ოჯახში ძალადობა / რა უნდა იცოდე ძალადობაზე / სექსუალური შევიწროება / სექსუალური ძალადობა / ქალზე ძალადობა

სტალკინგის ნიშნები, რომელიც შესაძლოა, შეცდომით ყურადღების გამოვლინებად მივიღოთ

სტალკინგი ბევრისთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა. მაგალითად, აშშ-ში ადევნებას ყოველი მეექვსე ქალი და დაახლოებით 19-დან ერთი კაცი აწყდება.

საქართველოში ადევნება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა (მუხლი 151[1]).

თუმცა, მასობრივ ცნობიერებაში, სტალკინგი დღემდე რომანტიზებულია: ერთი ადამიანის მხრიდან მეორეს ადევნება, თავისი პერსონის მისთვის თავს მოხვევა და პირადი სივრცის დარღვევა ხშირად „ძლიერი სიყვარულით“ აიხსნება. მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილი დაზარალებული მხოლოდ საკუთარი შეგრძნებების ამარა რჩება – ის, რაც ვიღაცას „საყვარლად“ შეიძლება, მოეჩვენოს, შესაძლოა, სხვა ადამიანს სერიოზულად აწუხებდეს.

მაგრამ, სტალკინგს (ან, სულ ცოტა, დაჟინებულ ადევნებას), შესაძლოა, ნებისმიერი ჩვენგანი სჩადის. ამის ნათელი მაგალითია დაშორების შემდეგ ყოფილი პარტნიორის გვერდების მუდმივი თვალყურის დევნება სოცქსელებში.

მოდით, დავაზუსტოთ, ადევნების რა ფორმები შესაძლოა, შეიცავდეს ძალადობის ნიშნებს.

თქვენ მუდმივად გირეკავენ და გწერენ

რა თქმა უნდა, ყველა გაცხოველებული მიმოწერა არ გვაძლევს განგაშის ატეხვის საფუძველს. მაგალითად, საშიში არაფერია იმ სიტუაციაში, როდესაც ადამიანები ურთიერთობის დასაწყისში მუდმივად და ხანგრძლივად სწერენ ერთურთს – თუ მათ გულწრფელად აინტერესებთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ამაში არანაირი პრობლემა არ არსებობს.

სტალკინგთან დაკავშირებული სიტუაცია სხვაგვარია: მისი ერთ-ერთი მისი ხშირი გამოვლინება შემაწუხებელი ზარები და შეტყობინებებია, რომლის ავტორიც შეიძლება იყოს როგორც უცხო ადამიანი, ასევე ნაცნობი, მაგალითად ყოფილი პარტნიორი, რომელიც დარწმუნებულია, რომ შეუძლია დანგრეული ურთიერთობის ან ქორწინების გადარჩენა.

მსგავსი სიტუაციისას, დაზარალებულებმა შესაძლოა მოისმინონ მოსაზრება, რომ სტალკერი მათ უბრალოდ ყურადღებას აქცევს და რომ ეს სიტუაცია მათთვის სასიამოვნოც კი უნდა იყოს. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ასე არაა: თუ მოქმედებები მომაბეზრებელი ხდება, ადამიანს კი არ ესმის, რომ სხვის საზღვრებს არღვევს ან უბრალოდ აიგნირებს მათ, ამ შემთხვევაში, საქმე ძალადობას ეხება.

თქვენს ძველ ფოტოებსა და პოსტებს მიჯრით იწონებს

გულწრფელად ვაღიაროთ: ყველანი ვათვალიერებთ პოტენციური პარტნიორის ან იმ ადამიანის პროფილს, რომელთანაც ურთიერთობას ვაპირებთ. ხშირად, ეს უფრო უსაფრთხოების ან შესაძლო იმედგაცრუების თავიდან აცილების საკითხია – ამ ხერხით, შეიძლება ისეთი ფაქტორები აღმოვაჩინოთ, რომელიც კოკრეტულ ადამიანთან ჩვენს სრულ შეუთავსებლობას დაგვიდასტურებს.

მაგრამ, ამ მარტივ ქმედებებში სტალკინგი სხვა სისტემატურობასა და მასშტაბებში გამოიხატება. მაგალითად, თუ ადამიანი გულდასმით ამოწმებს თქვენი ცხოვრების ყველა დეტალს, ითვლის ყოფილ პარტნიორებსა და მეგობრებს. გარდა ამისა, საგანგაშო ნიშანია აურაცხელი ლაიქი ძველ ფოტოებზე. ადამიანს თქვენი გვერდი რომ აინტერესებს, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ გამუდმებული ლაიქები მომაბეზრებელი ყურადღების კიდევ ერთი ნიშანია, ისევე, როგორც დაუსრულებელი შეტყობინებები.

ნიშნავს უმცირეს დეტალებსაც კი თქვენ შესახებ

სხვა ადამიანებით და მათი ცხოვრების დეტალებით დაინტერესება სრულიად ჩვეულებრივი სიტუაციაა. ბოლოს და ბოლოს, არაფერი გასაოცარი არაა იმაში, რომ ჩვენ უფრო მეტის გაგება გვსურს იმ ადამიანზე, რომელიც მოგვწონს.

მაგრამ, სტალკინგის შემთხვევაში, მსგავსი ყურადღება უკვე სასიამოვნო კი არა, შემაშინებელი ხდება. მაგალითად, თუ თქვენი ცხოვრების დაფარული დეტალები ცნობილი გახდა იმ ადამიანისთვის, რომელსაც ფაქტიურად არ იცნობთ (თუ საქმე პირად ინფორმაციას ეხება, რომელიც ძალზე ცოტა ადამიანმა იცის). დღეს, როდესაც ჩვენ შესახებ უამრავ ინფორმაციას ვაქვეყნებთ ონლაინ სივრცეში, ღიად, გარეშე პირებისთვის იგი ადვილად ხელმისაწვდომია. თანამოსაუბრის მხრიდან თქვენი ცხოვრების დეტალების მოულოდნელი ცოდნა, შესაძლოა, იმაზეც მეტყველებდეს, რომ ყურადღებით გადევნებენ თვალყურს და რომ ადამიანმა დაფარულ ინფორმაციაზე წვდომა, მაგალითად, პაროლის გატეხვით მიიღო. ამას სასიამოვნო ყურადღებას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

ადამიანი აცხადებს, რომ „სიყვარულისთვის ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლებს“

საზოგადოებაში ძალადობის სხვადასხვა გამოვლინებას ხშირად არომანტიკულებენ. სწორედ აქედან მომდინარეობს სათაურები ახალ ამბებზე: „შეყვარებულის მიერ მოკლული“, „მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე“, როდესაც საქმე ოჯახში ძალადობას და მის უკიდურეს გამოვლინებას ეხება. კინოსა და ლიტერატურაში ხშირად შეიძლება შეგვხვდეს იდეა, რომ სიყვარულისთვის ბოლომდე უნდა იბრძოლო, მიუხედავად ბარიერებისა. რეალურ ცხოვრებაში, სტალკერები მსგავს „ბარიერად“ აღიქვამენ მათთან ურთიერთობის სურვილის არქონას, და ისინი ადევნების მეშვეობით ცდილობენ მის „გადალახვას“. ამას ძალადობის გარდა არაფერი ჰქვია.

თქვენთვის აკეთებს ბევრ რამეს, რაც არ გსურთ

მასშტაბური ჟესტები – ძვირფასი საჩუქრები, ცეცხლით დაწერილი სასიყვარულო შეტყობინებები და მსგავსი „სიგიჟეები“, შესაძლოა ვინმესთვის რომანტიკული სიყვარულის დასტური იყოს, მხოლოდ არა – თქვენთვის. ეს სტალკინგის ჩვეულებრივი გამოვლენაა. უმეტეს შემთხვევებში, ადამიანი, რომელიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება, ამ საჩუქრებს ან მოქმედებებს პირად სივრცეში შეჭრის შემაშინებელ ნიშნებად იღებს და არა – რომანტიკულ ჟესტად და ძლიერი სიყვარულის დადასტურებად.

გამუდმებით ეჩეხებით ერთმანეთს მოულოდნელად, თითქოს „შემთხვევით“

ტრადიციულად, სტალკინგად მიიჩნევა ფიზიკური ადევნება – იგი არსებობდა სოცქსელებამდე და კიბერსტალკინგამდეც და არსებობს ახლაც. ამის ერთ-ერთი შესაძლო სიგნალია „შემთხვევითი“ და პერმანენტული შეხვედრები სხვადასხვა ადგილებში. რა თქმა უნდა, არსებობს დამთხვევებიც, მაგრამ არა – მუდმივად. სტალკერები ედევნებიან მათთვის საჭირო ადამიანებს, რათა მათ ვითომ „შემთხვევით“ გადაეყარონ. სოცქსელების პირობებში, ეს განსაკუთრებით ადვილია – თქვენ უბრალოდ მონიშნავთ ფეისბუქზე, რა ღონისძიებებზე მიდიხართ, ან სად ხართ რეალურ დროში. რეალურად, ეს ძალზე შემაშინებელი და მატრავმირებელი გამოცდილებაა დაზარალებულთათვის.

დაჟინებით გთხოვენ შეხვედრას

რატომღაც, დაჟინება დადებით თვისებად მიიჩნევა. ეს ურთიერთობებსაც ეხება: ითვლება, რომ „რაინდმა კაცმა“ თავისი სატრფო უნდა მოინადიროს, მაშინაც კი, თუ ამ უკანასკნელს ეს არ სურს.

რეალობაში ეს სხვა არაფერია, თუ არა ძალადობის კულტურის პროდუქტი. ადევნების მსხვერპლი ქალები, შესაძლოა, საშინელ განგაშს განიცდიდნენ სტალკერის აკვიატებულ შეხვედრის მოთხოვნაზე. ზოგჯერ, ეს პირდაპირი აგრესიითაც სრულდება: სტალკერი გაუფრთხილებლად იჭრება იმ სივრცეში, სადაც ქალი იმყოფება, ან მას თვითმკვლელობით ან ახლობლების დაზიანებით ემუქრება, თუ მის პირობას არ შეასრულებს. ეს ყველაფერი სიყვარულზე კი არ მეტყველებს, არამედ – სხვა ადამიანის კონტროლის სურვილზე.

თქვენს გაკონტროლებას ცდილობენ

ზრუნვა ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგრამ, ხშირად იგი სხვა ადამიანის კონტროლის სურვილში ეშლებათ. მაგალითად, თუ ადამიანი წინასწარ ადგენს, სად და ვისთან იმყოფებით კონკრეტულ მომენტში, ან თქვენი დღის დეტალური განრიგის გაგებას ცდილობს. თავისთავად, კონტროლი სხვა სიტუაციის ნიშანიც შეიძლება იყოს, მაგალითად, პარტნიორული ძალადობის. მაგრამ, იგი შესაძლოა სტალკინგსაც უკავშირდებოდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, თქვენი ადგილმდებარეობის დადგენის შემთხვევაში, ადამიანი კუდში დაგყვებათ ან მოდის იქ, სადაც თქვენ იმყოფებით, მოწვევის გარეშე.