სექსუალური ძალადობა

მოდის მაგნატი პიტერ ნაიგარდი სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს

კანადაში, აშშ-ის მოთხოვნით, მოდის კორპორაცია Nygard-ის დამაარსებელი, სამოცდაცხრამეტი წლის მილიონერი პიტერ ნეიგარდი დააკავეს. მას სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობაში, რეკეტსა და სხვა დანაშაულებში ედება ბრალი. გამოძიების მასალების მიხედვით, ნაიგარდი 1995 წლიდან მოყოლებული იყენებს თავის გავლენებსა და ბიზნესს ქალების, მათ შორის არასრულწლოვნების, “მოზიდვასა და ექსპლუატაციაში”. ეს ხდებოდა აშშ-ში, კანადასა და ბაჰამის კუნძულებზე, თავად ნაიგარდისა და მისი პარტნიორების სექსუალურად გართობის მიზნით. იგი და მისი თანამზრახველები Nygard Group-იდან ამ მიზნით საგანგებოდ ირჩევდნენ გოგონებს ხელმოკლე ოჯახებიდან.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ნაიგარდი ქალებს “მუქარების, კარიერული წინსვლის შესახებ ცრუ დაპირებების, ფინანსური მხარდაჭერისა და იძულების სხვა ხერხების საშუალებით აკონტროლებდა, მათ მუდმივად უთვალთვალებდა, ზღუდავდა მათ ფიზიკურ გადაადგილებას და ამყოფებდა მუდმივ იზოლაციაში”. ნაიგარდი და მისი თანამზრახველები ქალებს აუპატიურებდნენ, ზოგიერთ მათგანს იძულებით ნარკოტიკებსაც უკეთებდნენ.

გამოძიების თანახმად, ნაიგარდს ზოგიერთ დაზარალებულთან “პირადი” ან “საქმიანი” ურთიერთობები ჰქონდა: იგი მათ “დაქალებს” ან “ასისტენტებს” უწოდებდა. სხვა დანარჩენთან ერთად, მათი მოვალეობა ნეიგარდისთვის ახალი ქალების ან არასრულწლოვნების მოზიდვაც შედიოდა. მაგნატი ასეთ “დაქალებსაც” აკონტროლებდა, ემუქრებოდა, სახლიდან მისი ნებართვის გარეშე გასვლას უკრძალავდა, მათ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღებას აიძულებდა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ის ხერხები ჩამოთვალა, რომელთა მეშვეობითაც ნაიგარდი ქალებსა და არასრულწლოვან გოგონებს ტრეფიკინგის ქსელში რთავდა. მათ შორისაა Nygard Group-ის სპეციალური წვეულებები, სვინგერების კლუბები და პარტნიორების გაცვლის ფართი. ამ დროს, ნაიგარდი თავის “დაქალებს” სხვა კაცებთან სექსს აიძულებდა.

მაგნატი ქალებს ანაზღაურებას თავისი Nygard Group-ის ფონდებიდან უხდიდა ან კომპანიაში შრომით ხელშეკრულებებს უფორმებდა. იგი ასევე Nygard Group-ის თანამშრომლებსა და ფონდებს იმ ადამიანების დასაშინებლად იყენებდა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იგი ძალადობითა და ტრეფიკინგით იყო დაკავებული, – ცრუმოწმეებს უხდიდა ან ემუქრებოდა მათ.

ამ წლის დასაწყისში, კანადელი მაგნატის წინააღმდეგ სარჩელი ათმა ქალმა შეიტანა. ზოგიერთმა მათგანმა განაცხადა, რომ ნაიგარდმა ისინი გააუპატიურა, როდესაც არასრულწლოვნები იყვნენ. მათ სარჩელს კიდევ 57 ქალი შეუერთდა.

justice.gov