"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება

საფარი არასრულწლოვან გოგონას ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მოპოვებაში დაეხმარა

როგორც უკვე გატყობინებდით, 2020 წლის 13 მარტს, საფარს დახმარებისათვის მიმართა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა გოგონამ, 16 წლის ა. ა-მ.

გოგონა მშობლებისა და ძმის მხრიდან მძიმე ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიდა: მას უზღუდავდნენ სწავლისა და განვითარების უფლებას. მისი სახლში ცხოვრება დღითიდღე აუტანელი ხდებოდა.

გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა ა-მა დახმარებისთვის საფარს მიმართა.

“როცა მე ვაპროტესტებ ძმის ქმედებას, დედა მეუბნება, ის უფროსია, ბიჭია, უნდა დამორჩილდეო მას. გარდა ამისა, დედაჩემიც ხანდახან შეურაცხყოფას მაყენებს, მეუბნება, რომ რადგან გოგო ვარ, მე ოჯახში ნაკლები უფლებები მაქვს. მე არ მიშვებდნენ სოფელში ჩატარებულ ტრეინინგებსა თუ ღონისძიებებზე, არც – მარნეულში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე იქ ვეღარ ვიცხოვრებდი”, – განაცხადა გოგონამ.

საფარის დახმარებით, გოგონას დაცვის მიზნით შემაკავებელი ორდერები გამოიცა მისი ძმის, მამისა და დედის მიმართ.

მაგრამ, გოგონას თავშესაფარში ცხოვრება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა: ვინაიდან შემაკავებელი ორდერის ვადა 1 თვითაა განსაზღვრული, ა. ა.-სთვის საჭირო იყო მსხვერპლის ხანგძლივვადიანი სტატუსი.

საფარის მიმართვის საფუძველზე, თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა, გოგონას მსხვერპლის სტატუსი მიანიჭა, რაც საშუალებას აძლევს მას, ისარგებლოს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სხვადასხვა სერვისებით.

“რადგან მინდა, ცხოვრება დამოუკიდებლად განვაგრძო, ამისთვის მჭირდება ქართული ენის და სხვა საჭირო უნარების შესწავლა. ამ მხრივ, ძალიან დამეხმარება მსხვერპლის სტატუსის მიღება. ვთვლი, რომ ჩემი მომავლისთვის და განათლებისთვის ეს ნაბიჯი აუცილებელი იყო. ახლა მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება!”, – აცხადებს გოგონა.