სექსუალობა

ენდოამბები, I ნაწილი

ენდომეტრიოზის პრობლემა ჩვენში ბევრ ქალს აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში კონკრეტული სამედიცინო საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღება არცთუ რთულია, ისეთი სივრცის არსებობა, სადაც ამ რთულ საკითხზე ამომწურავი ინფორმაციის მიღება და სხვადასხვა ქალებში გამოცდილებების გაზიარება იქნება შესაძლებელი, უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამ საჭირო საქმის ორგანიზება გადაწყვიტა ნათი ნათენაძემ, რომელმაც სპეციალური ბლოგი მიუძღვნა ენდომეტრიოზის პრობლემას. ამ პლატფორმაზე შეხვდებით როგორც პროფესიულად შედგენილ ინფორმაციას დასახელებული დაავადების შესახებ, ასევე – კონკრეტული ქალების პირად ისტორიებსა და გამოცდილებებს, რისი გაზიარებაც ნამდვილად საჭირო საქმეა. “საფარის” ვებპლატფორმა წარმატებებს უსურვებს ამ წამოწყებას და დროდადრო ბლოგზე გამოქვეყნებულ საინტერესო სტატიებსაც გაგიზიარებთ.

ენდომეტრიოზის მკურნალობა შეუძლებელია, თუმცა ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებით, სიმპტომების დამარცხება გაცილებით მარტივია. ენდოამბების გაზიარების მიზანი ამ დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება და, რაც მთავარია, ამ დიაგნოზის მქონე ქალების გაერთიანებაა. ერთი შეხედვით კი, ქრონიკული დაავადების გარშემო ვერთიანდებით, რომლის განკურნების გზაც არ არსებობს, თუმცა მისგან მოყენებული ჭრილობების მოშუშება სხვების გამოცდილების გაცნობითა და ინფორმაციის ქონით ბევრად მარტივია.

ლელა, 37 წლის.

25 წელია ენდომეტრიოზი მტანჯავს. 12 წლიდან მქონდა გაუსაძლისი მდგომარეობა , რაც გამოიხატებოდა ძლიერი ტკივილებით ციკლის დროს, გულისრევა – პირღებინებით და სრულდებოდა სასწრაფოს გამოძახებით ან საავადმყოფოში გადაყვანით. იმ დროისთვის ყველა ექიმს თუ ექიმბაშს მივმართეთ, სამწუხაროდ ტყუილად მინიშნავდნენ ათობით წამალს და ინექციას (ძირითადად სულ ვმკურნალობდი) . არაფერი მშველიდა და მერე მეუბნებოდნენ გათხოვდები და გაგივლისო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 17 წლის ასაკში სწორედ ამიტომ გავთხოვდი… რა თქმა უნდა არ გამიარა მენსტრუაციულმა ტკივილებმა.
იმ დროს მხოლოდ საკვერცხეების ანთების დიაგნოზით გამოდიოდა ყველა ქალი ექიმისგან და ალოეს ინექციებით მკურნალობდნენ . სამედიცინო უნივერსიტეტშიც ამ მიზნით ჩავაბარე მაგრამ იმ დროს ენდომეტრიოზის შესახებ ნაკლებად იცოდნენ. ცოტათი მაინც გაგიმართლათ, მეტი საინფორმაციო წყარო გაქვთ.

რომ გავთხოვდი, დაიწყო ჩემი ტანჯვის მეორე ეტაპი. ყოფილი მეუღლის ოჯახი დაჟინებით მოითხოვდა დავორსულებულიყავი. რამდენიმე თვეში უშვილოდაც გამომაცხადეს. დედაჩემიც უფრო მეტად გააქტიურდა და გაძლიერებული ძალებით, ნაცნობების და ახლობლების ჩარევით უფრო ინტენსიურად გავაგრძელეთ “ექიმებთან ” სიარული. მეუბნებოდნენ ბავშვს გააჩენ და აღარ გექნება ციკლის დროს ტკივილებიო , 2 წელი უსაშველოდ ვმკურნალობდი. სანამ ერთ ძალიან მაგარ ექიმს არ შევხვდი ჩემი მეგობრების წყალობით (ჩვეულებრივი პოლიკლინიკის ექიმია), რომელმაც გამიშვა ვაგინალურ ექოსკოპიაზე (ახალი შემოსული იყო და მხოლოდ ვერაზე აკეთებდნენ ამ მეთოდით ექოს), იმ დღესვე წავედი და დამიდგინეს საშვილოსნოს ყელის პოლიპი მცირე ზომის, ორ დღეში გავიკეთე მცირე ოპერაცია.

ვიმშობიარე, მყავს 16 წლის შვილი, რამდენიმე თვეში ისევ დამეწყო გაუსაძლისი ტკივილები და მივხვდი, რომ ამ ტკივილთან ერთად უნდა შევძლო ცხოვრება და რადაც არ უნდა დამიჯდეს ცოტათი მაინც უნდა შევიმსუბუქო ტკივილი. ენდომეტრიოზის დროს აუცილებელი არაა იყოს კისტა და რაც მთავარია არ ნიშნავს აუცილებლად უშვილობას.
ამდენი წლის მერეც ვერ ვეგუები ტკივილს და 3 წლის წინ მივმართე ერთ კლინიკას საშვილოსნოს და საკვერცხეების ექსტრეპაციისთვის, მაგრამ სამწუხაროდ არ მიკეთებენ ოპერაციას და მიმართავენ სხვადასხვა სახის ალტერნატიულ მკურნალობას, როგორც მეუბნებიან სხვა მხრივ მაქვს იდეალური მდგომარეობა როგორც საშვილოსნოს ყელზე ასევე საკვერცხეებსა და საშვილოსნოზე (თუ არ ჩავთვლით ენდომეტრიოზს). ექსტრეპაციის შემდეგ ხდება მთელი რიგი ჰორმონალური აფეთქებები და ალბათ ვეცოდები და იმიტომ არ მთანხმდებიან. კარგად ვიცი რის გადატანა მომიწევს მაგრამ მაინც თანახმა ვარ ოპერაციაზე. ცდილობენ სხვადასხვა მეთოდით ვმართოთ ენდომეტრიოზი და შევიმსუბუქო ტკივილი თუმცა ჩემს შემთხვევაში არ არის ეფექტური სხვადასხვა საშუალებები. ეხლა ვიღებ ვიზანას და მიუხედავად უხვი მენსტრუალური გამონადენისა ტკივილი არ მქონია, 2 თვით მაქვს დანიშნული ეს პრეპარატი და შემდეგ მიწევს ვიზიტი ექიმთან და ერთად გადავწყვეტთ, ვიზანაზე შევჯერდებით თუ ჩავიდგამ ჰორმონალურ სპირალს. ალბათ, ოდესღაც კლიმაქსიც მეწვევა და მეც დავისვენებ და ჩემი ოჯახიც.
პ.ს. ენდომეტრიოზი შეიძლება იყოს გავრცელებული სხვადასხვა უბანში და ნაწლავებზეც ამიტომ ძნელია მხოლოდ ოპერაციული ჩარევით დაიმედდე. წარმატებას გისურვებთ ყველას და იმედი მაქვს თქვენს დროს მაინც გამოიგონებენ პრეპარატს რომელიც 100% აალაგებს პროცესს. გისურვებთ წარმატებას.

ნათია, 30 წლის.

მეგობრები რომ ამბობენ თვიური მაქვს და ვკვდებიო, მწყინს. ხომ ვხედავ, რომ წარმოდგენა არ აქვთ რა მაქვს გადატანილი…
18 დღიანი ციკლი ანუ მოსვლიდან მოსვლამდე 15 დღე მქონდა საცხოვრებლად. სიცხე 39 ყოველი მენსტრუაციისას. გულის წასვლა ტკივილის გამო, ღებინება, დიარეა, დეპრესია, ბოსტნეულად ვიქცეოდი ხოლმე.
“ნორმალურია, არაფერი არ გჭირს, უნდა მოითმინო ქალი ხარ, ბავშვს გააჩენ გაგივლის” – ამის მეტი არაფერი უთქვამთ ექიმებს.
2 წლის წინ ჩემით მივაკვლიე ჩემს დიაგნოზს სადღაც ფორუმზე. გავვარდი ექიმთან, მეთქი ვიცი რაც მჭირს, მიმკურნალე! შუშის თვალებით შემომხედა და დავაკვირდეთო. აზრზე არ იყო რაზე ვლაპარაკობდი.
მერე დავნებდი, აღარც ექიმი მინდოდა და აღარც შველა, შევეგუე, რომ უბედური ვარ.
ერთ დღეს სოკოს სამკურნალოდ ოჯახის ექიმმა ჟორდანიაში გამიშვა ქეთი ჯინჯოლავასთან. ძალიან ინდიფერენტული ვიყავი და სოკოს გარდა არაფერი ჩივილი არ მიხსენებია. დამშვიდობებამდე რაღაც ვთქვი უბედურ ცხოვრებასა და ტანჯვაზე. არ გამიშვა, გამომკითხა, თვითონ ივარაუდა ენდომეტრიოზი და დავიწყე იარინას სმა. აქამდე არ ვცხოვრობდი, ვიტანჯებოდი და ვარსებობდი. ახლა დავიწყე ცხოვრება ხალხო! კი აქვს იარინას რაღაც უარყოფითები, მაგრამ ისეთი ჯოჯოხეთიდან გამომათრია, სიმშრალეს და 0 ლიბიდოს ვინ ჩივის…
ვაკონტროლებ ყველაფერს, რაც საჭიროა და უკეთესობა მაქვს ენდომეტრიუმშიც და ჯერ ორგანიზმზე იარინას არაფერი ცუდი ეფექტი არ ჩანს.

ანი, 30 წლის.

თავიდან მქონდა ჩვეულებრივი ციკლი, არაფრით გამორჩეული, თუმცა რაც დრო გადიოდა ტკივილები მემატებოდა ყოველი მოსვლისას, ბოლო 5 წელია დაახლოებით რაც ყავისფერი გამონადენი დამეწყო (ჯერ მხოლოდ ბოლოს, შემდეგ დასაწყისშიც დაემატა). მენსტრუალურ ტკივილებს მეც ჩვეულებრივ მოვლენად ვთვლიდი, რადგან საათივით აწყობილი ციკლი მქონდა, თან სულ 3 დღე და მიხაროდა როგორ გამიმართლათქო, ამის ხათრით იმ ტკივილებს რა უჭირსთქო. ნაცხის ანალიზების გარდა არაფერი არ მქონია გაკეთებული, ექო არ დამიდია მუცელზე 27 წლამდე, რადგან არასდროს არ შევუწუხებივარ სხვა რამეს და არც ექიმს არ შემოითავაზებია. მოახლოვდა ჩემი ქორწილის პერიოდი, დავიწყე სოლარიუმებში სიარული, ისე ვიწექი მუცელზე არაფერი მეფარა, ჩაიარა მალე ქორწილმაც და გავეშურეთ ეგვიპტეში მცხუნვარე მზეზე. ჩამოვედი თუ არა დამეწყო მენჯის (და არა მუცლის) საშინელი ტკივილები მარცხენა მხარეს, ერთ ღამეს ისე ამტკივდა (სავარაუდოდ ოვულაცია მიწევდა) რომ სასწრაფოდ გამაქანა მეუღლემ კლინიკაში, ღუდუშაური იყო ღია მაგ დროს, ბევრი მიტრიალა თუ ცოტა ექიმმა მენჯზე ექო ვერაფერს მიაგნო და მითხრა მოდი მაინც ვაგინალურ ექოს გაგიკეთებო, შემხედა თუ არა რამხელა ბომბი გქონიაო, მოკლედ მარცხენა საკვერცხეზე მეჯდა კვერცხისებური ენდომეტრიოზული კისტა. მალევე გავიკეთე ოპერაციაც და ვერ შემინარჩუნეს საკვერცხე, რადგან მთლიანად შეჭმული ჰქონია საკვერცხე. მას შემდეგ 3 წელი გავიდა და ვარ ცალი საკვერცხით, დაორსულებაც არ შედგა. ამის შემდეგ ყველა ჩემს მეგობარს ვეუბნები, არ აქვს მნიშვნელობა გტკივა თუ არა, ექოზე წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაესინჯოთქო. ყველაზე საკვირველი რაც იყო მარტო მტკივნეული მენსტრუაციის გარდა არაფერი არ მაწუხებდა. ახლა წავიკითხე მუდმივ დაღლილობაზე და ნეტა აქამდე მცოდნოდა და ამდენი ხანი თვითგვემაში არ გამეტარებინა…
1 წლის წინ ძალიან არასტანდარტული გარე ორსულობაც მქონდა, 2 თვის ბავშვი მყავდა მოჭრილი მილის ტაკვში, ისე რომ ეს 2 თვე არც ვიცოდი ორსულად რომ ვიყავი და ბოლო თვეს რომ აღარ მომივიდა მაშინ გავიგე, ცოტაც და ისე გასკდებოდა სისხლისგან დამცლიდა.

საკმარისი კვლევები ენდომეტრიოზის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით არ არსებობს. აღნიშნულ ისტორიებში მოყვანილი მაგალითები არის იმ ქალების გამოცდილება და შეფასებები, რომლებიც თავიანთ ამბებს აზიარებენ. შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში, რუჯს ტკივილის გაძლიერებისა და სიმპტომების გამოხატვის გარკვეული პროვოცირება გამოეწვია, თუმცა ეს მხოლოდ ინდივიდუალური შემთხვევაა.
ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს ამ შემთხვევების განზოგადება მხოლოდ პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, მეცნიერული საფუძვლების გარეშე.

ბლოგის ცხოვრება ენდომეტრიოზით (ენდომეტრიოზი და მისი მკურნალობის მცდელობები) უფრო დეტალური გაცნობა შეგიძლიათ აქ.