თანასწორობის პოლიტიკა

Royal Brunei Airlines საუდის არაბეთში ქალი პილოტების ეკიპაჟით დაფრინავს

საუდის არაბეთში, Royal Brunei Airlines-ში, ბრუნეიდან ჯიდას მიმართულებით მოძრავ თვითმფრინავზე, ისტორიაში პირველად, ეკიპაჟის სრული შემადგენლობა ქალები არიან.

ქალი პილოტის დაქირავება იმ ქვეყანაში, სადაც ქალებს ავტომობილის მართვა ეკრძალებათ, ნამდვილად დიდი მოვლენაა ავიაკომპანიისთვის.

ბრუნეის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად, მფრინავი ქალები საუდის არაბეთში ბოინგ 787-ით 23 თებერვალს ჩაფრინდნენ.

შარიფა ჰაშიმი (Sharifah Czarena Surainy Syed Hashim) სამი წლის წინ პირველი ქალი კაპიტანი იყო, ვინც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ავიაგადაზიდვების რეისებზე მუშაობა დაიწყო. 2012 წელს, The Brunei Times-ს მან განუცხადა, რომ მის პილოტობას ადამიანები „კაცური საქმიანობის კეთებად“ აღიქვამდნენ.

 „როგორც ბრუნეელი ქალისთვის, ეს ჩემთვის დიდი მიღწევა იყო. ეს იმას ადასტურებს, რომ ახალგაზრდა გოგონებს, რომლებიც ამ საქმიანობაზე ოცნებობენ, თავიანთი მიზნის განხორციელება უკვე შეუძლიათ“, – აღნიშნა შარიფამ.

კომპანია Royal Brunei Airlines მზადაა, ამ სფეროში მეტი ქალი მიიღოს. ამ მიმართულებების დასაუფლებლად, იგი იწვევს როგორც კაცებს, ასევე ქალებს.

ავიაკომპანიის ამ ნაბიჯმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა საუდის არაბეთში მცხოვრები ქალებისთვის დაწესებული აკრძალვები. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არანაირი კანონი, რომელიც ქალს ავტომობილის საჭესთან ჯდომას აუკრძალავდა, ამ აკრძალვას ადგილობრივი ღვთისმსახურები აწესებენ.