"საფარის" საქმეები / სიახლეები

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მგზავრის გაუპატიურებისთვის ტაქსის მძღოლს 7 წელი მიუსაჯეს

sapari

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ქალის გაუპატიურებისთვის, ტაქსის მძღოლს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 აპრილს გამოაცხადა.

შემთხვევა 2022 წლის სექტემბერში მოხდა. დაზარალებული ქალი მეგობრებთან ერთად კლუბში იყო, სადაც ალკოჰოლი მიიღო. როგორც ამბობს, მშიერი იყო, რის გამოც მალე დათვრა და სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. საქმის მასალებში დევს კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეოკამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ გამოიყვანეს ქალი მეგობრებმა კლუბიდან და ჩასვეს ტაქსიში. ჩანაწერში გარკვევით ჩანს მანქანა და სანომრე ნიშნები. საქმეში დევს კიდევ ერთი ვიდეოჩანაწერი, რომელიც უკვე ქალის საცხოვრებელ სახლთანაა გადაღებული. ამ ჩანაწერში ჩანს, როგორ გადმოდის ქალი მანქანიდან და შედის სადარბაზოში. ჩანაწერებს შორის შუალედი რამდენიმე საათია: ქალი კლუბიდან გვიან ღამე წამოვიდა, სახლში კი დილით დაბრუნდა. სახლთან გადაღებული ვიდეოჩანაწერების მიხედვით, ქალი თავისი ფეხით გადმოდის მანქანიდან და შედის სადარბაზოში. ალკოჰოლური თრობის გამო, ქალს არ ახსოვს სად იყო და რა მოხდა მთელი ღამის განმავლობაში.

ვიდეოჩანაწერების გარდა, საქმის მასალებშია მოწმეთა ჩვენებები, ტაქსის კომპანიის აპლიკაციიდან ამოღებული მარშრუტი, სატელეფონო ზარები და შეტყობინებები. საცხოვრებელი სახლთან გადაღებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ქალი მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ იკრავს შარვლის ღილს. გარდა ამისა, ამოღებულია შემთხვევის შემდეგ ქალსა და ტაქსის მძღოლს შორის მიმოწერა, სადაც კაცი ადასტურებს, რომ გოგონა მთელი ღამის განმავლობაში მასთან ერთად იმყოფებოდა.

იურისტი, ნელი ქარელი განმარტავს, რომ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება – ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ქალი გაუპატიურების მსხვერპლია, თუმცა მის სხეულზე და ტანსაცმელზე ვერ აღმოაჩინეს კაცის ბიოლოგიური მასალა. ამის მიუხედავად, მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

იურისტი, ნელი ქარელი განმარტავს, რომ თანხმობა სქესობრივ ურთიერთობაზე უნდა იყოს ცხადი და ნამდვილი. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ქალი ვერ გასცემდა თანხმობას, რომელიც მისი ნების რეალური გამომხატველი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, შემთხვევა დაკვალიფიცირდა, როგორც გაუპატიურება, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

აღსანიშნავია, რომ გაუპატიურების შესახებ არსებული კანონი პრობლემურია და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. სამწუხაროდ, ქართული კანონმდებლობით გაუპატიურებად ითვლება მხოლოდ ისეთი შემთხვევები, რომლებიც ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით მოხდა. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაში გაუპატიურების გამოძიება თანხმობის არარსებობას ეფუძნება. თანხმობა, თავის მხრივ, ნიშნავს თავისუფალი ნების საფუძველზე გამოხატულ, ცხად და აშკარა დასტურს სქესობრივ აქტზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ალკოჰოლური თრობა უმწეო მდგომარეობად ჩაითვალა და შესაბამისი განაჩენიც დადგა. თუმცა, პრაქტიკაში არსებობს მთელი რიგი შემთხვევები, როცა სქესობრივ აქტზე რეალური თანხმობა არ არის გაცემული, თუმცა ქართული კანონმდებლობა მომხდარს გაუპატიურებად არ აკვალიფიცირებს. შესაბამისად, დამნაშავეები არ ისჯებიან. ამიტომ, მნიშვნელოვანია კანონის ცვლილება და გაუპატიურების დაფუძნება თანხმობის არარსებობაზე. უნდა გავითვალისწინოთ, რომ თანხმობად ვერ და არ ჩაითვლება დუმილი და/ან წინააღმდეგობის არგაწევა.