თანასწორობის პოლიტიკა

გაეროს კვლევა: ადამიანების თითქმის 90%-ს ქალების მიმართ წინასწარგანყობილი დამოკიდებულება გააჩნია

გაეროს კვლევის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 90%-ს ქალების მიმართ წინასწარგანყობილი დამოკიდებულება გააჩნია.

კვლევამ 75 ქვეყანა მოიცვა, რომლებიც მსოფლიო მოსახლეობის 80%-ითაა დასახლებული. მასში ნათქვამია, რომ კაცების 91%-ს და ქალების 86%-ს ქალების პოლიტიკაში, სამსახურში ან განათლების სფეროში ჩართულობასთან დაკავშირებით წინასწარგანწყობები გააჩნია.

კვლევის შედეგების თანახმად, ადამიანების დაახლოებით ნახევარი ამბობს, რომ კაცები საუკეთესო პოლიტიკური ლიდერები არიან. 40%-ზე მეტი ადამიანი დარწმუნებულია, რომ კაცები ბიზნესის სფეროში ქალებთან შედარებით გაცილებით წარმატებულნი არიან. კაცების და ქალების თითქმის მესამედს მიაჩნია, რომ კაცის მიერ ცოლის ცემა მისაღებია.

კვლევაში მონაწილე 75 ქვეყნიდან, მხოლოდ ექვსში უჩვენებს მოსახლეობის 50%-ზე ნაკლებ რიცხვს ქალთა მიმართ წინასწარგანწყობების არსებობის მხრივ. საქმე ეხება ანდორას, ავსტრალიას, ნიდერლანდებს, ახალ ზელანდიას, ნორვეგიასა და შვედეთს.

გაეროს განვითარების პროგრამამ, რომელმაც კვლევა გამოაქვეყნა, ყველა ქვეყნის მთავრობას მოუწოდა, კანონმდებლობაში შეიტანოს ცვლილებები, რომელიც ქალთა მიმართ არსებული წინასწარგანწყობების აღმოფხვრისკენ იქნება მიმართული.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ვცხოვრობთ კაცებით დომინირებულ მსოფლიოში, მაგრამ ეს კვლევა ადასტურებს, თუ როგორ ძლიერადაა გავრცელებული გენდერული წინასწარგანწყობები, და მისი შედეგები შოკში გვაგდებს“, – განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის დირექტორმა პედრო კონსეისაომ (Pedro Conceição).

გასული წლის დეკემბრის ბოლოს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სპეციალისტებმა ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელშიც ნაჩვენები იყო, რომ გლობალური გენდერული თანასწორობა მხოლოდ 99,5 წლის შემდეგ იქნება მიღწეული. გენდერული თანასწორობის გამტარებელი ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილზე არიან ისლანდია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი და ნიკარაგუა. გერმანია მე-10 ადგილზეა. აშშ 53-ე ადგილს იკავებს, ისრაელი კი – 64-ეს. საქართველო ამ რეიტინგში 74-ე ადგილზეა, ბოტსვანას შემდეგ.

კვლევის ავტორებმა დამსაქმებლებს რეკომენდაციით მიმართეს, შეკვეცონ გენდერული უთანასწორობა და ქალებს მისცენ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა და მათ შეუქმნან ინკლუზიური სამუშაო გარემო.