"საფარის" აქტივობები

გაუპატიურების მსხვერპლი უკრაინის მოქალაქე ქალი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

sapari

საქმის გახმაურებიდან რამდენიმე საათში, თითქმის ერთთვიანი ლოდინის შემდეგ, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო გაუპატიურების მსხვერპლი ქალი. შესაბამისი დადგენილების ჩაბარების შემდეგ “საფარს” შესაძლებლობა ექნება გაეცნოს საქმის მასალებს და უფლებამოსილების ფარგლებში, ჩაეროს გამოძიების პროცესში. დაზარალებული ქალის ინტერესებს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ორგანიზაციის იურისტი, თამარ ლუკავა იცავს.

აღნიშნული საქმის შესახებ ინფორმაცია “საფარმა” 7 აპრილს გაასაჯაროვა. თამარ ლუკავამ და ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ სპეციალურ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას დეტალურად მიაწოდეს ინფომაცია მომხდარის შესახებ. კერძოდ, ის, რომ შემთხვევა მიმდინარე წლის იანვარში, ბათუმში მოხდა; პოლიციისთვის მიმართვის შემდეგ ქალი არაერთხელ გამოკითხეს, მათ შორის ერთ-ერთის დღეს პროცესს არ ესწრებოდა თარჯიმანი, რის გამოც მას მოუწია ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომლის შინაარსსაც არ იცნობდა; საქმის გაჭიანურების შემდეგ ქალმა დახმარების თხოვნით “საფარს” მიმართა. ჩვენ ბათუმის პროკურატურას ქალის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით თითქმის ერთი თვის წინ მივმართეთ, თუმცა უწყებისგან ოფიციალური პასუხი იქამდე ვერ მივიღეთ, სანამ საქმე არ გავახმაურეთ. პრესკონფერენციიდან რამდენიმე საათში გვაცნობეს, რომ ქალი დაზარალებულად ცნეს.

დაზარალებულად ცნობის გარდა, ამ ეტაპზე, ჩვენ მოვითხოვთ საქმეზე გამოძიება აწარმოოს ბათუმის პოლიციის სამმართველომ, რადგან არ ვენდობით იმ განყოფილების პოლიციელებს, რომლებმაც უკრაინის მოქალაქე ქალი თარჯიმნის გარეშე გამოკითხეს; ასევე, ვითხოვთ, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა სავარაუდო დამნაშავეების მიმართ.

საქმის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მოუსმინეთ პრესკონფერენციას.