ბლოგები

„უფლის სახელით” სიკვდილმისჯილნი

ერეკლე გრიგოლიას ბლოგი

სიცოცხლე ხომ უფლისგანაა ბოძებული, ამიტომაც შორს ჩვენგან „ევთანაზია“, „აბორტი“ და ა.შ. ჩვენი სიცოცხლე უფალს ეკუთვნის, მის პირად ნებას კი ჩვენ „გამტარებისგან“, ანუ ადგილობრივი სამღვდელოებისგან, ვგებულობთ. უფლის „მესიჯი“ შემდეგი ყოფილა – სიცოცხლე უმაღლესი ფასეულობააა, ოღონდ გარკვეული პირობით – ხსენებულ სამღვდელოების მიერ დაწესებული  პირობით  სწორედ.

ქართული „მართლმადიდებლური“ ეკლესია საბჭოთა „კაგებეს“ ვეტერანი პატრიარქის მეთაურობით ამ ქვეყანაში უკვე 40 წელზე მეტია აღნიშნული „უფლის“ ნებით დაუცხრომლად კვებავს ყველანაირ ბოროტებას (ოფიციალურად „გაპრავებული“ სამოქალაქო ომი, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების „კუდიანებად“ გამოცხადება და მათზე პირდაპირი გაგებით ნადირობა, ბოლო წლებში ძალიან მომრავლებული ფემიციდის (ქმრების მიერ ცოლებისა თუ ცოლყოფილების ხოცვა) ფაქტებზე თვალის დახუჭვა („ქალი კაცის თანასწორი ვერასდროს იქნება“ – გაუთავებლად გვესმის მაღალი ამბიონებიდან) და ა.შ..

რაც ყველაზე სამწუხაროა,  უამრავი ქალი ნებაყოფლობითა და  სიამაყით „მრევლობს“ აქ -„სტოკჰოლმის“ სინდრომი, ანუ „მელას თავისი მახრჩობელა უყვარდაო“, – მამაპაპურად რომ ვთქვათ.

ამ სისხლის ფონზე, ეკლესიის მიერ ამ გაღატაკებული ქვეყნის ბიუჯეტის ყვლეფა,  უძვირესად ღირებული ავტოები, დიდძალი უძრავ-მოძრავი ქონება და დაუბეგრავი ბიზნესები მოსატანიც არაა.

პატრიარქ ილია მეორეს ერთი უნიკალური თვისება გააჩნია – ნებისმიერი სკანდალიდან კიდევ უფრო გასუფთავებულ-გასპეტაკებული გამოდის ხოლმე. დეკანოზ მამალაძის  ბურუსით მოცული ისტორიიდან დაწყებული, ეროტიკული ხასიათის ბრალდებებით დამთავრებული, მთავარი სულიერი „მწყემსი“ ხელშეუხებელია აპრიორი. ამიტომაცაა, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს საპატრიარქოს და ცალკეულ „მეუფეებს“, ცოცხალი თავით ხაზგასმულად არ ეხება მის „უწმინდესობას“ (ცნობილი ქართული ანდაზა, თევზი თავიდან ყარსო, – აქ პრინციპულად არ მუშაობს).

საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია, საპატრიარქოს „ეფლირტავება“ მრევლის გულისა და ხმების მოსაგებად. ქვეყანა შარშან ოფიციალურად გამოცხადდა  ღვთისმშობლის „წილხვდომილად“ (ღვთისმშობელი ისტორიულ პერსონაჟად ვაღიარეთ ლამის) და ამ „დღესასწაულის“ საკადრისად აღსანიშნად ბლომად საბიუჯეტო თანხებიც გადაისანსლა „წილხვდომილი“ ჩინოვნიკებისა და საეკლესიო ელიტის მიერ. კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებისას, ამ „ფლირტმა“ კულმინაციას მიაღწია. ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს, რომელთაც  ქვეყნის ღია მტრის, რუსეთის დუმის დეპუტად გავრილოვის ამ ქვეყანაში ოფიციალურ დონეზე ზარ-ზეიმით მიღება გააპროტესტეს, „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის’’ სარჩულით, თვალები დასთხარა, დაასახიჩრა და დააპატიმრა. დიახ, სწორედ ეს ხელისუფლება, ამ „სიკეთეებისთვის“ გაპრემიერებული  გიორგი გახარიას სახით, საოცარი სენტიმენტებით გამოირჩევა ეპიდემიის ფონზე მისი კაბინეტის მიერვე დიდის ამბით დაწესებულ საგანგებო მდგომარეობის ღიად დამრღვევი საპატრიარქოსა და მრევლის მიმართ („მართლმადიდებლურ სახელმწიფოში ეკლესიასა და მრევლს ვერ  დავაჯარიმებთ“ –  საჯაროდ აცხადებს  მოქალაქეთა სხვა ჯგუფების მიმართ ფრიად „შეუვალი“ „სეკულარული“  ქვეყნის პრემიერი),  ხოლო ჯანმრთელობის დაცვის მინისტრისგან, პროფესიონალი ექიმისგან, გვესმის, რომ მას თურმე „არ სმენია იმის შესახებ, შესაძლოა თუ არა საერთო კოვზი გახდეს ვირუსის გავრცელების საფრთხე, რადგან შესაბამისი კვლევები ჯერ არ ჩატარებულა“.

კორონავირუსის საყოველთაო საფრთხის გამო, რომის პაპი მარტო აღავლენს ლოცვას, საქართველოს საპატრიარქო კი „რომის პაპზე უფრო მეტად კათოლიკე“ ხომ აღმოჩნდა, პარალელურად თავის ერთმორწმუნე კურატორებსაც „გადაუჯოკრა“ „უფლის სიყვარულში“ და არათუ სახლში დარჩენისკენ არ მოუწოდა, პირიქით, მრევლის სააღდგომო მობილიზაციას ახდენდა პერმანენტული „დარჩი სახლშის“ მიუხედავად და ცოცხალი თავით არ დათმო მოსალოდნელი საფრთხის ფონზე ყველაზე საშიში და ისედაც გულისამრევად არაჰიგიენური საერთო კოვზიდან ზიარების რიტუალი  (თურმე ნუ იტყვით და, ხსენებული კოვზი უფლის ნებით  უხილავად ცხელდება 1000 გრადუსამდე ზიარებისას, არც მეტი, არც ნაკლები).

ასე რომ,  საქართველოს ხელისუფლებამ და საპატრიარქომ გავლენების გამყარების მიზნით ახალ კორონასთან ალიანსი გააფორმეს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და ქვეყანაში ფაქტობრივად ორხელისუფლებიანობა გაფორმდა (სახელმწიფო გადატრიალებაც ასეთი უნდა – საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათისას).

სწორედ ამ დროს კი, სამოქალაქო ხელისუფლება ხეირიან პირბადეებსაც ვერ კერავს, ხოლო ქვეყნის რეალური და  უჩინარი ხელმძღვანელი ოჯახურ გარემოში მოხდენილი და  წამიერი  წაცეკვებით „გვახალისებს“.

გამოსავალს რაც შეეხება – იმუნიტეტის თემაა ახლა აქტუალური,  კერძოდ კოლექტიური იმუნიტეტის. სექსი რომ იმუნიტეტს აძლიერებს და გვერდითი მოვლენებიც არ გააჩნია დიდად პრეპარატებისგან განსხვავებით, მეცნიერებამ დიდი ხანია დაადგინა. ჰოდა ზემოაღნიშნული ღონისძიება ხომ არ მიგვეცა ნაციონალური მასშტაბით ექსპერიმენტის სახით?

პ.ს. ყველაფერი უფლის დაშვებითააო, თავად პატრიარქმა ბრძანა, ბოლო-ბოლო, არა?