ბავშვზე ძალადობა

Oxfam – პედოფილიის ბუდე – სკანდალი უმსხვილეს საქველმოქმედო ორგანიზაციაში

საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ის დირექტორის მოადგილე პენი ლოურენსი (Penny Lawrence), ხმამაღალი სკანდალის ფონზე, გადადგა. ბრიტანული პრესის თანახმად, 2011 წელს, ჰაიტიზე დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, ორგანიზაციის ხელმძღვანელები, მისიის მეთაურის როლანდ ვან ჰაუვერმეირენის (Roland van Hauwermeiren) ჩათვლით, ორგანიზაციისავე დაქირავებულ ვილებში, არასრულწლოვან გოგონებთან საღამოებზე ერთობოდნენ. ყველაზე მთავარი აქ ისაა, რომ Oxfam-ის ხელმძღვანელობამ ეს ყველაფერი იცოდა და ამ ამბებს პრესას უმალავდა. ახლა, შესაძლოა, ორგანიზაცია დაფინანსების გარეშე დარჩეს.

7 წლის წინანდელი ისტორია რამდენიმე დღის წინ გასკდა, მას შემდეგ, რაც Times-მა ბრიტანეთის სამთავრობო კომიტეტისთვის საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ის საქმიანობის ანგარიშიდან ამონარიდები გამოაქვეყნა. ტექსტის თანახმად, ირკვევა, რომ ორგანიზაციის თანამშრომლების მიერ იჯარით აღებულ ვილებზე ხშირად იმართებოდა საღამოები არასრულწლოვანი სექს-მუშაკების მონაწილეობით. გარდა ამისა, ორგანიზაციის თანამშრომელთა მხრიდან, იყო შევიწროებისა და პერსონალის დაშინების შემთხვევები. რაც მთავარია, ჩადენილის გამო არავინ დასჯილა, დამნაშავეები კი თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ორგანიზაციის სხვადასხვა პოზიციებზე, ან მშვიდად ტოვებდნენ სამსახურს.

ის, რომ ჰუმანიტარული მისიის დროს, Oxfam-ის თანამშრომლები სექს-მუშაკებს ქირაობდნენ, ადრეც ცნობილი იყო. არასრულწლოვანი სექს-მუშაკების ამბავი კი საზოგადოებამ ახლაღა შეიტყო. როლანდ ვან ჰაუვერმეირენმა ფაქტების ნაწილი აღიარა, თუმცა, ამბობს, რომ ამ ამბავში ბევრი “გადაჭარბება და სიცრუეა”. გამოცემა The Observer-მა, მოგვიანებით აღნიშნა, რომ იგივე ვან ჰაუვერმეირენის მეთაურობით, Oxfam-ის თანამშრომლებმა სექს მომსახურებაში 2006 წელსაც გადაიხადეს, ჩადში.

რეპუტაციის რამენაირად გადასარჩენად, Oxfam-ის ხელმძღვანელობამ დაუყოვნებლივ ბოდიში მოიხადა.

„შოკირებული ვარ ამ ისტორიით, რადგან თავად გავიქეცი იმ ქვეყნიდან, სადაც ქალებსა და გოგონებს ფულიანი და ძალაუფლებიანი კაცები ჩაგრავდნენ. მას შემდეგ, რაც Oxfam-ში მოვედი, ქალთა უფლებების დაცვა ჩემი მთავარი პრიორიტეტი გახდა. ძალადობის მსხვერპლთ სრულ სოლიდარობას ვუცხადებ. რაც შეეხება გამოძიებას, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ დამნაშავეები ვეღარასოდეს იმუშავებენ მსგავს ორგანიზაციებში“, – განაცხადა ვინი ბიანიმამ (Winnie Byanyima), Oxfam International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

„ეს ნამდვილი ღალატია იმ ადამიანებისა, რომლებიც თავიანთ სამუშაოს კეთილსინდისიერად ასრულებდნენ. თავად Oxfam-ის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რამდენად ხარისხიანად ეხმარებოდნენ მისი თანამშრომლები ადამიანებს. როდესაც ინფორმაცია გამოჩნდა დანაშაულის შესახებ, ორგანიზაციას არ აღმოაჩნდა მორალი საჭირო ზომების მისაღებად. ამ ვითარებაში, ორგანიზაციას ჩვენს პარტნიორად ვეღარ განვიხილავთ“, – განაცხადა პენი მორდონტმა, დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების მინისტრმა. ცნობისათვის, ორგანიზაციის შარშანდელმა ბიუჯეტმა 32 მილიონი ფუნტი შეადგინა.

Oxfam — 17 ორგანიზაციის გაერთიანებისგან შემდგარი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მთელს მსოფლიოში სიღარიბეს ებრძვის. იგი ბრიტანეთის ქ. ოქსფორდში 1942 წელს დაარსდა. Oxfam დღესდღეობით 10 000 თანამშრომელს ითვლის, რომლებიც მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობენ. საინტერესოა, რომ ორგანიზაციის მნიშვნელოვანი დამფინანსებელი სახელმწიფოა, უფრო სწორად, რამდენიმე ქვეყანა, ანუ აქ გადასახადების გადამხდელების თანხები იყრის თავს. ლონდონის კვალდაკვალ, Oxfam-ის დაფინანსებაზე უარი ბრიუსელმაც განაცხადა.

„ველოდებით, როდის გაერკვევა Oxfam სრულად სიტუაციაში, მაქსიმალურად გამჭვირვალედ და სასწრაფოდ. მზად ვართ, გადავხედოთ და საჭიროების შემთხვევაში, შევუწყვიტოთ დაფინანსება ნებისმიერ პარტნიორს, რომელიც არ იცავს სავალდებულო ეთიკურ სტანდარტებს“, – განაცხადა მაია კოსიანიჩმა (Maya Kosianic), ევროკომისიის წარმომადგენელმა.

Oxfam-ის შემდგომი ბედი მასშტაბურ გამოძიებაზეა დამოკიდებული, რომლის ჩატარებაც ბრიტანეთის ხელისუფლებამ ითავა.

ვიდრე გამოძიება მომხდარის სრულ სურათს აღადგენს, Oxfam-მა სახელგანთქმული ელჩები დაკარგა, რომელთა შორის არიან მსახიობი მინი დრაივერი (Minnie Driver) და ნობელის პრემიის ლაურეატი, არქიეპისკოპოსი დესმონდ ტუტუ (Desmond Tutu).

წყარო: bbc.com