ადრეული ქორწინება

“ადრეული ქორწინების პრევენცია – მომხსენებელთა ტრეინინგი” – „საფარი“ ქვემო ქართლის ახალგაზრდებთან მუშაობას განაგრძობს

18-21 სექტემბერს, “საფარის” ორგანიზებით, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში, “ადრეული ქორწინების პრევენცია – მომხსენებელთა ტრეინინგი” ჩატარდა.

ტრეინინგი ჩატარდა პრეზიდენტის ფონდისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დაფინანსებით, პროექტის „ადრეული ქორწინების პრევენცია ქვემო ქართლში“ ფარგლებში.

პროექტი გულისხმობს ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების კამპანიიის წარმოებას ქვემო ქართლის 90 სკოლაში, ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით. ქვემო ქართლის სკოლები „საფარის“ ყურადღების ცენტრში იმიტომ მოექცა, რომ აქ მაღალია ადრეული ქორწინებების რიცხვი.

დასახელებული პროექტის ფარგლებში,  ადრეული ქორწინების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, სკოლებში ტრეინინგების ჩასატარებლად, უფროსკლასელების ტრენერებად, “საფარმა“ 20 აზერბაიჯანელი ახალგაზრდა დაატრეინინგა.

ტრეინინგის მონაწილეებმა ადრეული ქორწინებისა და გენდერის საკითხებში საბაზისო ცოდნა მიიღეს. ექიმმა ლელა შენგელიამ რეპროდუქციული უფლებებისა და ადრეული ქორწინების სამედიცინო ასპექტების, გენდერის სპეციალისტებმა გიორგი ურჩუხიშვილმა და თამარ ცხადაძემ ადრეული ქორწინების შედეგების, გენდერისა და ფემინიზმის, ხოლო  იურისტებმა ბაია პატარაიამ და მარი კურტანიძემ სტამბოლის კონვენციის, ქართული კანონმდებლობისა და ადრეული ქორწინებასთან გამკლავების სახელმწიფო ბერკეტების შესახებ ისაუბრეს.

გარდა ამისა, ტრეინინგის მონაწილეებმა იმუშავეს ეფექტური პრეზენტაციის შექმნაზე, ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე კომუნიკაციის სპეციფიკის დახვეწაზე.

ოქტომბრის დასაწყისიდან, ტრეინინგის მონაწილეები ქვემო ქართლის სკოლის მოსწავლეებთან (9-12 კლასელებთან) იმუშავებენ. შედეგად, მოსწავლეები გაიცნობენ ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებულ პრობლემას და მისი პრევენციის შესაძლებლობებს, ასევე ექნებათ ინფორმაცია, თუ ვის უნდა მიმართონ მსგავსი პრობლემის არსებობისას.