სტატიები

Pussy Riot-მა ახალი ვიდეოკლიპი გამოუშვა

სკანდალურად ცნობილმა რუსულმა ჯგუფმა Pussy Riot ახალი ვიდეოკლიპი გადაიღო სახელწოდებით Straight Outta Vagina. მისი მორიგი ფემინისტური მანიფესტი ქალთა უფლებებსა და „ვაგინის მფლობელთა“  დიდ ძალაზე საუბრობს. მისამღერის თანახმად, „ჩვენ ყველანი ვაგინის მხრივ ერთმანეთის ძმები და დები ვართ“.

ვიდეორგოლში ნაჩვენებია, თუ როგორ ცეკვავენ სხვადასხვა ტიპის ფიგურის მქონე ქალები საპირფარეშოში სავაჭრო ეტიკეტებით. ისინი სარკის წინ ამ ეტიკეტებს იჭრიან – პროტესტს უცხადებენ სხეულის ობიექტივიზაციას. კლიპში აქცენტირებულია Pussy Riot-ის „საფირმო“ ატრიბუტები – ფერადი ნიღბები, აგრეთვე ფემინისტური პრობლემების ვიზუალურ მხარე – ჰიგიენური საფენები და გაუპარსავი იღლიები.

ვიდეოში ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა პანკი სასულიერო პირის როლში მოგვევლინა. აგრეთვე, Pussy Riot-ის ახალ კლიპში მონაწილეობენ ამერიკელი რეპ შემსრულებლები Leikeli47 და Desi Mo. რაც შეეხება ვიდეოში მონაწილე მოცეკვავეებს, მოდელებსა და ფაუერლიფტერებს, ისინი მხოლოდ მსახიობები არ არიან – ყველა მათგანი რეალური აქტივისტია.

„ქალი მართლაც არ არის საქონელი. ცუდი არაა, როდესაც ძველ, კეთილ ჭეშმარიტებებს ვიხსენებთ ხოლმე. ჩვენ ყველანი პუტინისა და ტრამპის მსგავსი არსებებით ვართ გარშემორტყმულნი, ისინი კი ქალებს და ძვირფას საათებს ერთ კონტექსტში განიხილავენ. ჩვენ დროდადრო გვეჩვენება, რომ თანასწორობა მიღწეულია, ფემინიზმი კი საჭირო აღარაა. ისტორიის მასშტაბით, ქალთა ემანსიპაცია შედარებით ახალი ხილია. გულუბრყვილობა იქნებოდა იმის ფიქრი, რომ ასი წლის განმავლობაში მართლაც შესაძლებელია ყველა არსებული კულტურული წინასწარგანწყობის დაძლევა. როდესაც შეხვედრის დროს კაცს ხელს ჩამოსართმევად ვუწვდი, ჯერაც ისე მიყურებენ, როგორც იდიოტს. ასე რომ, ჯერ კიდევ სადღაც ბნელში ვართ“, – აცხადებს ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა.

ვიდეოკლიპი სარეკლამო რეჟისორმა ფილიპ ლოპესმა გადაიღო.