"საფარის" საქმეები / ეკონომიკური ძალადობა / იურიდიული დახმარება / ოჯახში ძალადობა / ქალზე ძალადობა

ელეონორა უგულავა: “ყოფილი ქმარი სიცოცხლის ხელყოფით მემუქრებოდა, მაგრამ მაინც მედგარი წინააღმდეგობა გავუწიე”

ოთხწელიწადნახევარია, რაც “საფარის” ბენეფიციარი ელეონორა უგულავა მოძალადე ქმართან გაშორებულია. ყოფილი ქმარი მუდმივად აგრესიულად იქცეოდა, ოჯახზე საერთოდ არ ზრუნავდა. იგი ფიზიკურად ძალადობდა არა მხოლოდ ცოლზე, არამედ შვილებზე – ერთად 8 შვილი ჰყავთ. ელეონორა ამ ყველაფერს წლების მანძილზე ითმენდა, მაგრამ, საბოლოოდ, იძულებული გახდა, მასთან გაყრის გადაწყვეტილება მიეღო.

ელეონორა უგულავა: ჩემი ყოფილი ქმარი შერიგებას ცდილობდა, სახლში არაფხიზელ მდგომარეობაში გვაკითხავდა. შანსი მივეცი – თუ გამოსწორდებოდა, ოჯახში დაბრუნებას შეძლებდა, მაგრამ ამ ოთხწელიწადნახევრის განმავლობაში, მისი მხრიდან გამოსწორების არანაირი მცდელობა არ ყოფილა. ბავშვებზე ზრუნვა არც თანაცხოვრების პერიოდში აინტერესებდა და – არც შემდეგ. ერთი სიტყვით, ბავშვებისთვის ყოველთვის დედაც მე ვიყავი და მამაც.

დაშორების შემდეგ, მხოლოდ მე კი არა, ბავშვებსაც შეურაცხყოფებით და ძალადობით ესხმოდა თავს. სწორედ ამ მდგომარეობაში მყოფს დამეხმარა „საფარი“. ერთადერთი, ორგანიზაციაში მხოლოდ საჭირო საბუთები მივიტანე. დანარჩენი, აბსოლუტურად ყველა სერვისი აქ მივიღე. „საფარის“ იურისტების წყალობით, ორი სასამართლო დაინიშნა. პირველი მათგანი დამცავ ორდერთან იყო დაკავშირებული, რომელიც მე და ჩემს ქალიშვილს (ცალ-ცალკე) დაგვიდგინეს 6 თვის ვადით. მას შედეგად, მოძალადე ყოფილი ქმარი საერთოდ აღარ მოგვკარებია, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსაც კი აღარ გვწერდა. მეორე სასამართლო ალიმენტის საკითხს ეხებოდა. ალიმენტი ორ ბავშვზე დამენიშნა. გასული სამი წლის ალიმენტის ანაზღაურებაც შესაძლებელი იყო, მაგრამ სურვილი არ გამომითქვამს, რადგან ჩემმა ყოფილმა ქმარმა სამსახურიდან ცნობა წარადგინა, რომლის თანახმადაც, მისი ხელფასი 400 ლარს შეადგენდა. თუმცა, მისგან ისიც მიკვირს, რომ ორ არასრულწლოვან შვილზე ყოველთვიურად 80-80 ლარის ოდენობის ალიმენტს გადაიხდის.

გარდა იურიდიული მომსახურებისა, „საფარის“ თანადგომა მორალური თვალსაზრისითაც ძალიან დამეხმარა. თეა თადაშვილი, ჩემი პირადი ადვოკატი, მთლიანად ორგანიზაციის თანამშრომლები, რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობის დაძლევაში ძალიან შემეშველნენ. მივხვდი, რომ ჩემნაირი ცხოვრების მქონე ქალებისთვის „საფარის“ მსგავსი სერვისები სასიცოცხლოდ აუცილებელი დახმარებაა.

როგორ ფიქრობთ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს მოძალადე ქმართან დაშორება შემაშინებელ პერსპექტივად ხომ არ ესახებათ, რის გამოც კვლავ ძალადობრივ გარემოში ცხოვრებას განაგრძობენ?

ჩემს მსგავს მდგომარეობაში მყოფი ქალების ალბათ 80%-მა არ იცის, რომ მოძალადე ქმართან ცხოვრებისგან თავის დაღწევა შესაძლებელია. კარგი იქნებოდა, რომ ხმა მაქსიმალურად მეტი ქალისთვის მიგეწვდინათ, რომ ძალადობის მსხვერპლთა მაქსიმალურად დიდი კონტინგენტი მოგეცვათ.

მინდა, ძალადობის მსხვერპლ ქალებს ვუთხრა, რომ ნურაფრის ეშინიათ: ჩემი ყოფილი ქმარი ფაქტიურად სიცოცხლის ხელყოფით მემუქრებოდა, მაგრამ მაინც ასეთი მედგარი წინააღმდეგობა გავუწიე. ასეთი ადამიანები თავად არიან მშიშრები და ჩვენ გვაშინებენ. ისინი ფსიქოლოგიურად კარგად გვამუშავებენ, მათზე დამოკიდებულს გვხდიან, მუდმივად გვემუქრებიან ოჯახის დანგრევასთან დაკავშირებული „თავის მოჭრით“. ჰა, გავეყარე, მომჭრა თავი? პირიქით, შეეშინდა და აღარ მეკარება. ასე რომ, ყველა ქალს მინდა მოვუწოდო, რომ არ შეშინდნენ, მით უმეტეს, როდესაც გაყრასთან, ქონებრივ დავებთან და ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით, „საფარში“ სრულიად უსასყიდლო მომსახურების მიღება შეუძლიათ.

ამდენი წლის მანძილზე ქმართან გაყრის ნაბიჯის გადადგმა რატომ ვერ გადაწყვიტეთ?

მეგონა, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობდა, თან ანგარიშს ვუწევდი ირგვლივ მყოფ საზოგადოებას: მეშინოდა, ხალხი როგორ მიიღებდა ჩემი ოჯახის დანგრევას, ნათესავებს რა რეაქცია ექნებოდათ… ამის გამო, ფაქტიურად 25 წელი ამ ჯოჯოხეთში ვიცხოვრე. მაგრამ, თურმე, ეს არანაირი მიზეზი არ ყოფილა: როცა ოჯახი დავანგრიე, ყველამ მხარი დამიჭირა და მითხრა, რომ ეს ნაბიჯი ადრეც უნდა გადამედგა.

ანუ, განქორწინებამ თქვენთვის მხოლოდ დადებითი შედეგები გამოიღო?

წარმოიდგინეთ, ამდენი წლის მანძილზე, სახლში ყველაზე ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთებიც კი არ მქონია. სარეცხი მანქანის შეძენა ოცნებად მქონდა ქცეული. 10-სულიანი ოჯახის სარეცხს ხელით ვრეცხავდი, ცივ წყალში, ბავშვების დახმარებით. ჩემი ქმარი იმაზეც კი უარზე იყო, სოციალური თანხის საშუალებით განვადებით ყველაზე იაფფასიანი სარეცხი მანქანა შეგვეძინა. სარეცხის ყოველი რეცხვის შემდეგ, ისეთ მდგომარეობაში ვვარდებოდი, რომ ფაქტიურად სიარული აღარ შემეძლო.

ახლა ჩვენს ოჯახში სრულიად სხვა სურათია: სარეცხი მანქანაც შევიძინეთ, მაცივარიც, სამზარეულოც, ცოტა ავეჯიც. ჩემი ცხოვრება ბევრად გაუმჯობესდა. როცა ფინანსური საკითხი ჩვენი, ქალების, ხელშია, ოჯახის ბიუჯეტსაც რაციონალურად განვაგებთ. ოჯახის კვების რაციონიც გამდიდრდა და გაუმჯობესდა. მაშინ, ოჯახში მხოლოდ მაკარონსა და კარტოფილზე ვიყავით.

ვფიქრობ, რომ ქალი კარგად უნდა დაფიქრდეს, უღირს თუ არა იმ კაცის რჩენა, რომელიც ოჯახის საქმეების გაძღოლაში არათუ ეკონომიკურად არ ეხმარება, არამედ მასზე ფიზიკურად და მორალურად ძალადობს. პირიქით, ასეთი კაცი ქალს უკან ხევს, განვითარების და ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობას უსპობს. სჯობს, ქალი გამოფხიზლდეს და მასთან ცხოვრება შეწყვიტოს. მე საკმაოდ გვიან გამოვფხიზლდი, მაგრამ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

ბავშვებმა როგორ მიიღეს თქვენი დაშორების ამბავი?

ჯერ კიდევ ერთად ცხოვრების პერიოდში, უფროსი ბავშვები მეხვეწებოდნენ, ასეთი მამა არ გვჭირდება და დაშორდიო. მე მის გამოსწორებას ველოდებოდი, მაგრამ, ბოლოს, როდესაც ყველა იმედი გადამეწურა და დავშორდი, ბავშვები ერთხმად იმეორებენ, რომ ბედნიერები არიან. მეუბნებიან, მამას რომ შეურიგდე, სახლიდან ჩვენ გავიქცევითო.

ხშირად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა ქალებმა თავიანთი უფლებების შესახებ არაფერი იციან…

დიახ, მეც ასე ვიყავი. ჩემი მეგობარმა გამაცნობიერა ქალთა უფლებებში, სტამბოლოს კონვენციის რაობაში. სწორედ მაშინ გავიგე, რა უფლებები მქონდა, რა კანონებით სარგებლობა შემეძლო. ადრე სულ მეგონა, რომ ასე დაკნინებულს უნდა მეცხოვრა. მოგეხსენებათ, ოჯახის ქალები, ვინც სამსახურში არ დადის, ძირითადად ასე არიან. ახლა 47 წლის ვარ, შემიძლია, კიდევ ვისწავლო, ცოდნა გავიღრმავო. განქორწინებამდე, ამის საშუალება არ მქონია: სახლიდან გასული არ ვიყავი, რომ მირეკავდა, რომელ ავტობუსში ზიხარ, ვისი მანქანით მგზავრობო? ეჭვიანობით ისე დამღალა, რომ ფსიქიკა დამენგრა და ახლა რეაბილიტაციას ვცდილობ.

ესაუბრა შორენა გაბუნია