საფარს მიმართა ქალმა, რომელზეც, სხვა თანამშრომლების თანდასწრებით, მისმა თანამშრომელმა და პარტნიორმა სამსახურში ფიზიკურად იძალადა, რის შედეგადაც ქალმა ტვინის შერყევა და სახის ტრავმა მიიღო. ამ შემთხვევამდე კაცი ქალზე სამი წლის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა ფსიქოლოგიურად.
საქმეში საფარის იურისტი – თამარ ლუკავა ჩაერთო. გამოძიების შედეგად კაცს ბრალი წარედგინა. საფარი აღკვეთის ღონისძიების სახით მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. რადგან ძალადობა ჩადენილია სამუშაო სივრცეში, არაერთი მოწმის თანდასწრებით, ეს დამნაშავის ძალადობრივ ბუნებაზე მიუთითებს და მისი გირაოთი გათავისუფლება ვერ იქნება აღკვეთის ღონისძიების შესაბამისი სახე, რომელიც განმეორებითი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზეწოლის რისკსაც ზრდის.
ბოლო დროს, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების საქმეზე, სასამართლო ხშირად აღკვეთის ღონისძიების მსუბუქ ფორმას – გირაოს იყენებს, რაც საფრთხეს უქმნის ძალადობის მსხვერპლი ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სწორედ ამიტომ, საფარი მივმართავთ თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოვითხოვთ, საქმე არა საერთო მიდგომით, არამედ ინდივუდუალურად განიხილოს.