სექსუალური ძალადობა

რეინჰარდ სინაგას ამბავი – რატომ არ უჩიოდნენ სექსუალურ მოძალადეს მსხვერპლები?

ბრიტანეთის სამართლებრივ ისტორიაში რეინჰარდ სინაგა ყველაზე საშინელ მოძალადედაა აღიარებული. მისი განაჩენის გამოცხადებისას, მოსამართლემ აღნიშნა, რომ იგი „თავისუფლებაში არასოდეს იქნება უსაფრთხოდ“, მამამისმა კი თქვა, რომ მისი შვილისთვის გამოტანილი განაჩენი – სამუდამო პატიმრობა – „მის დანაშაულებს სრულად შეესაბამება“.

სინაგა, 36 წლის დოქტორანტი ინდონეზიიდან, დამნაშავედ 159 სექსუალურ დანაშაულში ცნეს, 48 კაცის წინააღმდეგ. იგი თავის მსხვერპლებს მანჩესტერში, კლუბების ახლომახლო პოულობდა, შემდეგ მათ თავის ბინაში იტყუებდა, სადაც ნარკოტიკებით აბრუებდა. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მსხვერპლებზე სინაგა სექსუალურად ძალადობდა და ყველაფერს ვიდეოზე იღებდა.

6 იანვარს, მოსამართლემ სინაგას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

სინაგას ინდონეზიელი მეგობრები ამბობენ, რომ იგი თვალშისაცემი და პოპულარული სტუდენტი იყო. „იგი ძალიან კომუნიკაბელური, მეგობრული ადამიანი იყო, მასთან მუშაობა ხალისიანად მიმდინარეობდა“, – იხსენებს მოძალადეს ერთ-ერთი მეგობარი. გოგონამ მასთან კავშირი მას შემდეგ დაკარგა, რაც სინაგა სწავლის გასაგრძელებლად 2007 წელს ბრიტანეთში გადაბარგდა.

მოძალადეს, როგორც ჩანს, ქალაქი მანჩესტერი ძალიან მოსწონდა. იგი ოჯახს სწერდა, რომ ბრიტანეთში სამუდამოდ ცხოვრება სურდა.

მანჩესტერის გეი დასახლებასთან ახლოს მცხოვრები სინაგა თავის სექსუალურ ორიენტაციას ისე ღიად ვერ ამჟღავნებდა, როგორც ეს სხვებს შეეძლოთ. კონსერვატიულ ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილს, ამ მხრივ ცხოვრებაში ბევრი ტაბუ ჰქონდა.

მამამისი მდიდარი ბიზნესმენია, კერძო ბანკის რამდენიმე ფილიალს ფლობს. სწორედ მამის თანხებმა მისცა სინაგას საშუალება, სწავლის ფული გადაეხადა და სტუდენტის სტატუსი ჰქონოდა მთელი 10 წლის მანძილზე, მის დაპატიმრებამდე – 2017 წლის 2 ივლისამდე. მამა მას მანჩესტერის ცენტრში, პრინსეს სტრიტზე მდებარე ბინის ქირასაც უხდიდა.

სწორედ აქ იტყუებდა სინაგა თავის მსხვერპლ კაცებს.

მანჩესტერის პოლიცია დღემდე ვარაუდობს, რომ მის მსხვერპლთა რიცხვი გაცილებით დიდია, ვიდრე ეს გამოძიებისთვისაა ცნობილი. პოლიციის თქმით, მას აქვს სამხილები, რომ სინაგას, სულ ცოტა, 190 მსხვერპლი ჰყავდა. სხვა სავარაუდო მსხვერპლები განაჩენის გამოცხადების შემდეგაც გამოჩნდნენ.

ინდონეზიაში სინაგას დანაშაულის შესახებ ამბავმა შოკი და რისხვა გამოიწვია. მისი ოჯახი მედიის წარმომადგენლებმა ნამდვილი შტურმით აიღეს. ინდონეზიელების აზრით, სინაგამ მათ ქვეყანას მთელი მსოფლიოს თვალში გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა, ჩირქი მოსცხო მას. ზოგიერთმა მოძალადის სიკვდილით დასჯაც კი მოითხოვა (დიდ ბრიტანეთში მსგავსი სასჯელი უკვე 1965 წლიდანაა გაუქმებული). სხვებმა ეჭვქვეშ დააყენეს მისი ფსიქიკური მდგომარეობაც.

„ბოროტ სექსუალურ მტაცებელს“ 136 გაუპატიურების გამო, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა სინაგას დაცვის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მსხვერპლები სექსზე თანახმანი იყვნენ, და ამას „ბოდვა“ და „სისულელე“ უწოდა.

„მიაქციეთ ყურადღება: ინგლისში ტრავმების მქონე მსხვერპლებს კონსულტაციებს უწევენ, ხოლო ინდონეზიაში გაუპატიურების მსხვერპლს მუდმივად ადანაშაულებენ და არცხვენენ!“, – აღნიშნავენ ინდონეზიელები სოციალურ ქსელებში.

სინაგას ამბავმა ინდონეზიაში ჰომოფობიური განწყობებიც გაამძაფრა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ჰომოსექსუალობა აკრძალული არაა, ამ ამბის შედეგად, სინაგას საქმესთან დაკავშირებული ნიუსების საპასუხოდ, ჰომოფობიურად განწყობილმა ადამიანებმა თავიანთი აზრებით საჯაროდ მანიპულირება იწყეს. ლგბტ უფლებების ადგილობრივმა აქტივისტმა ჰარტიონომ განაცხადა, რომ შესაძლოა, ეს ქეისი გეი საზოგადოების მიმართ შეუწყნარებელი დამოკიდებულებისა და მასზე მომავალი თავდასხმების საფუძველი და საბაბი გახდეს. „მიუხედავად იმისა, რომ ეს სისხლის სამართლის საქმეა, მას არანაირი კავშირი არ აქვს დამნაშავის სექსუალურ ორიენტაციასთან. საქმე ეხება დამნაშავეს, და მე ვიმედოვნებ, რომ ადგილობრივი მედია ამას სწორად გააშუქებს“, – განაცხადა მან.

სასამართლო პროცესებზე სინაგას ბინაში გადაღებული ვიდეოჩანაწერები მტკიცებულებებად წარადგინეს.

ათობით მსხვერპლმა მისცა ჩვენება, რომ გაცნობისას, კაფანდარა, კეთილგანწყობილი გარეგნობის მქონე სინაგა მათში არანაირ შიშს არ იწვევდა. მომჩივანი მსხვერპლი კაცების დიდი უმრავლესობა ჰეტეროსექსუალი იყო. ბევრი მათგანი მანჩესტერში ცხოვრობდა, მათგან 26 თავდასხმის მომენტში სტუდენტი იყო.

მათი მონათხრობი ნათელს ჰფენს პროცესს, თუ როგორ მოქმედებდა სინაგა.

ერთ-ერთი მსხვერპლი მეგობარ გოგონას ღამის კლუბთან ელოდებოდა. მას მიუახლოვდა „აზიური გარეგნობის ტანმორჩილი ბიჭი“, რომელიც სრულიად უწყინარად გამოიყურებოდა.

ბიჭმა მომლოდინე კაცი თავის ბინაში მიიწვია და შესთავაზა, რომ თავის მეგობარს დალოდებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მასპინძელმა გამჭვირვალე სითხე დაალევინა, აღარაფერი ახსოვს.

სხვა მსხვერპლებს სინაგა შინ დამჯდარი ტელეფონის დასატენად პატიჟებდა, ზოგს – დასალევად და სასაუბროდ. ყველა ერთხმად იხსენებს, რომ თავდამსხმელს მასში ეჭვის ნატამალიც კი არ გამოუწვევია, შესაბამისად, ისინი უყოყმანოდ მიყვებოდნენ მას ბინაში. სასმელში გარეული ნარკოტიკის მიღების შემდეგ, მსხვერპლი სრულად ითიშებოდა მეორე დილამდე, როდესაც საშინელი თავის ტკივილითა და სხეულში მტვრევის შეგრძნებით დგებოდა და ბინას ტოვებდა. ზოგი ქუჩაში დაგდებული ფხიზლდებოდა, ბევრს ტელეფონი და სხვა ნივთები ეკარგებოდა, რაც, საბოლოოდ, სინაგას სახლში იქნა ნაპოვნი. როგორც დადგინდა, მოძალადე მსხვერპლთა გასაბრუებლად ნივთიერება GHB-ს იყენებდა. ეს არის C კლასის აკრძალული პრეპარატი, რომელიც ძალზე მცირე დოზებშიც კი ეიფორიის განწყობას იწვევს და რომელიც სექსუალური მოძალადეების საყვარელი იარაღია.

გამა-ოქსიზეთოვანი მჟავა (γ-Hydroxybutyric acid) ნეიროტრანსმიტერის სამკურნალო ფორმაა, რომელიც ორგანიზმში ბუნებრივი სახით გვხვდება. ნეიროტრანსმიტერები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც ნერვებს სიგნალების მიღება-გაცემაში ეხმარებიან. GHB ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებას ანელებს, რის გამოც, ადამიანი თავს უღონოდ, ძილ-ბურანში, დაბნეულად გრძნობს.

GHB-ს მცირე დოზებს პირღებინების გამოწვევა შეუძლია, მეტ დოზებს კი – გონების დაკარგვა, კრუნჩხვები, მხედველობის დაბინდვა და არსებულ სიტუაციაში სრული გაურკვევლობის შეგრძნების შექმნა.

GHB-ს დოზის გადაჭარბება ადვილია, იგი ხშირად „შინაურ“ ლაბორატორიებში იწარმოება. შესაბამისად, მისი გამოყენების შემდეგ, მსხვერპლი შესაძლოა იმდენად დაავადდეს, რომ მისი გარდაცვალებაც კი არაა გამორიცხული.

GHB უფერო და უსუნო სითხეა, ამიტომაც, ადამიანი შესაძლოა ვერაფრით მიხვდეს, რომ ნარკოტიკს იღებს.

2014 წლიდან, ბრიტანეთში მკვლელობის იარაღად GHB ხუთ შემთხვევაშია დასახელებული. ერთ-ერთი დაზარალებულის ნაამბობით, მან სინაგას ბინის იატაკზე შიშველმა გაიღვიძა, გულისრევისა და პანიკის შეგრძნებებით, და დაასკვნა, რომ რაღაც ნარკოტიკი ჰქონდა მიღებული.

პოლიციამ სინაგას ბინაში 100-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების კვალი აღმოაჩინა. თუმცა, 70-მდე ადამიანის ვინაობა დღემდე დადგენილი არაა.

2017 წლის 2 ივნისის ღამეს, სინაგა თავის უკანასკნელ მსხვერპლს მიუახლოვდა. მოზარდს ის-ის იყო, დაეტოვებინა მეგობრები ღამის კლუბში და სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად გამოსულიყო. სინაგა მას მიუახლოვდა და თავის ბინაში მისვლა შესთავაზა, რათა მეგობრებს იქიდან დაკავშირებოდა.

მოზარდს მეტი აღარაფერი ახსოვს. რამდენიმე საათში, როცა გონზე მოვიდა საშინელ მდგომარეობაში, მან ხელი კრა სინაგას. ამ უკანასკნელმა ყვირილი მორთო, ბოროტმოქმედი თავს მესხმის, მიშველეთო, და ბიჭს კბენა დაუწყო. მსხვერპლმა მას რამდენჯერმე დაარტყა, ბინიდან გაიქცა და პოლიცია გამოიძახა, რომელსაც ნაცემი სინაგა დახვდა, ნახევრად უგონო მდგომარეობაში. მოზარდი თავდასხმის გამო დააკავეს.

თუმცა, მალე მისმა საქციელმა ეჭვები გააჩინა. მისი ბინიდან წამოღებულ მობილურ ტელეფონში მოზარდის გაუპატიურების ამსახველი სრული ვიდეო აღმოჩნდა. გარდა ამისა, ბინაში ნაპოვნ სხვა ორ ტელეფონში უგონო მდგომარეობაში მყოფ ადამიანებზე სექსუალური თავდასხმების ამსახველი 800-ამდე ვიდეო იპოვეს.

სინაგა მსხვერპლებს რამდენიმე საათის განმავლობაში აუპატიურებდა. ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ ცდილობდა ზოგიერთი მათგანი მის თავიდან მოცილებას, ძალადობის პროცესში ზოგს გული ერეოდა. ბინაში აღმოჩნდა მსხვერპლებისგან ამოღებული „ნადავლი“ – ტელეფონები, საათები, პირადობის მოწმობები, საფულეები, ფოტოები, რომლებსაც სინაგა თავის პროფაილებიდან სოციალურ ქსელებში ტვირთავდა, ინტერნეტში ძებნის ისტორია.

ათობით დაკითხულმა სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა. აღმოჩნდა, რომ სინაგა თავის მეგობრებს, რომლებსაც არაფერი წარმოედგინათ მისი დანაშაულის შესახებ, გაუპატიურებული ახალგაზრდების შესახებ უამბობდა და ამას თანხმობით მიღებულ სექსუალურ თავგადასავლებად ასაღებდა.

მიუხედავად უდავო მტკიცებულებებისა, სინაგამ თავი დამნაშავედ მაინც არ ცნო ყველა 159 ბრალდებაში. ამით, მან აუცილებელი გახადა სასამართლო პროცესებზე მსხვერპლების ჩვენებები, ხოლო ნაფიცი მსაჯულები იძულებულნი გახდნენ, უამრავი საათის ფორმატის ძალადობრივი სცენების ამსახველი ვიდეოები ენახათ.

ოთხივე დაკითხვისას, სინაგას თანაგრძნობის ან სინანულის არანაირი ნიშან-წყალი არ გამოუმჟღავნებია. მისი გაბმული ღიმილი, რომელსაც მომავალი მსხვერპლები კეთილგანწყობად აღიქვამდნენ, სხვა არაფერი აღმოჩნდა, თუ არა სისასტიკის ნიშანი.

bbc.com