"საფარის" აქტივობები / პროექტები / ფანჯარა

სოფელ დარბაზში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

10 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების ყაჩაღანისა და აღმამედლოს მოსახლეობამ, „სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრმა“ და „საფარმა“ ერთობლივად მიმართეს მარნეულის მერიასა და საკრებულოს საბიუჯეტო ინიციატივით.

როდესაც პროექტის „მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის გაზრდა” ავტორები მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლებს შეხვდნენ, ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საჭიროებად გამოიკვეთა დასახელებულ სოფლებში ბაგა-ბაღის არარსებობა. სოფლის თემთან შეხვედრების შედეგად, შეგროვდა ხელმოწერები საბავშვო ბაღის მშენებლობის მოთხოვნის თაობაზე.

15 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებმა ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზში საბავშვო ბაღის აშენების მოთხოვნით პეტიცია შეიტანეს.

ორი დღის შემდეგ, ბოლნისის მერმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე იმ დასახლებების სია გაავრცელა, სადაც ახალი საბავშვო ბაღები აშენდება, სიაშია სოფელი დარბაზიც.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მიესალმება ყველა ინიციატივას, რომელიც ემსახურება მოქალაქეების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. მოხარული ვართ, რომ ბოლნისელები აჩვენებენ მაღალ სამოქალაქო კულტურას და აქტიურად ცდილობენ, თავიანთი ხმა ადგილობრივ ხელისუფლებას მიაწვდინონ”, – აღნიშნულია მერის განცხადებაში.

დარბაზის თემში მდებარე საბავშვო ბაღის მოთხოვნით 2 დღის წინ წარდგენილ პეტიციას 652-მა მოქალაქემ მოაწერა ხელი.

პროექტი „მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის გაზრდა” ხორციელდება “სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის“ (CEAC) და „საფარის“ მიერ, ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.