თანასწორობის პოლიტიკა

Google ერთნაირ სამუშაოში ქალ თანამშრომლებს წელიწადში $17 000-ით ნაკლებს უხდიდა, ვიდრე – კაცებს

Alphabet Inc. Google-მა ვერ მოახერხა, სასამართლო დაერწმუნებინა, დაებლოკა კოლექტიური სარჩელი დასაქმების სფეროში გენდერული უთანასწორობის თაობაზე, რომელიც თითქმის 11 000 ქალის სახელითაა შეტანილი.

სან-ფრანცისკოს შტატის მოსამართლემ კოლექტიური სარჩელი წარმოებაში ხუთშაბათს მიიღო და ამით ოთხ წამყვან მოსარჩელეს საშუალება მისცა, ყოფილიყო წარმომადგენელი 10 800 ქალისა, რომლებიც Google-ს უთანასწორო ანაზღაურებაზე უჩივიან.
თავდაპირველად, ოთხმა ქალმა აღმოაჩინა, რომ Google ქალ თანამშრომლებს დაახლოებით $17 000-ით ნაკლებს უხდიდა წელიწადში, ვიდრე – კაცებს, ზუსტად იგივე სამუშაოში.

ახლა მათ უკან მომჩივანი 10 800 ქალი დგას, რომლებიც აცხადებენ, რომ კომპანია ქალებს ერთმნიშვნელოვნად ნაკლებს უხდის. კოლექტიური სარჩელის ავტორები კომპენსაციის სახით $600 მილიონამდე ითხოვენ.

სარჩელი პირველად Google-ის ოთხმა ყოფილმა ქალმა თანამშრომელმა შეიტანა, 2017 წელს. მასში ნათქვამია, რომ კომპანიამ კალიფორნიის კანონი დაარღვია შრომის თანაბარი ანაზღაურების შესახებ და ქალ თანამშრომლებს გაცილებით ნაკლები გადაუხადა, ვიდრე – ანალოგიური სამუშაოს შემსრულებელ კაც თანამშრომლებს.

კელი დერმოდი, ქალთა ადვოკატი, ამბობს, რომ შემდეგი ნაბიჯი საქმის სასამართლო განხილვაში გადაცემა იქნება, რაც, სავარაუდოდ, 2022 წლისთვის იგეგმება.

“მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა მიზნად დაისახონ თანაბარი ანაზღაურების უზრუნველყოფა, ნაცვლად იმისა, რომ ფული სასამართლო პროცესებში ფლანგონ”, – დასძინა მან.

bloomberg.com