ბავშვზე ძალადობა / ბლოგები

ბავშვი, როგორც ეგოისტი და ნარცისი მშობლების სათამაშო

ავტორი: ნინო ყვირილიანი

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ ქვეყანაში მშობლების უმრავლესობას შვილები უყვარს, თავს იტყუებს. ჯერ უბრალოდ გონების წყვდიადში არ ჩაუხედავთ. იქ, სადაც გადავსებული გონების დაცლა არ უნდა ადამიანს, სამგლოვიარო თაიგულებით პანაშვიდზე სირბილი და ცრემლების ფრქვევა სიყალბეა.

თუ ვინმე მთლად კეტით არ სცემთ ბავშვებს სახლში, გგონიათ, ყველაფერი ჯანსაღად მიდის? ბავშვი აქ ეგოისტი და ნარცისი მშობლების სათამაშოა უმრავლესობისთვის, – ეს ახალი არ არის. სადაც არ უნდა წახვიდე, ქვეყნიდანაც რომ გაიქცე, საკუთარი ცნობიერება ყველგან მოგყვება.

ჩვენში განსაკუთრებით მშობლების ორი კატეგორია სჭარბობს: ერთი ავტორიტარი, უარეს შემთვევაში ტირანი მშობლები, რომლებიც მბრძანებლობენ და სცემენ კიდეც ბავშვს, და მეორე კატეგორია – ჰიპერმზუნველები, რომლებიც ფერებაში ახრჩობენ შვილებს. მინდა, გითხრათ: ესეც უსიყვარულო მშობლების სიმპტომია, – მათ რეალურად სიყვარული არ შეუძლიათ და უსაზღვრო ფერებით და ჰიპერ ზრუნვით გაუცნობიერებლად აკომპენსირებენ, ანაზღაურებენ საკუთარ თავში არსებულ უსიყვარულობას.

მშობელი ბავშვში ეძებს საკუთარ თავს, ბავშვში ისრულებს საკუთარ სურვილებს, ვერრეალიზებულ, მოწყენილ ცხოვრებას რა უყოს, აღარ იცის და მასზე გადააქვს ყურადღება. გადახედეთ, რა ხდება ირგვლივ. ელემენტარული, ბავშვების ფოტოებშიც კი ბავშვობა დაკარგულია, დამაკიაჟებული და სამოდელო პოზებში გამოპრანჭული ციცქნა ბავშვები მშობლის ნარცისულ გამოხტომებს ასრულებენ. სუფრაზე ჭიქას სწევენ ციცქნა პატარა ბიჭები, მეტყველებაც რომ ახალი დაწყებული აქვთ, – ჭიქას ჭიქაზე უჭახუნებენ და განპირობებული გონებიდან წამოსულ დაზეპირებულ სადღეგრძელოებს ამბობენ. მშობლების რეაქცია: „შენ გენაცვალე! კაცი გვეზრდება!“.

როგორი სუფთა დედანია ბავშვი და როგორ ცდილობენ, საკუთარ ასლად აქციონ… გაუცნობიერებლად, ყველაფერს სიყვარულის სახელით ნიღბავენ. აზრს თუ გამოთქვამ აღზრდის არაჯანსაღ მიდგომებზე, – აბა, ჩვენ როგორ გავიზარდეთო? – გიპასუხებენ, – ჩვენი მშობლებიც მკაცრად გვზრდინენ და მადლობა მათო.

ეს გაუცნობიერებელი მონური სოლიდარობა ჯაჭვურ ფაშიზმად იქცევა და მომდევნო თაობაზე გადადის. ბავშვს დაიცავ და გეტყვიან, ჩემს შვილს რასაც მინდა, იმას ვუზამო.

ვინ მოგცა ამის უფლება, მიისაკუთრო ახალი სიცოცხლე და როგორც გინდა, ისე მოექცე, როცა გინდა, დაუყვირო, როცა გინდა, მოარტყა?! მიტყეპა პირდაპირ ურტყამს ლიბიდოზურ ენერგიას, რის აზრზეც არ არის მშობლების 95 პროცენტი. წარმოდგენა არ გაქვთ, თერაპიის დროს რას ვისმენთ, როგორი გაურკვეველია საკუთარ სექსუალობაში ადამიანი მძიმე ბავშვობის გამო, როგორი ჩაკეტილია და ვერრეალიზებული, ან პირიქით, პიკზეა მისი დაგროვილი ბრაზი. მას ერთი სული აქვს, ჯავრი იყაროს სამყაროზე. სად მიდის ეს რეპრესირებული განცდები, როგორ გგონიათ?! ამას ოდესმე აუცილებლად ამოანთხევს ადამიანი, დამახინჯებული ფორმით. ფსიქოლოგიურად დაუბადებელი და მოუმწიფებელია თვითონ მშობელი და კიდევ ბავშვებთან აქვთ პრეტენზია…

ბავშვებო, გახსოვდეთ, თქვენ ხართ პიროვნებები, რომელზე ბატონობის უფლება არც მშობელს აქვს და არც არავის! გააპროტესტეთ მონური დამოკიდებულება, მაგრამ ისე კი არა, რომ თქვენც იგივე შეუბრუნოთ – ხელს რომ დაგარტყამთ უფროსი, ხელი კი არ უნდა შეუბრუნოთ, – თქვენ, მჯერა, მათზე მეტ გონიერებას გამოიჩენთ. აუხსენით, რომ თქვენ ინდივიდები ხართ, ვისაც უნდა ემეგობროს მშობელი, ვისაც მოსმენა სჭირდება. თუ ეს არ ჭრის და გრძელდება ძალადობა, დარეკეთ სამართალდამცავებთან. აი, სამართალდამცავიც რომ ხშირად თვითონ ძალადობს ოჯახში და გამოძახებული პოლიცია რომ სრულიად აიგნორებს მსხვერპლს, მანდ რა უნდა ვქნათ?!

სირცხვილია, ვისაც ეს სისტემა მოგწონთ და ამაზე პროტესტი არ გიჩნდებათ. ნუთუ მიეჩვიეთ ამდენ სიკვდილს და ტრაგედიას?!