სექსუალური შევიწროება

აპსკერტინგი გერმანიაში უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია

3 ივლისს, ბუნდესტაგმა აპსკერტინგი, ანუ ფოტო-და ვიდეოგადაღება კაბის ქვეშ, სისხლის სამართლის დანაშაულთა ნუსხას მიაკუთვნა. სასჯელი ჯარიმას ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აპსკერტინგი (ინგლ. Upskirting – “ქვედაბოლოს აწევა“) – ასე ეწოდება კაბის ქვეშ შეჭყეტის მცდელობას საზოგადოებრივ ადგილებში. ქალებმა (ყველაზე ხშირად, სწორედ ისინი არიან ამის მსხვერპლნი), შესაძლოა, ვერც კი შეამჩნიონ, ისე მიეპაროთ ვიღაც და ტელეფონით კაბის ქვეშ ფოტო გადაუღოს. თუ შეამჩნევენ, ყვირილს და საშველად ხმობას აზრი არ აქვს; ჯერ ერთი, შესაძლოა, უცნობი უცებ ხალხს შეერიოს, გარდა ამისა, სექსუალური შევიწროების ეს ფორმა ყველა ქვეყანაში როდი ისჯება კანონით.

აქამდე, გერმანიაში არ იყო კანონი, რომელიც აპსკერტინგს აკრძალავდა და მის ჩამდენებს დასჯიდა. კანონდამრღვევი მხოლოდ ისაა, ვინც მსგავს ფოტოებს ან ვიდეოჩანაწერებს გაავრცელებს.

ორმა გოგონამ გერმანიის სამხრეთის ქალაქ ლუდვიგსბურგიდან, რომელთა შორის ერთ-ერთი შევიწროების ამ სახეობის მსხვერპლი ორჯერ გახდა, გადაწყვიტა, ამ პრობლემას აქტიურად შებრძოლებოდა და წარმატებასაც მიაღწია.

„ყველაზე გულისამრევი ისაა, რომ შეიძლება, ეს ქმედება ვერც შეამჩნიო, განსაკუთრებით მაშინ, თუ გადაღება ისეთ საზოგადოებრივ ადგილებში ხდება, როგორებიცაა ესკალატორი ან სუპერმარკეტი, მეტრო ან კონცერტი. შენ არაფერი იცი, რა ბედი ეწევა ამ ფოტოებს – პორნოსაიტებზე აიტვირთება თუ ინტერნეტფორუმებზე, ანდა ვიღაც თავის ჟინს მათი მეშვეობით დაიკმაყოფილებს“, – ამბობს ჰანა ზაიდელი (Hanna Seidel).

პირველად, გოგონა მსგავს სიტუაციას 13 წლის ასაკში შეეჩეხა, თავისი კლასის ბუნებაში გასეირნებისას. მაშინ სხვა სკოლის მასწავლებელმა გოგონებს ქვედაბოლოების ქვეშიდან ფოტოები ჩუმად გადაუღო. შემდეგ, 16 წლის ასაკში, მუსიკალურ ფესტივალზე, ერთმა ბიჭმა მას უეცრად კაბის ქვეშიდან ფოტო გადაუღო და ხალხში მიიმალა. მაშინ ჰანა ძალიან გაბრაზდა, რადგან თავდაცვა ვერ მოახერხა.

ჰანა ზაიდელი, იდა მარი ზასენბერგი

ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და შოტლანდიაში, აპსკერტინგის მსხვერპლებს კანონი იცავს. 2019 წელს, ინგლისსა და უელსში, ონლაინ პეტიციის წყალობით, საკანონმდებლო ჩასწორება მიიღეს, რომლის თანახმადაც, მსგავსი საქციელი ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

როდესაც ამის შესახებ გაიგო, ჰანა ზაიდელმა, თავის მეგობარ იდა მარი ზასენბერგთან (Ida Marie Sassenberg) ერთად, მსგავსი პეტიციის გერმანიაში შექმნა გადაწყვიტა. სულ 109 025 ხელმოწერა შეგროვდა, თუმცა აუცილებელი იყო 100 000-ის შეგროვება. „ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებრივი რეზონანსი, რათა სიტუაცია დაგვეძრა“, – იხსენებენ გოგონები.

პეტიციამ მართლაც დიდი რეზონანსი გამოიწვია. გოგონებზე ბევრი დაიწერა მედიაში, ისინი მიიწვიეს ტელევიზიებში. ჰანას და იდას მხარი დაუჭირეს იურისტებმაც.

„პეტიციამ სხვადასხვაგვარი რეზონანსი გამოიწვია. უპირობო თანხმობის პარალელურად, ადამიანები ზოგჯერ უბრალოდ იცინოდნენ და ამბობდნენ, რომ კაბის ნაცვლად ჯინსი უნდა ჩაეცვა ყველა ქალს“, – ამბობს იდა მარი. მისი თქმით, სოციალურ ქსელებში მათი შერცხვენის ტენდენციაც გაჩნდა – რა მახინჯები ხართ, ნუ გეშინიათ, არავის აინტერესებს თქვენი კაბის ქვეშ გადაღებაო, ასე სწერდნენ მათ. გოგონებს დიდად არ აწუხებდათ ეს ამბავი, რადგან ეს საკითხი ნამდვილად არ იყო იმ დისკუსიის საგანი, რომელიც მათ საზოგადოებაში გააჩაღეს. „ძალიან მაწუხებდა მხოლოდ ის გამოხმაურებები, სადაც 14-15 წლის გოგონები გვწერდნენ, რომ სკოლაში მსგავსი შემთხვევები ძალზე ხშირად ხდებოდა და არავის შეეძლო მათთვის დახმარების გაწევა“, – დასძინა იდა მარიმ.

„ჩვენი პეტიცია პოპულისტური მიზნებით, მუხანათურად გამოიყენეს მემარჯვენე პოპულისტებმა პარტიიდან „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომლებმაც აღნიშნეს, რომ აპსკერტინგს ევროპელები კი არა, ძირითადად მიგრანტები სჩადიან. ამ თეზისს კატეგორიულად არ ვეთანხმებით. ჯერ ერთი, არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკები, რომელიც ამ ნათქვამს ადასტურებს. მეორეც, უამრავი გამოხმაურებიდან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პრობლემას ეროვნება არ აქვს. მოძალადეც და მსხვერპლიც ძალიან მრავალფეროვანია, და ვერაფრით იტყვი, რომ ისინი უპირატესად რომელიმე ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნებიან. სხვათა შორის, იმ ორივე შემთხვევაში, რომელიც მე გადამხდა თავს, მოძალადე ძირეული გერმანელი იყო – ერთი ყოფილი მასწავლებელი, მეორე კი ულტრამემარჯვენე შეხედულებების მქონე“, – განმარტა ჰანამ.

როგორც ვხედავთ, გოგონების მიზანმიმართულმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო.

წყარო: dw.com