ქალზე ძალადობა

გაეროს ექსპერტები: ესპანეთმა მშობიარეთა ძალადობისგან დასაცავად ზომები უნდა მიიღოს

გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღკვეთის სალიკვიდაციო კომიტეტი (CEDAW) პირველად საუბრობს მეანთა მხრიდან მშობიარეების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. ამ მანკიერი პრაქტიკის გამოვლენა ესპანეთის მკვიდრის საჩივრით გახდა შესაძლებელი: მიუხედავად სამედიცინო ჩვენებების არქონისა, ექიმებმა ორსული ქალის სამშობიარო პროცესის სტიმულირება გადაწყვიტეს.

სიტუაციის გაანალიზებისას, გაეროს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ საქმე გვაქვს ძალადობასთან: მსგავსი ქმედებების შედეგად, ქალს ფიზიკური და ფსიქლოგიური ტრავმები მიადგა. ამიტომაც, ისინი ესპანეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, ორსულთა უფლებების დასაცავად ქმედითი ზომები მიიღონ.

ესპანეთის მცხოვრებმა, ვისი ვინაობაც არ სახელდება, ორსულობის მეორმოცე კვირაზე, არარეგულარული და სუსტი ტკივილებით, ქ. ლუგოს სახელმწიფო საავადმყოფოს მიმართა. ეს შეკუმშვები იყო და არა – მშობიარობა. მიუხედავად იმისა, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობდა, ექიმებმა გადაწყვიტეს, მშობიარობა ხელოვნურად გამოეწვიათ.

კომიტეტის წევრთა დასკვნაში ნათქვამია, რომ გარდა ამისა, არავის უფიქრია იმაზე, ინვაზიური პროცედურების ჩატარების ნებართვა ქალისგან აეღო. მისი ახალშობილი ინფექციის სამკურნალოდ რეანიმაციაში გადაიყვანეს. მომჩივანი ამბობს, რომ ჩვილის ინფიცირება მეანთა ქმედების პირდაპირი შედეგია. ქალმა ესპანეთშივე იჩივლა, თუმცა, გაეროს ექსპერტთა თქმით, იგი აქაც გენდერულ ნიადაგზე დისკრიმინაციას გადააწყდა.

“ქალის ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობდა, მაგრამ, რატომღაც, მასში უხეში ჩარევა გადაწყვიტეს, რაც ყველაზე ნეგატიურად აისახა მის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე”, – ნათქვამია განცხადებაში. “აუცილებელია, შეწყდეს მეანთა ძალადობა. მშობიარეები არ უნდა აწყდებოდნენ უხეშ მოპყრობასა და დისკრიმინაციას”, – აღნიშნავენ დოკუმენტის ავტორები.

ისინი ესპანეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, ქალს მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ფინანსური კომპენსაცია გამოუყოს. ასევე, მათი რეკომენტაციით, ქალთა რეპროდუქციული უფლებების შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს როგორც სამედიცინო, ასევე სამართალდამცავი სისტემების ყველა თანამშრომელს.

წყარო: ohchr.org