სექსუალური შევიწროება

პლასიდო დომინგო თავის მიერ შევიწროებულ ქალებს ბოდიშს უხდის

სახელგანთქმული საოპერო მომღერალი ბოდიშს უხდის ყველა ქალს, რომელმაც მას სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი.

შეგახსენებთ, რომ არტისტის წინააღმდეგ ჟურნალისტური გამოძიება Associated Press-მა ჩაატარა 2019 წლის აგვისტოში, როცა უკვე 9 დაზარალებულმა აღიმაღლა ხმა. დღეს, სააგენტოს ინფორმაციით, 1990-იანი წლებიდან 2000-იანების ჩათვლით, დომინგოს მხრიდან შევიწროებული ქალების რიცხვი უკვე 27-ს უტოლდება. დაზარალებულთა თქმით, პლასიდო მათ ეხებოდა, ცდილობდა, მათი ნებართვის გარეშე ეკოცნა, ღამღამობით ურეკავდა და თავისმომაბეზრებლად მოითხოვდა მათგან, მისულიყვნენ მასთან სახლში ან პაემანზე.

„ბოლო რამდენიმე თვეა, ვაანალიზებ იმ ბრალდებებს, რომლებიც ჩემ წინააღმდეგ სხვადასხვა კოლეგებმა წამოაყენეს. მე პატივისცემით ვეკიდები იმას, რომ ამ ქალებმა, ბოლოს და ბოლოს, თავი საკმაოდ კომფორტულად იგრძნეს საიმისოდ, რომ თავიანთ გულისტკივილზე ესაუბრათ. მინდა, მათ იცოდნენ, რომ მართლაც ძალიან ვნანობ მათთვის მიყენებული ზიანის გამო. ჩემი ქმედებების გამო, მთელ პასუხისმგებლობას ვიღებ. ამ დროისთვის, ბევრი რამ ხელახლა გავიაზრე“, – ნათქვამია მომღერლის განცხადებაში.

დომინგოს თქმით, ახლა მას ესმის, რომ ზოგიერთი ქალი მისი მხრიდან წამოსული სექსუალური ზეწოლის შესახებ საუბარს კარიერის დაკარგვის შიშით გაურბოდა. „ეს არასოდეს ყოფილა ჩემი განზრახვა. არასოდეს არავინ უნდა იგრძნოს თავი ასე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს იმაში, რომ „საოპერო ინდუსტრიაში მსგავსი შემთხვევები აღარასოდეს მოხდეს და სამუშაო ადგილი იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო“.

Associated Press-ის მონაცემებით, დომინგოსთან დაკავშირებით ამჟამად მეორე გამოძიება მიმდინარეობს ლოს-ანჯელესის ოპერის ინიცირებით, რომლის გენერალური დირექტორიც იგი 2003 წლიდან იყო, ვიდრე, გასული წლის ოქტომბერში არ გადადგა. გამოძიების შედეგად, მომღერალთან დაკავშირებულ ისტორიაში ახალი დეტალები გაჩნდა: ორმა ქალმა განაცხადა, რომ იძულებულნი გახდნენ, დომინგოსთან სექსი ჰქონოდათ, რადგან ეშინოდათ, ამ უკანასკნელს მათი კარიერა არ გაეცამტვერებინა.