თანასწორობის პოლიტიკა

ჩინეთში ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჟურნალისტს, რომელმაც იუჰანის ამბებს ფარდა ახადა

ჩინეთში სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სამოქალაქო ჟურნალისტ ჩჟან ჩჟანს, რომელმაც COVID-19-ის პანდემიის დასაწყისში ქალაქ იუჰანში მოვლენები გააშუქა. იგი დამნაშავედ ცნეს “ჭორებისა და პრობლემების პროვოცირებაში”, – ამ ბრალდებას აქტივისტებს ჩინეთში ხშირად უყენებენ.

ჩჟან ჩჟანი მაისში დააკავეს. მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება. ქალის ადვოკატების თქმით, მისი ჯანმრთელობა ახლა საგანგაშო მდგომარეობაშია.

ჩჟან ჩჟანი შაიხაიდან იუჰანში თებერვალში ჩავიდა და პირდაპირ ეთერებსა და სიუჟეტებში ყველაფერი იმის დოკუმენტირებას შეუდგა, რასაც ქუჩებსა და საავადმყოფოებში ხედავდა. მისი რეპორტაჟები ფართოდ გავრცელდა სოციალურ ქსელებში. გამოძიების ვერსიით, ჟურნალისტმა ქალმა WeChat-ის, სხვადასხვა უცხოური მედიის, Twitter-ისა და YouTube-ის მეშვეობით, “ბოროტი ზრახვით”, იუჰანიდან ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. ჩჟან ჩჟანი ერთ-ერთია იმ რამდენიმე სამოქალაქო ჟურნალისტს შორის, რომლებსაც იუჰანში რეპორტაჟების გამო ხელისუფლება დევნის. ჩინეთის ხელისუფლების აზრით, მსგავსი რეპორტაჟები “აკნინებს მთავრობის რეპუტაციას და მის რეაქციას COVID-19-ის აფეთქებაზე”.

ლეო ლანი, ჩინური უფლებადაცვითი ორგანიზაციის CHRD-ს კონსულტანტი, ამბობს, რომ ჩჟან ჩჟანის განაჩენი უაღრესად საგანგაშოა: “ეს მძიმე სასჯელია. ჩინეთის ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაადუმოს და დააშინოს სხვა მოქალაქეები, რომლებიც იმ მოვლენებზე ხმის ამოღებას გაბედავენ, რაც იუჰანში განვითარდა”, – ამბობს იგი.

წყარო: bbc.com