სექსუალობა / სექსუალური ძალადობა

ახდენს თუ არა პორნოგრაფია გავლენას გენდერული სტერეოტიპებისა და სექსისტური იდეების ნორმად ქცევაში?

ერთი წუთით დაფიქრდით და წარმოიდგინეთ ჯანსაღი ურთიერთობა, რომელიც თანასწორობაზე, თანაზიარობასა და პატივისცემაზეა დაფუძნებული, რომელშიც ორივე ინდივიდი თავისუფალია ნეგატიური და შემზღუდველი სტერეოტიპებისაგან. როცა მსგავს რეალობაზე ვფიქრობთ, შემდეგი სცენარი რამდენად რელევანტური იქნება ასეთ ურთიერთობასთან?

ქალები სულელები და ადვილად მანიპულირებადები არიან. კაცებმა უნდა გასცენ ბრძანებები ნებისმიერ სექსუალურ სიტუაციაში. ქალები მხოლოდ სამზარეულოსა და სექსში ვარგიან. კაცებს მხოლოდ დომინაცია და უხეშობა მოეთხოვებათ. ქალები მზად არიან ნებისმიერ მომენტში ჰქონდეთ სექსი ნებისმიერ მამაკაცთან, მიუხედავად მათი პიროვნულობისა.

ალბათ იფიქრებთ, რომ არა, ამგვარი მოპყრობა და გაგება არ ახასიათებს ჯანსაღ, პატივისცემასა და თანაზიარობაზე დამყარებულ ურთიერთობას. სამწუხაროდ, პოპულარული პორნოები ძირითადად ამგვარ სცენარზე ფოკუსირდება და ამას მნახველები რეგულარულად უყურებენ. როდესაც უხეშ პორნოგრაფიას ვხედავთ, უნდა დავფიქრდეთ, თუ რა გავლენას ახდენს იგი სექსისა და სექსიზმის აღქმაზე და ასევე ფართო კულტურაზე.

ჰიპერსექსუალიზებული სტერეოტიპები

რადგანაც პორნოგრაფია თავისუფლად ვრცელდება ინტერნეტში, ბევრი ბავშვი (და არა მხოლოდ) ტოქსიკურ გენდერულ სტერეოტიპებს აწყდება მანამ, სანამ ის პირველ რომანტიკულ ურთიერთობას დაიწყებს.

მოზარდებში პორნოს გამოყენების კვლევამ აჩვენა, რომ პორნო ძირითადად მამაკაცური დომინაციის, ჰიპერმასკულინობისა და მამაკაცის სიამოვნების პრიორიტეტულობის მესიჯს აწვდის მომხმარებელს. ეს ფაქტი გაცილებით უარესად ჟღერს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ პორნოგრაფიის პირველად ნახვის საშუალო ასაკი 9-11 წელია.

ექსპერტები ამბობენ, რომ გენდერული სტერეოტიპები ბავშვების გონებაში 10 წლის ასაკში ჯდება და ილექება. ეს სტერეოტიპები ძირითადად მამაკაცს როგორც დომინანტს, აგრესიულს, უემოციოს, მაკონტროლებელს წარმოაჩენს, ქალს კი – დამყოლს, ემოციურს, სუსტსა და დაქვემდებარებულს. როდესაც ეს სტერეოტიპები მყარდება, კვლევა აჩვენებს, რომ შესაძლოა ამან ბიჭებში სარისკო და ძალადობრივი ქმედებების, გოგონებში კი დეპრესიისა და ძალადობისკენ მიდრეკილობის პროვოცირება მოახდინოს.

იგივენაირად, კულტურაში არსებული გენდერული სტერეოტიპები ახალგაზრდების იდენტობის ჩამოყალიბებაზე აისახება. დოქტორი გეილ დინსი, სოციოლოგი, პორნოინდუსტრიის მკვლევარი და მწერალი თავის TEDx Talk-ში განიხილავს, თუ როგორ „ყიდის“ რეკლამები და ჰიპერსექსუალიზებული მედია ბიჭებზე იმ აზრს, რომ ქალები მხოლოდ მათთვის თავის შეთავაზებისთვის არსებობენ, გოგონებს კი ეუბნება, რომ ისინი სექსუალურები უნდა იყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუმჩნევლები დარჩებიან:

თუ გავიხსენებთ იმ ფაქტს, რომ ბავშვები პირველად პორნოს 9-11 წლის ასაკში ეცნობიან და სტერეოტიპებიც მათ გონებაში ზუსტად ამ ასაკში მკვიდრდება, მივხვდებით, რომ ახალგაზრდა ქალებსა და კაცებს ჰიპერსექსუალიზებულ სამყაროში ვუშვებთ ისე, რომ ვერც ვაანალიზებთ, რაში ჩავითრიეთ.

როგორ ახდენს პორნო სექსიზმისა და გაზვიადებული გენდერული სტერეოტიპების კაპიტალიზაციას

პორნოინდუსტრია კვებავს სექსიზმსა და გენდერულ სტერეოტიპებს სტერეოტიპული ჩვევების განსახიერებითა და გაფართოებით. პორნოგრაფიაში მომხმარებლები ხედავენ მამაკაცს, რომელიც უემოციოდ აკონტროლებს და დომინირებს ქალზე, და ქალს, რომელმაც უნდა ისიამოვნოს დამცირებით და დაემორჩილოს კაცის ქცევებსა და სურვილებს.

პორნოგრაფია ნამდვილად ახალისებს გენდერულ სტერეოტიპებს, მაგრამ ახდენს თუ არა იგი რეალურ გავლენას მომხმარებლებზე უთანასწორო და დამაკნინებელი კონტენტის ნახვა?

სამწუხაროდ, კვლევებმა აჩვენა, რომ პორნოს მოხმარება და გადაღებული სექსუალური ძალადობის ჩვენება კვებავს სექსისტურ დამოკიდებულებებს, იგი ნაკლებად ემპათიურს ხდის ადამიანს სექსუალური ძალადობის მსხვერპლის მიმართ და ნაკლებად კმაყოფილდება საკუთარი პარტნიორით. პორნოგრაფია ნორმად ხდის არაჰუმანურ დამორჩილებულობას და იგი არამარტო ცვლის, არამედ აყალიბებს ადამიანთა ექსტრემალურად რადიკალურ დამოკიდებულებებს, რაც შემდეგ გამოიწვევს ინდივიდის იძულებით ჩართულობას აგრესიულ და ძალადობრივ სექსუალურ აქტებში.

ექსპერტობა არაა საჭირო იმის გასაანალიზებლად, რომ სექსისტური დამოკიდებულება და მავნე სტერეოტიპების რწმენა ხელისშემშლელია ჯანსაღ, ორმხრივ ურთიერთობებში ან უბრალოდ საკუთარი თავის დადებითად აღქმაში. ასევე არაა საიდუმლო, რომ პორნოგრაფია კულტურაზე ახდენს გავლენას, კულტურა კი – ხალხზე. თუ გვინდა, რომ მსოფლიო ნაკლებად ძალადობრივი, ნაკლებად სექსისტური, კულტურა კი ჯანსაღი ურთიერთიბების წამხალისებელი იყოს, პორნოთი გამყარებული სტერეოტიპები უნდა მოვიცილოთ.

ორიგინალი სტატია – fightthenewdrug.org

ქართული თარგმანის წყარო: 4noembriseuli.wordpress.com