ადგილი ჰქონდა გაუპატიურების რამდენიმე მძიმე შემთხვევას.
საქმეში საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი ჩაერთო. მან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ გაუპატიურების შემთხვევები 14 წლის წინ მოხდა, რაც გამოძიებისთვის სირთულეს წარმოადგენს, ადვოკატ მარი ვარამაშვილის მოთხოვნით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ იქნა მტკიცებულება, რომელიც პედოფილისთვის ბრალის წარდგენის შესაძლებლობას იძლეოდა.
საგამოძიებო ორგანოებთან კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად, პედოფილი მამა 2024 წლის 29 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი საკუთარი არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურების ფაქტზე წარედგინა, ხოლო 31 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
2025 წლის 12 სექტემბერს, მოსამართლემ რომან ხორავამ პედოფილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.