"საფარის" საქმეები / სიახლეები

საფარმა ბავშვების განათლების უფლება დაიცვა

2024 წლის 19 აგვისტოს, საფარს სამი არასრულწლოვანი შვილის დედამ მიმართა, რომელიც ქმარს მათ შორის არსებული სისტემატური კონფლიქტის გამო დაშორდა და საცხოვრებლად ერთი რეგიონიდან მეორეში გადავიდა.

ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლა ბავშვებისთვის ახალ სკოლაში სწავლის დაწყებას ნიშნავდა, რაც მათ უნდოდათ და ახარებდათ, თუმცა მამა ამას ეწინააღმდეგებოდა, მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისთვის კი მისი ნებართვაც საჭირო იყო. დედის არაერთი თხოვნის მიუხედავად არასრულწლოვნების მამა ყოველგვარი მიზეზის გარეშე საჭირო წერილობითი თანხმობის გაცემაზე უარს ამბობდა.

საფართან  მომართვის შემდეგ, საქმეში საფარის იურისტი დასავლეთის რეგიონში – სალომე სალდაძე ჩაერთო. მან მოითხოვა კაცისთვის შვილებზე უფლებამოსილების შეზღუდვა და ასევე,  სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილების ნაწილობრივ შეზღუდვა, რაც იგულისხმებდა, ბავშვების ახალ სკოლაში მიყვანას მხოლოდ დედის გადაწყვეტილებით. გარდა ამისა, სალდაძე ითხოვდა, რომ სასამართლოს საქმე რაც შეიძლება მალე განეხილა. საქმის გაჭიანურებით ბავშვებს სასწავლო წლის გამოტოვება მოუწევდათ, რადგან მსგავს საქმეებზე სასამართლოში საქმის განხილვას და საბოლოო გადაყვწტილების მიღებას საშუალოდ 6 თვიდან 1 წლამდე სჭირდება. 

საქალაქო სასამართლომ საფარის არგუმენტები სრულად გაიზიარა და უმოკლეს ვადაში – 2 დღეში, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, არასრულწლოვნების მამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან წარმომადგენლობის უფლების შეშეზღუდვაზე დროებითი განკარგულება გამოსცა. საქმის განხილვა მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა ბავშვები განათლების მიღებას ახალ სკოლაში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ.