საფარის იმერეთის ოფისს დაუკავშირდა ქალი, რომელსაც ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების ნახევრის მისაღებად სასამართლოსთვის მიმართვა სურდა.
წყვილი 2015-2016 წლებში დაშორდა და ქალი, სამ შვილთან ერთად, საცხოვრებლად მშობლების სახლში გადავიდა. განქორწინების ოფიციალურ რეგისტრაციამდე, 2019 წელს, კაცმა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი საკუთრება თავის დას ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაუფორმა.
საფარის იმერეთის რეგიონის იურისტმა, სალომე სალდაძემ, სარჩელის მომზადებამდე ჯერ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და სადავო ქონებაზე ყადაღის დადება მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა, შემდეგ კი სარჩელი ორი მოთხოვნით მოამზადა: ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ვინაიდან ის თვალთმაქცურ გარიგებას წარმოადგენდა და საჯარო რეესტრში ქალის აღრიცხვა საერთო ქონების ნახევრის მესაკუთრედ.
საქმეზე ჩატარებულ მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე, მოპასუხემ სარჩელი ცნო, და დათანხმდა, დაეკმაყოფილებინა ყოფილი მეუღლის მოთხოვნა, მიეღო საკუთრების ნახევრის შესაბამისი ფინანსური სარგებელი. მხარეებს შორის გაფორმებული მორიგების მიხედვით, ერთად თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება გაიყიდება და მოსარჩელე ქალი ამ თანხის ნახევარს მიიღებს.