ლგბტქი / სიახლეები

სტრასბურგის სასამართლომ გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმეებზე დარღვევა დაადგინა

გუშინ, 1 დეკემბერს, ქართველი ტრანსგენდერი ადამიანებისთვის პრეცედენტული, უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: სამი ტრანსგენდერი კაცის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევა დაუდგინა.

განმცხადებლებმა ევროპულ სასამართლოს იმ მიზეზით მიმართეს, რომ მათთვის გადაულახავ წინაღობას წარმოადგენდა საქართველოში საკუთარი გენდერის სამართლებრივი აღიარება და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის მათი გენდერული იდენტობის შესაბამისი ცვლილება.

პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში პირის გენდერული იდენტობის შესაბამისი სქესის მითითების საკითხი ჯერ კიდევ 2017-2018 წლებში დადგა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებულ მოთხოვნათა დღის წესრიგში, თუმცა ამაოდ; ჩვენი ხელისუფლება ჯიუტად აიგნორებდა ადგილობრივი ტრანსგენდერი ადამიანების ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლების საკანონმდებლო გზით მოგვარებას. ამ პრობლემის გამო, ქართველ ტრანსგენდერ ადამიანებს პრობლემები ექმნებოდათ თითქმის ყველა სფეროში, სადაც პირადობის დოკუმენტების წარდგენა იყო საჭირო: საზღვრის გადაკვეთით დაწყებული, დასაქმების აუცილებელი პროცედურების გავლით დამთავრებული. იმისათვის, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის ცვლილება დარეგისტრირებულიყო, ეროვნული კანონმდებლობა, მისივე განმარტებით, პირის მიერ “სქესის შეცვლის” ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას ითხოვდა, და ეს თვითონ საკითხიც კი არ იყო დადგენილი და გარკვეული. სახელმწიფოს ამ მოთხოვნის შესრულება უმძიმესი ნაბიჯია ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, რომლებიც ისედაც უამრავ პრეპარატს იღებენ მთელი ცხოვრების მანძილზე. გარდა ამისა, არსებობს ამ ოპერაციასთან დაკავშირებული წმინდა ფინანსური პრობლემები, რის მოგვარებაც, ხშირ შემთხვევაში მატერიალურ სიდუხჭირეში მცხოვრები ადამიანებისთვის წარმოუდგენელი ფუფუნებაა. საერთო ჯამში, სახელმწიფო ტრანსგენდერ ადამიანებს დოკუმენტებში რელევანტური სქესის მისათითებლად თითქმის წარმოუდგენელ, გაურკვეველ და სრულიად შეუსაბამო პირობებს უყენებდა.

ამ და სხვა მიზეზების გამო, სტრასბურგის სასამართლოში, სხვადასხვა დროს, სამი სხვადასხვა სარჩელი იქნა შეტანილი  — ორი 2017, ხოლო ერთი – 2019 წელს. ევროპულმა სასამართლომ სამივე საქმე გააერთიანა და ისე განიხილა. ორი მოსარჩელის ინტერესებს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) წარმოადგენდა, ერთისას კი – საქართველოს იურისტთა ასოციაცია (საია).

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გუშინდელ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, უზრუნველყოს სწრაფი, გამჭირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება რეგისტრირებული სქესის მარკერის შეცვლა. ასევე, სასამართლოსთვის არ იყო მკაფიო საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომლის თანახმადაც, სქესის შეცვლა უნდა შეფასებულიყო „ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური ან/და ანატომიური კრიტერიუმებით,“ მაშინ, როდესაც ამის შესახებ საკანონმდებლო განმარტებები არ არსებობს. სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული ტერმინების გამოყენება დიდ სიფრთხილესა და სიზუსტეს მოითხოვს, რადგან თითოეული მათგანი განსხვავებულ სამართლებრივ შედეგს იწვევს. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მაგალითად, თუ სქესის ცვლილება ბიოლოგიურ კრიტერიუმით უნდა შეფასდეს, მაშინ, ვერასოდეს იქნება შესაძლებელი სამართლებრივად გენდერის აღიარება/ცვლილება, რადგან გენეტიკური სქესი სამედიცინო სახით ცვლილებას არ ექვემდებარება.

ორი მომჩივანი ტრანსგენდერი კაცის ვინაობა საჯარო არ არის, მესამე მათგანი აქტივისტი ნიკოლო ღვინიაშვილია, რომელიც წლების მანძილზე იბრძვის საქართველოში ლგბტქი ადამიანების უფლებების გასაუმჯობესებლად.

ქეთი ბახტაძე, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის იურისტი: ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ ის, რასაც საქართველოს სახელმწიფო კანონს ეძახის, სინამდვილეში კანონი არ არის. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა ამ საქმეში, რადგან საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 2014-2015 წლიდან ჯიუტად ცდილობდა ჩვენი, საერთაშორისო ორგანიზაციების და 2019 წლიდან სტრასბურგის სასამართლოს დარწმუნებას, რომ ჩანაწერი, რაც სამოქალაქო აქტების შესახებ კანონშია, გენდერის სამართლებრივი აღიარების სამართლებრივი საფუძველი იყო. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ შევძლებთ სქესზე, გენდერზე, გენდერულ იდენტობაზე და ტრანს საკითხებზე შინაარსიან საუბარს სახელმწიფოსთან. ეს დიდ სირთულეს წარმოადგენს ჩვენთვის, რადგან 2021 წელს, როდესაც ტრანს ადამიანმა სქესის დადასტურების ოპერაცია გაიკეთა და ამის საფუძველზე მოხდა მისი გენდერის სამართლებრივი აღიარება, იუსტიციის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ „ადამიანმა ბიოლოგიურად შეიცვალა სქესი“. ასეთი არგუმენტები ჰქონდათ მათ ევროპულ სასამართლოშიც და სასამართლომ პირდაპირ დაუწერა გადაწყვეტილებაში, რომ სქესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი – გენეტიკური სქესი – არასდროს იცვლება, შესაბამისად, ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც სახელმწიფო „სქესის შეცვლას ეძახის“, სინამდვილეში გენდერის სამართლებრივი აღიარებაა. პრინციპში, არაფერი ისეთი არ უთქვამს სასამართლოს სახელმწიფოსთვის, რაც მანამდე ჩვენ არ გვითქვამს ან არ დაგვიწერია. პირადად მე მაქვს დიდი მოლოდინი, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ სათემო ორგანიზაციები შევძლებთ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად დავგეგმოთ ერთობლივი სამუშაო პროცესი, რომ ერთად შევქმნათ გენდერის სამართლებრივი აღიარების კანონი და ადმინისტრაციული პროცედურა“.

თამარ ონიანის, საიას იურისტის თქმით, “აქამდე არ არსებობდა ნორმატიული ბაზა, რომელიც მოაწესრიგებდა გენდერის სამართლებრივი აღიარების საკითხებს. ამ გადაწყვეტილებით კი სახელმწიფოს უპირველესად ასეთი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება ევალება, რომელიც, თავის მხრივ, უნდა შეესაბამებოდეს კანონის ხარისხის მოთხოვნებს, კერძოდ, უზრუნველყოფდეს გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის სწრაფ, გამჭირვალე და ხელმისაწვდომ პროცედურას. გადაწყვეტილება ძალაში 3 თვეში შევა, ხოლო ამის შემდეგ სახელმწიფოს 6 თვე ექნება მინისტრთა კომიტეტის წინაშე სამოქმედო გეგმის წარსადგენად. ჩვენ ამ პროცესსაც მივადევნებთ თვალს და აქტიურად ვიქნებით ჩართულნი ამ გადაწყვეტილების კონვენციასთან შესაბამისი ფორმით აღსრულების მიზნით“.

სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში აპლიკანტებს კომპენსაციის სახით გადაუხადოს: 2 000 ევრო და დამატებით ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს, მორალური ზიანის თვალსაზრისით (სამივე აპლიკანტს), ასევე,  9 812 ევრო – ერთ-ერთი სარჩელის მომზადებაში მონაწილე ბრიტანულ ორგანიზაციას EHRAC, ადვოკატის ხარჯების ასანაზღაურებლად.