სექსუალობა / სტატიები

Girls ‘Life-ით გავრცელებული სტერეოტიპების საპირისპიროდ

2016 წელს, თინეიჯერებისთვის განკუთვნილი ამერიკული ჟურნალის Girls’ Life-ის გარეკანი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. თავად გარეკანზე განთავსებული გამოსახულება დიდად გამორჩეული არ ყოფილა, რადგან მსგავსი ჟურნალის Boys’ Life-ის მსგავსად, საზოგადოებაში გამეფებულ გენდერულ სტერეოტიპებს ასახავდა. მაგრამ, ჟურნალის გარეკანმა გრაფიკული დიზაინერ ქეთრინ იანგის (Katherine Young) ყურადღება მიიპყრო და ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. ქეთრინმა გადაწყვიტა, თავის Facebook-ზე განეთავსებინა იმის ამსახველი ფოტო, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს სინამდვილეში Girls’ Life-ის გარეკანი.

„როცა ჟურნალის გარეკანზე განთავსებული ფოტო ვიხილე, განცვიფრებული დავრჩი. ვერ მივხვდი, ფოტო ნამდვილი იყო თუ – ყალბი. ამ ორი ჟურნალის სხვა ნომრების დაგუგვლის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ეს რეალური იყო. ამან დამთრგუნა“, – გვიამბობს ქეთრინი.

თავისი გრაფიკული ცოდნის წყალობით, ქეთრინმა სულ რამდენიმე წუთში ჩაანაცვლა ჟურნალის გარეკანზე გამოსახული გოგონა Google Science Fair-ის 2015 წლის გრანპრის მფლობელის ოლივია ჰალისის (Olivia Hallisey) ფოტოთი, რომელსაც ახალი, შთამბეჭდავი სათაურები დაადო. შედეგად მიიღო ჟურნალის ისეთი ყდა, რომელიც გოგონებისთვის „როგორ გავიღვიძოთ ლამაზებმა“ – ტიპის რჩევების საუკეთესო ალტერნატივა იყო.

ქეთრინმა გარეკანის შეცვლა იმ მოტივით გადაწყვიტა, რომ მეტად გაესვა ხაზი მოზარდ გოგონებზე გათვლილი იმ გზავნილებისთვის, რომლებიც მასმედიაში ასე უხვად ჟღერს. „ჩვენ შეგვიძლია, გარემო გავაუმჯობესოთ. ვიმედოვნებ, ეს გარეკანი დაგვაფიქრებს იმაზე, რომ დღითიდღე უკეთ გავიაზროთ ის იმიჯები, რომელსაც ჩვენს შვილებს ახვევენ თავს. მინდა, ეს იქცეს როგორც გოგონებთან, ასევე ბიჭებთან საუბრის სტიმულად. ყველამ უნდა იცოდეს, რომ გოგონას ღირსება მხოლოდ მომხიბლავი გარეგნობა არაა“, – განაცხადა მან.

წყარო: womenyoushouldknow.net