სტატიები

sHEROes – აგვისტოს ომის უხილავი გმირი ქალები

2018 წელს აგვისტოს ომიდან ათი წელი გადის. ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ფოტოწიგნი “sHEROes”, რომელიც გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ გამოსცა, არის ამბავი ამ ომის შესახებ, ამბავი, რომლის მსგავსსაც სხვაგან ვერსად ნახავთ და წაიკითხავთ. მისი მთავარი გმირები ქალები არიან, განსხვავებული წარსულის, ასაკის, პროფესიისა და გამოცდილების მქონე ქალები, რომელთა ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა, ქალები, რომლებიც იბრძოდნენ, რომელთაც ომის დღეებში არ დაუტოვებიათ ცეცხლის ალში გახვეული სოფლები და უკან არ დაუხევიათ, რომლებმაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს, ყველაზე ძვირფასი ადამიანები – შვილები, მეუღლეები, მშობლები, დები და ძმები დაკარგეს, და მიუხედავად გადატანილი ტრაგედიისა, შეძლეს, ცხოვრება თავიდან დაეწყოთ, ნანგრევებზე ახალი სახლები აეშენებინათ და სხვებსაც დახმარებოდნენ ფეხზე წამოდგომაში.

“sHEROes” სწორედ ასეთი ქალების – რუსეთ-საქართველოს ომის კულისებში დარჩენილი გმირების ამბავია, ეს არის წიგნი ომისა და მშვიდობის, სიყვარულისა და ერთგულების, კვდომისა და აღდგომის შესახებ. ეს არის საქართველოს უახლესი ისტორია – დანაკარგით, ტკივილით, ცრემლით, სისხლით, და ამავდროულად, იმედით სავსე.

“sHEROes”აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე გამოიცა. წიგნში სწორედ ამ ომის შესახებაა გადმოცემული, რომლის მთავარი გმირები ქალები არიან. განსხვავებული წარსულის, ასაკის, პროფესიისა და გამოცდილების მქონე ქალებს, რომელთა ცხოვრებაც ომმა შეცვალა, სწორედ ეს წიგნი აერთიანებთ. ქალები, რომლებიც იბრძოდნენ და ომის დღეებშიც არ დაუტოვებიათ ცეცხლის ალში გახვეული სოფლები და უკან არ დაუხევიათ. წიგნის ავტორის განმარტებით, ამ ქალებმა არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს. ,,ყველაზე ძვირფასი ადამიანები – შვილები, მეუღლეები, მშობლები, დები და ძმები დაკარგეს, და მიუხედავად გადატანილი ტრაგედიისა, შეძლეს, ცხოვრება თავიდან დაეწყოთ, ნანგრევებზე ახალი სახლები აეშენებინათ და სხვებსაც დახმარებოდნენ ფეხზე წამოდგომაში”, – განაცხადა სალომე ბენიძემ სოფელ ერგნეთში წიგნის პირველ პრეზენტაცია-ფოტოგამოფენაზე.

წიგნის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა უკვე გაიმართა თბილისში, ტყვიავში, ბათუმსა და ქუთაისში, დღევანდელი პრეზენტაცია კი გორშია დაგეგმილი. ავტორები „SHEROes“ საზოგადოებისათვის გაცნობას ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გეგმავენ.