"საფარის" აქტივობები / Safe You / სიახლეები

“საფარის” იურისტი თიანეთში მცხოვრებ ქალებს ძალადობისგან დაცვის მექანიზმებზე ესაუბრა 

დღეს, 19 მაისს, “საფარის” იურისტი, თამარ ლუკავა თიანეთში მცხოვრებ ქალებს ოჯახში, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობაზე და მისგან თავდაცვის მექანიზმებზე ესაუბრა. შეხვედრა საქართველოს წითელი ჯვრის ინიციატივით გაიმართა. როგორც ორგანიზაციის თიანეთის ფილიალის მენეჯერი, თათია ტიღინაშვილი ამბობს, შეხვედრის ორგანიზების იდეა რეგიონში მცხოვრები ქალების საჭიროებებიდან გამომდინარე გაუჩნდა. კონკრეტულად, თათია ტიღინაშვილის თქმით, ადგილობრივი ქალები მასთან ძალადობის შემთხვევებზე საუბრობდნენ. კონკრეტული ქალების შესაბამის უწყებებთან გადამისამართების შემდეგ, მან გადაწყვიტა რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზება და “საფარს” დაუკავშირდა.

აუდიტორია, რომელიც საკითხით დაონტერესდა საკმაოდ მრავაფეროვანი აღმოჩნდა. შეხვედრას 40-ზე მეტი ქალი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ მოსწავლეები და მათი მასწავლებლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ქალები და ა.შ. თამარ ლუკავა მათ ძალადობის ფორმებზე, დამცავი და შემაკავებელი ორდერების მუშაობის მექანიზმებზე, ბავშვთა მიმართ ძალადობაზე. ქალები დაინტერესდნენ, შეუძლიათ თუ არა პოლიციას ანონიმურად მიმართონ; როგორ უნდა მოიქცნენ, თუ მოძალადე არღვევს გამოცემულ შემაკავებელ ან დამცავ ორდერს; ვის უნდა მიმართონ, თუ პოლიციას არ აქვს ადეკვატური რეაგირება და ა.შ.

თამარ ლუკავამ ქალებს ჩვენი მობილური აპლიკაცია Sაfe You წარუდგინა. ბევრმა მათგანმა აპლიკაცია ადგილზევე გადმოწერა და მისი გამოყენების ინსტრუქციას დეტალურად გაეცნო.